მთავარი,სიახლეები

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის სასამართლოში შემცირდა, საპროცესო – გაიზარდა

19.01.2022 • 888
გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის სასამართლოში შემცირდა, საპროცესო – გაიზარდა

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა შემცირდა, საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი კი – გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 28 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მოსამართლეებმა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღეს.

სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, გაიზარდა საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი – 2021 წელს 736 საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, 2020 წელს – 586. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრალდებული ბრალს აღიარებს, პროკურატურას ურიგდება და სასამართლო საქმეს არსებითად აღარ განიხილავს.

საპროცესო განხილვების რაოდენობის შემცირებას წინა წლებში ხაზს უსვამდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ამბობდა, რომ ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით არსებითად განიხილეს 305 საქმე, სასამართლოს ინიციატივით გადაკვალიფიცირდა 15 საქმე, ხოლო 20 საქმის განხილვა შეწყდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: