ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის დაანგრევენ ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას ფიროსმანზე

30.01.2022 • 2962
როდის დაანგრევენ ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას ფიროსმანზე

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობასთან კომპანია „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს. შენობა და ტერიტორია „ორბს“ აჭარის მთავრობამ 2 წლის წინ პირობებით მიჰყიდა. კომპანიამ სკოლის შენობა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა დაანგრიოს.

სკოლის შენობაში სპორტული სექციებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სამია დარჩენილი – კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის. სასპორტო სკოლის ადმინისტრაცია და სექციები ახალი სპორტული კომპლექსის შენობაში, ლეონიძის ქუჩაზე უნდა გადავიდნენ. სკოლის დირექტორის თქმით, ახალ შენობაში „მალე გადავლენ“.

სწორედ შენობის დაცლის შემდეგ აქვს უფლება „ორბს“ ის დაანგრიოს.

სასპორტო სკოლა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს / 30.01.2022 /

„როდის გადავალთ [ლეონიძის ქუჩაზე] ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ, თუმცა, ტესტირების რეჟიმში ვართ. მივლინებული გვყავს ტექნიკური ჯგუფი, ინჟინრები, რომლებიც იქ ამოწმებენ ყველაფერს, რათა, როცა გადავალთ, პრობლემა არ შეგვექმნას. როგორც ვიცი, მალე გადავალთ. რაც შეეხება ღობეს, რომელსაც ახლა ავლებენ, ვერაფერს გეტყვით, ეს მათი [„ორბის“] საკუთრებაა უკვე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სპორტის არცერთ სახეობას, ვიდრე ალტერნატიულ შენობაში გადავალთ, ფიროსმანის ქუჩაზე არ შეექმნება არანაირი პრობლემა, ერთი წამითაც კი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირმა ნიჟარაძემ, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორმა.

სასპორტო სკოლა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე / 30.01.2022 /

რაც შეეხება ახალ სპორტულ კომპლექსს ლეონიძის ქუჩაზე, მისი მშენებლობა, როგორც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“ გვითხრეს, 2022 წლის თებერვლის ბოლომდე მთლიანად უნდა დასრულდეს. სასპორტო სკოლიდან კი, ინვენტარის ახალ შენობაში გადატანა დაწყებულია.

  • აჭარის პროექტების მართვის კომპანია ამჯერად ახალი შენობის მიმდებარედ ავტოპარკინგის მოსაწყობად ხელშეკრულებას აფორმებს. ხელშეკრულების დასადებად, სატენდერო კომისიამ მოიწვია შპს „იბერია-ჯ“, რომელიც პარკინგს 425 ათას ლარად მოაწყობს. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 20 დღეში უნდა დასრულდეს.
  • ამავე სპორტული კომპლექსის დარბაზებისთვის [თავისუფალი ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნება, კრივი] ანაკრები ლითონის ტიხრების [ბარიერ-მოაჯირების] მოწყობაზე პროექტების მართვის კომპანიას კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული 34 894 ლარით. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 4 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში უნდა დასრულდეს.

ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 66 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული.

სპორტსმენების ვარსკვლავები სასპორტო სკოლის შენობის შესასვლელში / შენობა აჭარის მთავრობამ გაყიდა და მას დაანგრევენ / 30.01.2022

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა [„ბასკოს“ შენობა] და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 2020 წლის ივლისში, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად იყიდა „ორბი ჯგუფი ბათუმმა“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა. „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს, მის ადგილზე კი, მაქსიმუმ 5 წელში, ანუ 2025 წლის აგვისტომდე აამოქმედოს მრავალფუნქციური კომპლექსი [რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს]; რაშიც არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/291047/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: