განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ უნდათ ბსუ-ს სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლა? – 5 მოსაზრება

21.01.2022 • 2733
რატომ უნდათ ბსუ-ს სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლა? – 5  მოსაზრება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობისა და ასაკის სტუდენტები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, წასვლის სურვილის ძირითად მიზეზად განათლებას ასახელებენ.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ საქართველოში და მათ შორის ბსუ-შიც, განათლების დონე არ არის მაღალი და სწავლის პერიოდში მათ არ ეძლევათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანისა და გამოყენების შესაძლებლობა. 

ეს სტუდენტები საზღვარგარეთ წასასვლელად უკვე ემზადებიან და უცხო ენაში დამატებით მეცადინეობენ

„უნივერსიტეტში არ არის დისკუსიები. ვიღებთ ნიშნებს და მორჩა“

ცირა კახაძემ ბსუ-ში 100-პროცენტიანი გრანტით ჩააბარა ინგლისურ ფილოლოგიაზე. ცირა 20 წლისაა, უკვე მესამე  კურსზე სწავლობს და სახელმწიფო სტიპენდიას პირველი კურსიდან დღემდე ინარჩუნებს.

ცირა კახაძე

ცირას საზღვარგარეთ წასვლის სურვილი ჯერ კიდევ სკოლის დამამთავრებელ კლასებში გაუჩნდა. 

„სწავლის ხარისხი საქართველოში დაბალია. ამაზე მეტყველებს რეიტინგში ჩვენი უნივერსიტეტების ადგილი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის. ვფიქრობ,  ამას ის იწვევს, რომ საზღვარგარეთ მეტად ზრუნავენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.  არ არიან, ასე ვთქვათ, „ნიშნებზე ჩაციკლული“, როგორც სტუდენტები, ისე ლექტორები და ყურადღებით ეკიდებიან მათ საქმეს, რომელსაც მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით არ აკეთებენ. 

უნივერსიტეტში არ არის დისკუსიები. უბრალოდ შევდივართ სემინარზე, ვაბარებთ რაც გვაქვს წაკითხული, ვიღებთ ნიშნებს და მორჩა. არ ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, არ ვმართავთ დებატებს. 

ერთადერთხელ მახსოვს, პირველ კურსზე გვქონდა დებატები. მას შემდეგ აღარ გვქონია დებატების შესაძლებლობა. სილაბუსში ეს ყველაფერი გაწერილია, თუმცა ნაკლებად მივყვებით სილაბუსს. არ ვამბობ, რომ ეს ან მხოლოდ ლექტორების ბრალია, ან სტუდენტების. ორივე მხრიდან მონდომებაა მთავარი. 

სტუდენტების გაერთიანებაა ცვლილებისთვის საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, ნაკლებად აქვთ სტუდენტებს ცვლილებების სურვილი, რადგან ეს მათთვის პირდაპირ ასოცირდება სწავლის პროცესის გართულებასთან და უმრავლესობას ურჩევნია მარტივად ისწავლოს. 

ყველა საგანს თავისი სპეციფიკა გააჩნია და თავის მიდგომას საჭიროებს. აი, მაგალითად, ძალიან უკმაყოფილო ვარ – ერთი წელი ვსწავლობდი საგანს – „დასავლეთ-ამერიკული და ევროპული ლიტერატურის ისტორია“, სადაც მხოლოდ მასალის ახსნა და თეორიის ჩაბარება ხდებოდა. ამ საგნის ფარგლებში პარალელურად ვკითხულობდით წიგნებს. დამაკლდა, რომ  სათანადოდ არ განვიხილავდით წაკითხულ წიგნებს და არ გვეძლეოდა შესაძლებლობა, გაგვევლო პარალელი წიგნის შინაარსსა და მისი შექმნის პერიოდს შორის. ვსწავლობდით  განცალკევებით, რაც უნდა ყოფილიყო ერთად და ერთმანეთთან მიმართებაში. 

შესაძლოა, სტუდენტს გაუჭირდეს ამ კავშირის დაჭერა და სწორედ იმისთვისაა ეს საგანი, რომ გზა მოგცეს. ვფიქრობდი კიდეც მაგისტრატურაში ლიტერატურა ჩამებარებინა, თუმცა ამ დანაკლისის გამო გადაწყვეტილების შეცვლას ვაპირებ“, – ამბობს ცირა. 

ცირა გერმანულსაც სწავლობს. იგი რამდენიმე წლით გეგმავს წასვლას უცხოეთში. ამბობს, რომ უნდა, სხვა ქვეყანაში შეძენილი ცოდნა, უნარ-ჩვევები, გამოცდილება საქართველოს მოახმაროს. 

ცირა უნივერსიტეტში პრაქტიკული ნაწილის ნაკლებობაზეც საუბრობს: 

„ინგლისური ენის მომავალი სპეციალისტი ვარ. მესამე კურსზე გადავედი და ჯერ არ მქონია უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, ტრენინგ კურსი, საჩვენებელი გაკვეთილები ან რამე სხვა, რაც დამეხმარებოდა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ CV-ში მიმეთითებინა, რომ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება და შემიძლია ბავშვებთან მუშაობა. 

შესაძლოა დამამთავრებელ კურსზე იყოს რაღაც პრაქტიკული ნაწილი, მაგრამ ვფიქრობ, ეს უნდა იყოს, I, II, III კურსებზეც, რადგან არ ვსაუბრობთ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც შესაძლებელია მარტივად შეიძინოს ადამიანმა. შესაძლოა საერთოდაც არ არის მასწავლებლობა ჩემი მოწოდება და მეოთხე კურსზე რატომ უნდა ვიგებდე ამას?! 

რამდენიმე პროექტში ვცადე მონაწილეობა და არ ვაპირებ დანებებას. ვაკვირდები პროგრამებს, რათა ვიპოვო ჩემზე მორგებული პროგრამა. წავიდე საზღვარგარეთ იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრებს გადავაბიჯო – მხოლოდ ასე არ არის. 

მინდა რეალური  ცოდნა მივიღო. ვაკვირდები მოთხოვნებს, საქართველოში ვცდილობ დავესწრო ტრენინგებს, აქტივობებში, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩავერთო, რათა ჩემი აპლიკაცია განხილვისას შესამჩნევი გახდეს“, – ამბობს ცირა. 

„ბათუმელებთან“ საუბრისას ცირა დასაქმების ბაზარსაც ეხება. მისი თქმით, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საზღვარგარეთ უნდა წასვლა.იგი ამბობს, რომ ბევრი სტუდენტი იცის, რომლებიც მუშაობენ, რის გამოც ვერ ესწრებიან ლექციებს, სემინარებს და ჩამორჩენები აქვთ. 

„შენი მიმართულებით რომ დასაქმდე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიან იშვიათია, თუნდაც სტაჟირების პროგრამების პოვნა, რომ პროფესიაზე, რომელსაც ვსწავლობთ, რაღაც მეტი გავიგოთ და შევიმეცნოთ“, – ამბობს ცირა კახაძე. 

„განათლება ურთიერთობაა და არა მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ რაღაცები წაგიკითხოს“

საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს ბსუ-ს III კურსის სტუდენტი ანდრო თავართქილაძე, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. 

ანდრო თავართქილაძე

„ქვეყანაში არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი სოციალური გარემო და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. 

კარგი განათლება უკეთესი სოციალური გარემოსთვის გვჭირდება, სადაც ყველასთვის ღირებული საქმის კეთებას შეძლებ. განათლებას იღებ, რომ მეტ-ნაკლებად ეკონომიკური უზრუნველყოფას მიაღწიო. 

საზღვარგარეთ წასვლა მას შემდეგ მინდა, რაც გავიაზრე, რომ საქართველოში არაფერი გამოვიდოდა. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე დავიწყე ამაზე ფიქრი და როცა გავიგე რა მდგომარეობაც იყო ქართულ უნივერსიტეტებში, მას შემდეგ უკვე მიზნად დავისახე. 

საზღვარგარეთ მინიმუმ პროფესიული გამოცდილების მიღება მაინც უნდა მოვახერხო.

ბსუ-ში ბევრი ლექტორია, რომლებიც ვეღარ ერგებიან თანამედროვე ტემპს. ცხოვრების წესი იცვლება, განათლება ურთიერთობაა და არა მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ რაღაცები წაგიკითხოს. ეს არ არის ბსუ-ში. 

ახალგაზრდა ლექტორებმა იციან როგორ მიუდგნენ სტუდენტებს, მაგრამ მათთან ცოდნის პრობლემაა, ურთიერთობა შეუძლიათ, მაგრამ ცოდნა არ აქვთ. ჩიხში ვარ, სტუდენტები ბედის ანაბარა ვართ დარჩენილები, ქვეყანა – ჩვენს ანაბარა და ღმერთმა იცის, სადამდე მივალთ“, – ამბობს ანდრო თავართქილაძე. 

ანდრო უკვე 2 წელია რაც საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს და ქვეყნებიც შერჩეული აქვს, სადაც სურს წასვლა – დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტის თქმით, სტუდენტებს არ აქვთ ბათუმში დისკუსიის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე, რაზეც ძალიან წუხს.

ანდრო დასაქმების პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში არ არის ბევრი სამუშაო ადგილი და შესაბამისი ანაზღაურება. იგი ამბობს, რომ რამდენიმე მისი მეგობარი სამსახურიდან სწორედ ამ პრობლემების გამო წამოვიდა. 

„ბათუმში არ არის სამუშაო ადგილები, სადაც სტუდენტები დასაქმდებიან, არც კი გვისმენენ. ყველგან ნაცნობია საჭირო. აი, მაგალითად ჩემი მეგობარი სადაც მუშაობს, თანამშრომლებს ახალი უფროსი ათავისუფლებს მხოლოდ იმიტომ, რომ თავის ნათესავებს ასაქმებს. 

ბათუმში არ არის ახალგაზრდაზე მორგებული გარემო, ძალიან კომპლექსურია ყველაფერი. როცა ვუყურებ სხვა ქვეყანაში როგორ ცხოვრობენ ჩემი ასაკის ადამიანები და ჩვენი და მათი ყოფის სურათებს ერთმანეთს ვადარებ, ვხვდები, რომ ჩვენ საერთოდ არ ვცხოვრობთ”,- ამბობს ანდრო.

იგი დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ აუცილებლად წავა. ამბობს, რომ ჯერ არ იცის, საცხოვრებლად დარჩება უცხოეთში თუ დაბრუნდება, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, დარჩენას საზღვარგარეთ ამჯობინებს. 

ანდრო ახლა ინგლისურ ენას გაძლიერებულად სწავლობს და სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს ეცნობა.

„ნაკლებად მრავალფეროვანი საგნები ისწავლება უნივერსიტეტში“

ბსუ-ს კომპიუტერული მეცნიერების III კურსის სტუდენტი ედგარ აბასო ამბობს, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროფესიის არჩევაზე სერიოზულად დაიწყო ფიქრი. 

ედგარ აბასო

„საზღვარგარეთ იმიტომ მინდა წავიდე, რომ ჩემთვის საინტერესო პროფესია ბსუ-ში არ ისწავლება. ხელოვნური ინტელექტი, როგორც ასეთი, ახლა შემოვიდა, ლაბორატორიაც ახლა შეიქმნა ბსუ-ში, რომელიც ჯერ-ჯერობით არ გამოიყენება. 

ბსუ ვერ მაძლევს გარანტიას, რომ მე ჩემი პროფესიით დავსაქმდები. მე ვთვლი, რომ საზღვარგარეთ შეძენილი გამოცდილება მომცემს მყარ ცოდნას, რომლის დადასტურებასაც ნებისმიერ სიტუაციაში შევძლებ. 

ჩემი აზრით, ბსუ-ში ადმინისტრაციული უწესრიგობაა. ამის პირველი მიზეზი ის არის ჩემთვის, რომ საგნების არჩევის უფლება არ გვაქვს. თუ 15 სტუდენტი არ აგროვდება ერთ საგანზე, ამ საგანს ვერ გავდივართ, ვგულისხმობ, მაინორისა და სპეციალობის არჩევის პროგრამებს. ნაკლებად მრავალფეროვანი საგნები ისწავლება უნივერსიტეტში“, – ამბობს ედგარი. 

ედგარის შეფასებით ბსუ-ს ჰყავს კვალიფიციური კადრებიც, მაგრამ მათი ნაკლებობა შესამჩნევია და ამ ყველაფერს ემატება ის გარემოება, რომ პროგრამა “კომპიუტერული მეცნიერებები” თანამედროვე მიდგომებს ითხოვს, რადგან ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება.

ახლა ედგარ აბასო აქტიურად ეძებს გაცვლით პროგრამებს, რაც დასახული მიზნის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. აქამდეც ბევრგან გააგზავნა მონაცემები, რამდენჯერმე არ გაუმართლა, თუმცა მცდელობა არ დააკლო და სულ მალე პოლონეთში გაემგზავრება ერთი სასწავლო სემესტრის გასავლელად. 

„ველოდები, რომ საზღვარგარეთ ერთი სემესტრის გავლა უფრო მრავალფეროვან ცოდნას მომცემს. 

მინდა ვნახო, როგორ მუშაობს ხალხი პროგრამირების მიმართულებით, რისი შესაძლებლობაც აქ არ მაქვს. ამასთან, შევძლებ მონაწილეობა მივიღო საინტერესო ჰაკათონებში, რაც ძალიან მაინტერესებს და ვფიქრობ, თუ საქართველოშიც მომრავლდება ამ სახის აქტივობები, ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, მათი უნარების გამოკვეთისთვის.

სტუდენტური, დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობაა ეს ჩემთვის. მინდა სხვა ქვეყნის ახალგაზრდები და მათი ცხოვრების წესი გავიცნო, თუმცა საზღვარგარეთ წასვლის მთავარი მიზეზი ჩემთვის განათლებაა“, – ამბობს 20 წლის ედგარი.

„წასვლა რთულია, მაგრამ რთულია დარჩენაც“

ბსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის კიდევ ერთი სტუდენტის, ნინო ყაჭეიშვილის მიზანი აშშ-ში წასვლაა. 

ნინო ყაჭეიშვილი

ნინო ინგლისური ფილოლოგიის  III კურსის სტუდენტია. იგი ამბობს, რომ სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება ბევრისთვის სტრესულია. მისი თქმით, ახლა რომ ამთავრებდეს სკოლას, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ერთი წელი შეისვენებდა და იფიქრებდა, თუ რისი კეთება უნდა სამომავლოდ. 

„ბავშვობიდან მინდოდა განათლება საზღვარგარეთ მიმეღო.  ხარისხიანი განათლება, რომელიც ყველგან დამიფასდება და შევძლებ პროფესიაში განვითარებას.

უნივერსიტეტში 18 წლის ბავშვები ვაბარებთ, გვიწევს პროფესიის არჩევა, რომელსაც ბევრი ირჩევს. ინგლისურ ფილოლოგიაზე რომ ჩავაბარე, აბსოლუტურად სხვა რაღაცები მაინტერესებდა, მაგრამ ჩემი ინტერესების მიმართულებით ფართო და დიდი არჩევანი არ გვაქვს საქართველოში და სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე ალტერნატიული გზების მოძიება დავიწყე. 

გარდამტეხი პერიოდები ყოველთვის არის. ამა თუ იმ სპეციალობაზე ჩაბარებამდე უბრალოდ წარმოდგენით იცი, რომ, აი, მაგალითად, მე თუ ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩავაბარებ, მეცოდინება ინგლისური კარგად, მაგრამ რეალურად ბევრი ნიუანსია, რომელიც აუცილებელი,  რომ  ფილოლოგმა კარგად იცოდეს. მერე ვხვდებით, რეალურად რა გვინდა“, – ამბობს ნინო. 

ნინოს თქმით, უნივერსიტეტში ჩაბარებისას სულ სხვა წარმოდგენები ჰქონდა სწავლის პროცესზე, მაგრამ არსებული სურათი სხვაგვარი აღმოჩნდა.  

„ჩემი შეფასებით, საქართველოში სწავლის დონე საშუალოზე უფრო დაბალია.  

უცხოეთში დარწმუნებული ხარ, რომ შენი შრომა რასაც უნივერსიტეტში, სწავლის პროცესში დებ, აუცილებლად დაფასდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იცი, რომ შენი პროფესიით შეგიძლია დასაქმება და სწავლის დასრულების შემდეგ არ აღმოჩნდები სხვაგან. ჩემი შეფასებით საქართველოში არ ფასდება შრომა რომელსაც სწევ. 

საზღვარგარეთ წასვლა, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ რთული ყველაფერია.  საქართველოში დარჩენაც რთულია, რაღაც უნდა გააკეთო, რომ იარსებო“.  

ახლა ნინო Ringling College of art and design-ში გადის ფოტოგრაფიის 2 წლიან პროგრამას ონლაინ  და იმედი აქვს, რომ მალე მოახერხებს საზღვარგარეთ წასვლას.

„სწავლისას პრაქტიკული ნაწილი გვაკლია“

ქეთო ქონდარიძე ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების III კურსის სტუდენტია. იმისთვის, რომ ქეთომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეძლოს უნივერსიტეტის გაცვლითი, Erasmus + პროგრამით, ინგლისურში დამატებით დაიწყო მეცადინეობა რეპეტიტორთან. მისი თქმით, საზღვარგარეთ წასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ძალიან ბევრი სტუდენტი ცდილობს წასვლას და მაღალი კონკურენცია.

„ვფიქრობ, რომ ჩვენს განათლების სისტემაში პრობლემებია. ამ სისტემით არ უნდა ხდებოდეს განათლების მიცემა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

პრაქტიკული ნაწილი გვაკლია. ბევრ თეორიას ვიღებთ, ხანდახან ისეთ თეორიებს, რომელიც სრულიად გამოუყენებელია, პრაქტიკულ ნაწილში კი გაჩერებულები ვართ.

ასევე, სკოლის დამამთავრებელ კლასებში გამოცდების გაუქმება არასწორი მგონია“, – ამბობს ქეთო ქონდარიძე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: