განათლება,მთავარი,სიახლეები

დიდთოვლობის გამო მოსწავლეების ნაწილი სკოლაში ვერ მივიდა – სამინისტრო

17.01.2022 • 10671
დიდთოვლობის გამო მოსწავლეების ნაწილი სკოლაში ვერ მივიდა – სამინისტრო

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს, 17 იანვარს, ოფიციალურად განახლდა. თუმცა, დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი სოფლის სკოლებში მოსწავლეების დიდი ნაწილი ვერ გამოცხადდა.

მაგალითად, სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის შენობა მთლიანად თოვლშია ჩაფლული. სოფლის გზა ამ დროისთვის გაწმენდილი არ არის, რის გამოც ბავშვებმა სკოლაში წასვლას ვერ მოახერხეს.

დანისპარაულის საჯარო სკოლის ზარი და შესასვლელი ამ დროისთვის ასე გამოიყურება
ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

აჭარის განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ სკოლებში მოსწავლეების ნაწილი ვერ გამოცხადდა, თუმცა არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რამდენ სკოლაში ვერ შეძლებს დღეს გაკვეთილებზე დასწრება მოსწავლეებმა უგზოობის გამო.

მედეა და რუსლან პაპიძეები დღეს დიდი თოვლის გამო სკოლაში ვერ მივიდნენ.

სამინისტროს თქმით, სკოლის მასწავლებელთა ტესტირება ოთხშაბათს დავიწყეთ, აჭარის ყველა პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი გაიტესტა. ვისაც დაუდასტურა კოვიდი, მათ სკოლასთან შეხება არ ჰქონიათ და არც მისულან სკოლაში. ჩვენი ინფორმაციით, ყველა სკოლა მზად იყო დღეს, რომ სასწავლო პროცესი დაეწყო. როგორც ვიცით, მაღალმთიან სკოლებშიც დირექცია სკოლაში გამოცხადდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

„მოსწავლეები ვინც ვერ გამოცხადდნენ სკოლაში, სკოლის ადმინისტრაციას ვუთხარით, რომ მათ დაჰკავშირებოდნენ და ონლაინ ჩაეტარებინათ გაკვეთილები ან მიეცათ დავალებები“, – გვითხრეს სამინისტროში. მათი განცხადებით, სკოლები საწვავით, შეშით და სანიტარული საშუალებებით უზრუნველყოფილი არიან.

თოვლში ჩაფლული საჯარო სკოლა სოფელ დანისპარაულში. 

აჭარაში 229 საჯარო სკოლაა.

_______________

მთავარი ფოტო: სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლა დღეს/„ბათუმელები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: