ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. უკვე რამდენიმე თვეა მოსაცდელები არაა დამონტაჟებული იმ გაჩერებებზეც, სადაც მოსაცდელები ადრე იდგა, თუმცა ზოგი ახლის ჩანაცვლების მიზნით აიღეს, ზოგი კი დაზიანდა.
„ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი და დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაცია. გრძელდება ავტობუსების მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან 28 იანვარს.
„მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში“, კონკრეტულად რამდენი მოსაცდელი, რომელ მისამართებზე და რა ვადაში უნდა დაიდგას, შესაბამისი გეგმა-გრაფიკი მერიისგან ვერ მივიღეთ.
ქალაქში მოსაცდელების მოვლა-პატრონობა კერძო კომპანია „ალმაზეა“ გადაცემული. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.
კომპანიას ასევე უფლება აქვს, ბათუმის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ექსკლუზიურად განათავსოს რეკლამა.
ამავე თემაზე:
„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება