განათლება,სიახლეები

ბიბლიოთეკა შენ ხარ – ნათია კაპანაძე “მოგზაური ბიბლიოთეკისთვის”

13.01.2022 • 1920
ბიბლიოთეკა შენ ხარ – ნათია კაპანაძე “მოგზაური ბიბლიოთეკისთვის”

ავტორი: ნათია კაპანაძე, უფლებადამცველი, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი, აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორი

ორი შობის და ორი ახალი წლის ამ ჯადოსნურ დღეებში ყველას გვაქვს შესაძლებლობა წუთით მაინც დავრჩეთ მარტო საკუთარ თავთან. ჩავიფიქროთ სურვილები, მხოლოდ ჩვენ რომ გვეკუთვნის. საახალწლო ფილმის გმირებივით გავიმარტივოთ მომავალი ერთი წლის რთული დღეების გადალახვის გეგმა, დაველოდოთ გლობალურ ცვლილებებს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ორი შობის და ორი ახალი წლის ჯადოსნურ დღეებში ყველაფერი შესაძლებელია.

მაგრამ წინ იანვრის მიღმა არსებული რეალობაა – განვითარებადი (თუ ჯერ კიდევ განუვითარებელი) დემოკრატია, გაქრობამდე დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები, ხარვეზებით სავსე განათლების სისტემა, პანდემიის მართვის კრიზისები, ბავშვებზე, ქალებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე გაბატონებული მოძალადე გარემო, სტუდენტების დასაქმების დაბალი შანსი, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების და მედიის დევნის ტენდენციები…რაც მთავარია, გაძვირებული ცხოვრება და გადასახადები. ამ და სხვა გამოწვევებს 2022 წელს უნდა გავუმკლავდეთ.

სხვადასხვა დონის პრობლემების ფონზე, ჩვენ მაინც გვეკუთვნის დრო ჩანაფიქრებისთვის და წინ მთელი წელია მათი ასრულების ჯადოსნურადვე გვჯეროდეს.

რა არის შენი სურვილი?

ცხადია, პასუხი ინდივიდუალური და ინდივიდუალურად განსხვავებული იქნება. როგორიც არ უნდა იყოს შენი საახალწლო თუ საშობაო ჩანაფიქრი, მისი ასრულება შენზე, უფრო ზუსტად შენი და შენი გარშემომყოფების ღირებულებით თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული.

ღირებულებების გაცვლა კი ისევ წიგნებით და ისევ განათლებითაა შესაძლებელი. თუ კაცობრიობის ისტორია თაობიდან თაობაზე გადაცემული ცოდნის ისტორიაა, დღეს ერთ-ერთი ასეთი შანსი ბორბლებზეა შემდგარი და აჭარის მაღალმთიან სოფლებში “მოგზაური ბიბლიოთეკის” სახელით დადის.

ორი შობის და ორი ახალი წლის ჯადოსნურ დღეებში იქნებ კიდევ ერთხელ დავრჩეთ საკუთარ თავთან და გადავამოწმოთ მართლაც როგორ არის ჩვენი სურვილების ასრულება სხვების განათლებაზე დამოკიდებული: გინდა იყო ჯანმრთელი? – შენ ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებ თუ კვალიფიციური ექიმები იქნებიან ჩვენ ქვეყანაში, გინდა მშვიდ გარემოში იცხოვრო? – ეს კარგი პროკურორების, კარგი პოლიციელების, კეთილსინდისიერი მოსამართლეების ცოდნასთანაა დაკავშირებული, შენი და შენი ოჯახის გადარჩენას მეზობლების კეთილსინდისიერება და მათი ეკოლოგის ცოდნის ხარისხი განსაზღვრავს, გინდა იყო ლამაზი? – ესეც განათლებული კოსმეტოლოგების, დიეტოლოგების, ფრჩხილის, თმის, კანის მოვლის სპეციალისტების გარემოცვაში შეიძლება მხოლოდ.

გინდა ფინანსური წარმატება? – ეს შენი თანამშრომლების, ფინანსისტების და საქმიანი პარტნიორების ცოდნის ნაწილია. მიწის დამუშავებას, ნატურალური პროდუქტების მიღებას ვერ შეძლებ საუკეთესო ქიმიკოსების და ფერმერების გარეშე. გინდა შენი შვილები ჯანსაღ გარემოში უსაფრთხოდ გაიზარდონ? – შენ უნდა გაიღო მცირედი მაინც მასწავლებლების და მომავალი მასწავლებლების გაძლიერებისთვის…

კიდევ უფრო ზუსტები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ შენი სურვილების ასრულება შენი მოქმედებების შედეგი იქნება. მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში, შენი ინვესტიცია გაორმაგდება კიდეც. მთავარია, ახლა რესურსები სხვასაც გაუზიარო, გაღებული 10 ლარი ან გაჩუქებული ერთი წიგნიც კი გააუმჯობესებს შენი სურვილების ასრულების შანსებს. ცხადია, რაც მეტს გაიღებ, ის უფრო და უფრო გაიზრდება.

შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში.

შეგროვებული წიგნები შეგიძლიათ მიიტანოთ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. 48-ში.  (გაზეთ “ბათუმელების” ოფისი).

ყველა იმსახურებს აუსრულდეს ახალი წლის და შობის ჯადოსნური სურვილები, ასე ჩვენი სურვილების ასრულებისას კი არ გაგვიმართლებს, უბრალოდ დავიმსახურებთ.

იქნებ ბიბლიოთეკა შენ ხარ?

იქნებ შენ ხარ ის, ვინც ცოდნა უნდა გადასცეს ახალ ადამიანებს, ახალ თაობებს?

გამოიყენე  შესაძლებლობა და მიიღე მონაწილეობა საკუთარი სურვილების ასრულებაში.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: