მთავარი,სიახლეები

ბათუმში გახარიას პარტიის წევრმა ნინო ბაციაშვილმა საკრებულო დატოვა

24.01.2022 • 2548
ბათუმში გახარიას პარტიის წევრმა ნინო ბაციაშვილმა საკრებულო დატოვა
ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“ ნინო ბაციაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის ბათუმის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიიდან არ მიდის. ჭადრაკში დიდოსტატი ბაციაშვილი ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქვეყანას ტოვებს.

„ვიცი, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა და ასევე მოულოდნელი იქნება ის გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგახსენებთ. თუმცა ჩემი, როგორც მოქმედი მოჭადრაკის სვლები, განპირობებულია პოზიციური გარემოებებით და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით.

ჩემი მიზანი იყო და რჩება ჩემი წვლილი შევიტანო დღეს საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად, საზოგადოების ერთიანობის და მოქალაქეების ერთმანეთთან დაახლოებისათვის. 

ქალაქის კეთილდღეობისთვის ჩემი წვლილის შეტანის, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სიღარიბის აღმოფხვრის, ეკოლოგიის გადასარჩენად – ვიყარე კენჭი პარტია საქართველოსთან ერთად გასული წლის არჩევნებზე და მოვხვდი ბათუმის საკრებულოში. სწორედ, პარტია “საქართველოსთვის” მესახება იმ ძალად, რომელიც დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყანაში პოლარიზების შემცირებაში, და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენც გვეღირსება ევროპული ტიპის დემოკრატიული, კოალიციური მმართველობა“, – წერს ფეისბუქზე ნინო ბაციაშვილი.

 ის ამავე პოსტში ამბობს, რომ  გახარიას პარიის წევრად რჩება, თუმცა ქვეყანას პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ტოვებს.

„მე, რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო, გავაგრძელებ ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. გამარჯვებით – რომლის მიზანიც მხოლოდ ძლიერი ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეებია.

ასევე, ჩემი საჭადრაკო კარიერა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას მთელს მსოფლიოში, ხშირად მოითხოვს – სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით დავტოვო ქვეყანა.

მე ზუსტად ვაცნობიერებ, რომ ორივე საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც არ მსურს, რომელიმე დავაზიანო.

სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ბათუმის საკრებულო, რადგან:

  • ბათუმი და ბათუმელები იმსახურებენ საკრებულოს თითოეული წევრისგან მაქსიმალურ ჩართულობას და თითოეული პრობლემის გულთან მიტანას. იმედია, ეს ჩემი გადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთხელ დააფიქრებს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, რომ ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი თანაქალაქელები და ქალაქის ბედი არ უნდა გადავაყოლოთ პოლიტიკურ ქიშპობას, ან პირად სურვილებს!
  • განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე მიმდინარეობს ენით აღუწერელი ზეწოლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესების დაცვა ბათუმის საკრებულოში ხდებოდეს აქტიურად და ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, პირიქით – ჩვენი პარტია ყოველთვის იდგება ხალხის სამსახურში და ამას ვერაფერი/ვერავინ შეცვლის!“

ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ მას ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის სხვა წევრი შეცვლის და ეს წევრი ქალი იქნება.

„ხოლო იქ, სადაც ჩემი ჩანაცვლება ცოტა რთულია, გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველა საერთაშორისო ტურნირზე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო ქართული სპორტის ისტორიაში“, – წერს ნინო ბაციაშვილი ფეისბუქზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: