მთავარი,სიახლეები

შავი ზღვის ორაგული აჭარაში „ხელვაჩაური 1“ ჰესის გამო გაქრა – რა ელის სხვა სახეობებს

20.01.2022 • 8330
შავი ზღვის ორაგული აჭარაში „ხელვაჩაური 1“ ჰესის გამო გაქრა – რა ელის სხვა სახეობებს

შავი ზღვის ორაგული მხოლოდ შავი ზღვის აუზში გავრცელებული თევზის ენდემური სახეობაა, მსოფლიო იქთიოლოგებმა ის დამოუკიდებელ სახეობად გამოყვეს და მისი ლათინური სახელწოდებაა Salmo labrax. შავი ზღვის აუზის გარდა სხვაგან არსად გვხვდება თევზის ეს სახეობა. საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში შავი ზღვის ორაგული აფხაზეთის გარდა ყველგან გაქრა.

მისი წონა 16, 20 კილოგრამს აღწევს და ძვირფას თევზად მიიჩნევა. შავი ზღვის ორაგული დღეისათვის შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის მიერ წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.

შესულია ასევე საქართველოს წითელ ნუსხაშიც.

იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე შავი ზღვის ორაგულის გავრცელების ისტორიულ არეალზე, ამ სახეობის თავისებურებებზე, საქართველოში, აჭარისწყლის აუზში, მისი გაქრობის ძირითად მიზეზებზე საუბრობს.

  • საქართველოს გარდა შავი ზღვის რომელ ქვეყნებში ბინადრობს შავი ზღვის ორაგული?

ისტორიულად ეს სახეობა გავრცელებული იყო შავი ზღვის ყველა ქვეყანაში, გვხვდებოდა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში, რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთსა და საქართველოში, მაგრამ მისი გავრცელების ძირითადი არეალი იყო შავი ზღვის კავკასიის სანაპირო, რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ყირიმის ნახევარკუნძული, ეს იყო მისი ძირითადი გავრცელების არეალი, თუმცა შედიოდა დუნაიში, ბულგარეთისა და თურქეთის მდინარეებში.

შავი ზღვის ორაგულის მნიშვნელოვანი სატოფო და საქვირითო მდინარეები  იყო საქართველოს მდინარეები, კერძოდ, კოდორი – სადაც შემორჩენილი იყო ყველაზე დიდი პოპულაცია მთელ შავ ზღვაში, შემდგომ იყო ბზიფი და რუსეთის კავკასიის მდინარეები, როგორიცაა: ბზითა და ფსოუ – მოსაზღვრე მდინარე საქართველოს და რუსეთს შორის.

ამ მდინარეების შემდეგ შავი ზღვის ორაგულის გავრცელების ყველაზე დიდი არეალი იყო აჭარის მდინარეები – აჭარისწყლის აუზი, მაჭახელა და კინტრიში, ასევე ენგურის ერთ-ერთი შენაკადი, თურქეთის მდინარეები. დიდი პოპულაცია იყო წარმოდგენილი ასევე კოდორში.

30-იან წლებში და უფრო ადრეც რამდენიმე ტონა ორაგულს მოიპოვებდნენ მხოლოდ საზღვაო რეწვით. შემდეგ ვითარება შეიცვალა და სახეობის რაოდენობა შემცირდა არაკანონიერი რეწვისა და მდინარეთა სახეცვლილებების გამო.

  • როგორია თევზის ამ სახეობის ახლანდელი მდგომარეობა, სად გვხვდება და სად აღარ?

ამ სახეობის გავრცელების არეალი ახლა მხოლოდ კავკასიის ნაპირებთანაა შემორჩენილი. ყირიმში, რუმინეთში, ბულგარეთში აღარ გვხვდება. თურქეთის ნაპირებთანაც ძალიან გაიშვიათებულია.

ბუნებრივი პოპულაცია, სუფთა ხაზის შავი ზღვის ორაგული, რომელიც მიგრირებს მდინარეებში და იქვე ქვირითობს, შემორჩენილია მხოლოდ საქართველოს ნაპირებთან, აფხაზეთში: მდინარე კოდორსა და ბზიფში.

ასევე შემორჩენილი იყო სხვა მდინარეებშიც: მაჭახელში, კინტრიშსა და ენგურის შენაკად მაგანაში. სხვაგანაც ერთეული ეგზემპლარები გვხვდებოდა, მაგრამ ძირითადი საქვირითეები იყო საქართველოს ზემოთ ხსენებულ სამ მდინარეში. მცირე რაოდენობით იყო შავი ზღვის ორაგული გუბაზოულში, აჭისწყალში, ხობში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მდინარეში, გარდა აფხაზეთის მდინარეებისა, შავი ზღვის ორაგული დავკარგეთ, გეტყვით როგორ:

მაგანაში შავი ზღვის ორაგული დაიკარგა ენგურჰესის აგების შემდეგ, რადგან ენგურის წყლის 90% და მეტი სადერივაციოდ გამოიყენეს. მდინარე ენგურის ქვედა წელი გაუწყლოებულია და სანამ მაგანის შესართავამდე მივა, შავი ზღვის ორაგულმა ორი წყლის გამანაწილებელი დამბა უნდა გადალახოს. ეს შეუძლებელია.

მდინარე კინტრიშში ძალიან უცნაურად გაქრა თევზის ეს სახეობა. კინტრიში ზღვას უერთდება ჭალანდრის შენაკადის მეშვეობით. მან პირდაპირი კონტაქტი ზღვასთან დაკარგა, რამაც თევზს გზა გაურთულა. 10 წელზე მეტია ვეღარ შედის თავის საქვირითე მდინარეში შავი ზღვის ორაგული და კინტრიშში შესაბამისად აღარაა ეს სახეობა.

შავი ზღვის ორაგულზე ბოლო კვლევა სწორედ მდინარე კინტრიშზე გვქონდა 2016-2017 წლებში. დიდი სამუშაო ჩავატარეთ, მაგრამ ამ სახეობის სუფთა ხაზის ვერცერთი ეგზემპლარი ვერ ვიპოვეთ.

მდინარე მაჭახელაზეც სამწუხარო რამ მოხდა: აშენდა მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგური „ხელვაჩაური 1“ , ე.წ. ერგეს კაშხალი. თევზსავალი ამ კაშხალს არ აქვს. სამინისტრომ მათ ექსპლუატაციის ნება დართო თევზსავალის გარეშე, რაც უდიდესი შეცდომა იყო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) გაცნობის გარეშეც ვიზუალურად ჩანს, რომ ამ კაშხალს არ აქვს თევზსავალი. კვლევაც არაა საჭირო, ნახავთ, რომ იქ წყალი არ გადმოდის არსაიდან. უნდა იყოს კაშხალზე მოწყობილი კიბისებური არხი და ამ არხზე უნდა გადმოდიოდეს წყალი, რომელიც უნდა უერთდებოდეს მდინარეს – თევზმა იქ ასვლა უნდა შეძლოს. სამინისტრომ არაკომპეტენტური დასკვნა გასცა და მისცა ჰესს ექსპლუატაციაში შესვლის უფლება თევზსავალის გარეშე, ეს მავნებლობაა.

არც „ხელვაჩაურიჰესი 2“-ს არ აქვს თევზსავალი. ეს ჰესები აწარმოებენ თითქოს მონიტორინგს მაჭახელას აუზში და მათი კვლევებით თითქოს არც ყოფილა ორაგული ამ მდინარეში არასდროს, შესაბამისად, არ არის საჭირო თევზსავალიო. სხვა გამსვლელი თევზებიც გვყავდა ჩვენ, მაგრამ დავივიწყეთ. ამ ჰესების გაყალბებული მონიტორინგი აჩვენებს, რომ თითქოს ჰესს არანაირი გავლენა არ აქვს გარემოზე და ყველაფერი კარგად არის.

ეს ჰესი აგრძელებს მონიტორინგის გაყალბებას. ის, რომ დღეს მაჭახელში დაიკარგა შავი ზღვის ორაგული, მთლიანად ამ ჰესის მეპატრონეების და იმ ჩინოვნიკების პასუხისმგებლობაა, ვინც ინვესტორებს ამგვარი მავნებლობის ნება დართო. დარწმუნებული ვარ, ქვეყანას რომ სწორი დამოკიდებულება ჰქონოდა ბიომრავალფეროვნების მიმართ და ეს პრიორიტეტი ყოფილიყო,  ინვესტორი დაჰყვებოდა სახელმწიფოს მითითებებს და რეკომენდაციებს.

  • წლების წინ, როცა ამ ჰესზე თევზსავალის გარეშე აშენების ნებართვა გაიცა, აფრთხილებდნენ თუ არა იქთიოლოგები სამინისტროს სახეობის გადაშენების საფრთხის შესახებ?  

აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ საკითხის განხილვას წლების წინ რემდენჯერმე დავესწარი. 2012, 2013 და 2014  წლებში, მიმიწვიეს როგორც ექსპერტი – სპეციალისტი, იქთიოლოგი და ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ თავმჯდომარე. ძალიან მწვავე კამათი გვქონდა, ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა საქმე გზშ-ების განხილვისას.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ დროს ავთო ბერიძე იყო. კატეგორიულად მოვითხოვდით ჩაეწერათ გზშ-ში, რომ თევზსავალის არსებობა გარდაუვალი აუცილებლობა იყო. ჩემი პოზიცია იყო მკვეთრი და მწვავე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჰესის მშენებლობის ნებართვა გაიცა ისე, რომ თევზსავალის მოწყობა მათთვის არავის დაუვალებია.

  • თევზის კიდევ რა სახეობებია გავრცელებული აჭარისწყლის აუზში, რასაც ჰესზე თევზსავალის არარსებობა უშლის ხელს?

მაგალითად, ბათუმური შამაია, რიგი მტკნარი წყლის თევზები, რომლებსაც აქვთ ლოკალური ტრანსლოკაციები. რაღაც პერიოდში ეს თევზები მდინარის ქვემო წელისკენ მიისწრაფვიან, მერე კი მიემართებიან ზევით, რადგან კობრისებრთა სატოფოები ყოველთვის მდინარის შუა და ზემო წელშია.

ამ ჰესის ბლოკირებით მთლიანად მოხდა თევზების საარსებო არეალის ფრაგმენტაცია და იქ კობრისებრთა თევზებმაც დაკარგეს საქვირითო გრუნტები. ეს მათ პოპულაციურ სტატუსზე ძალიან ნეგატიურად აისახება და უკვე აისახა კიდეც.

იქ იყო არაერთი სახეობა: კეფალისებრი თევზები, ღორჯოსებრები, ბათუმური შამაია ქედამდე ადიოდა და მახუნცეთამდეც კი აღწევდა. დაიკარგა ეს ყველაფერი.

უნდა აღვნიშნოთ, ასევე, რომ 50-იან წლებში აშენდა აჭარისწყლის ჰესი მახუნცეთთან – აწჰესი და არც ამ ჰესს აქვს თევზსავალი. ამანაც მოახდინა ნეგატიური გავლენა შავი ზღვის ორაგულის სტატუსის გაუარესებაში. ეს ნიშნავს, რომ ზემო აჭარაში საერთოდ გაქრა.

2013-2014 წელს ჩავატარეთ დიდი, კომპლექსური კვლევა აჭარისწყლის მთელ აუზში, ყველა შენაკადში ვიყავით, მხოლოდ რამდენიმე შავი ზღვის ორაგული ვიპოვეთ ამ 10 წლის განმავლობაში. ერთეული შემთხვევები, როცა ამ სახეობის დაჭერა მოხერხდა, დაკავშირებული იყო შემთხვევითობასთან: წყალმოვარდნების დროს ჰესებზე წყალი გადადის და ორაგული ამ დროს უიშვიათესად ახერხებს აღმართის დაძლევას, მაგრამ „ხელვაჩაური 1“ ჰესის აშენების შემდეგ ესეც შეუძლებელია, ჰესმა გზა ჩაკეტა.

შავი ზღვის ორაგულისთვის განსაკუთრებული მდინარე იყო მაჭახელი. დღეს აქ ორაგული არ ქვირითობს. 2000-იანი წლების დასაწყისში აქ ჩატარდა რამდენიმე კვლევა. ამ კვლევებში მეც ვმონაწილეობდი და მაშინ აღვრიცხავდით ორაგულის ბორცვებს, იგივე სატოპოებს. ეს თევზი თხრის ქვიშას, აკეთებს ბუდეებს, ყრის შიგ ქვირითს და შემდეგ განაყოფიერებულ ქვირითს ასევე ქვიშით ფარავს. წარმოიქმნება მცირე ზომის ბორცვები, რაც შავი ზღვის ორაგულის ბუდეა.

ასეთ ბორცვებს აღვნუსხავდით მდინარე მაჭახელში და ჭერის არაერთი შემთხვევა იყო, ჩვენც სამეცნიერო ჭერის ფარგლებში არაერთი დავიჭირეთ, მოვამზადეთ ფოტომასალაც. დღეს აღარ ვხვდებით ამ სახეობას, რადგან მათთვის გადაულახავ ბარიერად დგას „ხელვაჩაური 1“ ჰესი. არც „ხელვაჩაური 2“  ჰესი არ არის თევზსავალით აღჭურვილი. ამ ჰესმა შავი ზღვის ორაგულის ბიოკონსერვაციული სტატუსი  მთლიანად გაანულა.

  • ქვიშა-ხრეშის მოპოვება რა გავლენას ახდენს თევზის სხვადასხვა სახეობაზე?

ძალიან ცუდად მოქმედებს იქთიოფაუნაზე. ტრაქტორს ფსკერიდან ამოაქვს ქვიშა-ხრეში. მდინარის ფსკერი კი ძალიან მნიშვნელოვანი ბიოტოპია. იქ არის უამრავი ფსკერული მაკრო და მიკროუხერხემლოები, პერიფიტონი, ესაა წყალმცენარეები და იქ შექმნილი მცირე ზომის ბიოტოპები, თევზის ქვირითი, თევზის ახალმოზარდები, ლავრები, ლიფსიტები და ა.შ.

ფსკერი მდინარისთვის არის მთავარი ბიოცენოზი, ქვიშა-ხრეშის მოპოვებისას ამ ყველაფრის განადგურება პირდაპირი წესით ხდება. იქმნება ხმაურის ფარდა, წყალში ეს ხმაური უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ხმელეთზე, რაც ზღუდავს თევზების ტოფობას, გადაადგილებას, აკუსტიკურ ფონს თევზები განერიდებიან, მათთვის ეს საფრთხის სიგნალია.

მდინარის ნაპირებზე არის სამტვრევები, ეს დამღუპველია თევზებისთვის, რეკომენდაციით ამის შესუნთქვაც არ შეიძლება, ეს არის წახნაგოვანი მიკრონაწილაკები. თუ ეს ილექება ფსკერზე ან ჩაედინება მდინარეში, ნეგატიური გავლენა აქვს იქთიოფაუნაზე, რისი მასშტაბები არც კი არის შესწავლილი. ეს აზიანებს ქვირითს, თევზების მხედველობას, სუნთქვის ორგანოებს, ლაყუჩებს და დანაკარგიც დიდია.

მასშტაბები რომ განსაზღვროთ, საკმარისია გაიაროთ ბათუმიდან შუახევამდე გზა და ნახოთ, რამდენი კარიერია მოწყობილი, რა რაოდენობით ინერტულ მასალას იღებენ ფსკერიდან, რამდენი სამსხვრევია მდინარეზე. წესით, სამსხვრევი მდინარისგან მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული, უნდა იყოს მოწყობილი სადრენაჟე არხი, ტრანშეა და აქ უნდა ილექებოდეს მსხვრევის შედეგად წარმოქმნილი მტვერი.

იზრდება და იზრდება ქვიშა-ხრეშის მდინარიდან ამომღებთა რიცხვი.

  • თუ იყო შემთხვევები, როცა, ვთქვათ, ჰესს არ ჰქონდა თევზსავალი და მერე გაუკეთეს?

გასულ წელს ვატარებდით „აჭარისწყალი ჯორჯიას” თევზსავალის მონიტორინგს. ეს იყო ჩირუხის დამბა, ჩავიტანეთ აპარატურა, დავიწყეთ კვლევა, ვიჭერდით თევზებს, ვღებავდით აკრილით, რომ შეგვესწავლა თევზის მოძრაობა.

აღმოჩნდა, რომ  ჩვენგან მაღლა არის ჩირუხის ანალიაჰესი, ზუსტად 50 მეტრში, რომელსაც თევზსავალი არ აქვს. ანუ ჩირუხზე თევზი ადიოდა, მაგრამ იმის იქეთ ვეღარ გადადიოდა. მერე ანალიაჰესზე დაიწყეს თევზსავალის გაკეთება – პროექტი იყო გამოცხადებული ამაზე და მუშაობდნენ. გააკეთეს თუ არა, ჯერჯერობით არ ვიცი.

  • რატომ არიდებენ თავს ჰესები თევზსავალის გაკეთებას, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული?

არა, მარტივი კონსტრუქციაა და ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ თევზსავალში უნდა იმოძრაოს წყალმა, რომ თევზი გადაადგილდეს, წყალი გენერაციის წყაროა, ტურბინა წყლით ბრუნავს და ჰესის მეპატრონე თევზსავალის ნაცვლად ამ წყალს ტურბინაში უშვებს მოგების გაზრდის მიზნით. თევზსავალზე გადასული წყალი ტურბინას ვეღარ გაივლის და ენერგიის გამოსამუშავებლად ვეღარ გამოიყენება. არადა, წყლის ეს რაოდენობა წარმადობის დიდ ზრდას არ იწვევს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავი ზღვის უნიკალური ორაგული, ისტორიული ქართული სახეობა, რომელმაც ეთნოგრაფიაშიც კი შეაღწია, იკონურ, საქართველოსთვის სიმბოლურ სახეობადაც კი იქცა, შეეწირა მერკანტილურ მოგებას.

  • შავი ზღვის ორაგულის აჭარისწყლის ხეობაში დაბრუნების მცირე შესაძლებლობა მაინც არსებობს?  

საქართველოში ყველგან გაქრა გარდა აფხაზეთისა. თუ შეიცვლება გარემოსდაცვითი დამოკიდებულებები და იქნება ეს პრიორიტეტი, იქნებ ჩატარდეს მაჭახლის ხეობაში ობიექტური კვლევა, რომელიც გამოავლენს, რომ აქ ორაგული მოძრაობს და აუცილებელია თევზსავალის მოწყობა – რომ მერე აჭარისწყლის მთელ აუზში დაბრუნდეს სახეობა.

შეიძლება ჰესის მეპატრონეებიც დაფიქრდნენ ამაზე და თევზსავალი გააკეთონ, მაგრამ რამდენად რეალურია საკმაოდ დიდ მოქმედ ჰესზე თევზსავალის გაკეთება, ტექნიკოსების გადასაწყვეტია. ამას ინჟინრების შეფასება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ჰესს ოდესმე მოსთხოვს საქართველოს სახელმწიფო თევზსავალის გაკეთებას, დარწმუნებული ვარ, ეს დრო მოვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან კომპეტენცია აკლია და ვერ აანალიზებს ზიანს, ან თვალებს ხუჭავს ამ ყველაფერზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახდენს სამინისტრო, ეკოლოგიური ექსპერტიზის შეფასებას იძლევა სამინისტრო, სამინისტროს შეუძლია ნებისმიერი მოთხოვნა ჩაუწეროს ეკოლოგიური ექსპერიზის დასკვნაში ინვესტორს და დააავალდებულოს, რომ სახეობის დაცვის მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, სამინისტროს ამის ბერკეტი აქვს.

თუ სადმე ვხვდებით ორაგულს შავ ზღვაში, ეს არ არის სუფთა ხაზის შავი ზღვის ორაგული. ეს არის ან ფერმებიდან გაპარული სხვადასხვა ფორმა, ან მდინარიდან შესული კალმახი, რომელიც ზღვაში გაორაგულდა. სუფთა ხაზის შავი ზღვის ორაგული აფხაზეთის გარდა საქართველოში აღარსად გვხვდება.

___

მთავარი ფოტო: 2010 წელი. არჩილი გუჩმანიძეს თევზის ბაზრობიდან აცნობეს, რომ დაიჭირეს შავი ზღვის ორაგული. გადამოწმების შედეგად გაირკვა, თევზი ნამდვილად შავი ზღვის ორაგული იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: