განათლება,მთავარი,სიახლეები

სტუდენტი სოფლიდან, რომელსაც 1 ლექციაზე დასასწრებად ყოველ კვირას ბათუმში უწევს ჩამოსვლა

12.01.2022 • 17208
სტუდენტი სოფლიდან, რომელსაც 1 ლექციაზე დასასწრებად ყოველ კვირას ბათუმში უწევს ჩამოსვლა

ბსუ-ში არაერთი სტუდენტი ვერ ახერხებს ოფლაინ ლექციებს ინგლისურში საუნივერსიტეტო სივრცეში დაესწროს, რადგან სოფელში ცხოვრობენ. სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან ამბობენ, რომ დიდთოვლიანი ზამთრის გამო მეტად გართულდა სოფლიდან ქალაქში ყოველ კვირა ჩასვლას ერთ ან ორ ლექციაზე დასასწრებად. ამასთან, ძალიან გაიზარდა მგზავრობის ღირებულებაც.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ჰიბრიდულად სწავლობენ.

ზეინაბ კახაძე, ბსუ-ს პირველი კურსის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი ხულოს სოფელ ბეღლეთიდან გვიყვება, რა პრობლემები ექმნება პირადად მას და ასევე მის თანაკურსელებს სწორედ ამის გამო: „უნივერსიტეტში მხოლოდ ინგლისური გვიტარდება ოფლაინ – კვირაში ერთ დღეს. დანარჩენ საგნებს ონლაინ ვსწავლობთ. უნივერსიტეტი რომ დაიწყო ბინა ვიქირავე, ბათუმში გადავედი საცხოვრებლად, თან მუშაობა მიწევდა, რადგან ქირის ფული მჭირდებოდა. იძულებული ვიყავი. მერე ვერ გავართვი თავი მუშაობასა და სწავლას ერთად, ვერ ვსწავლობდი კარგად და სოფელში დავბრუნდი.

ახლა კი ჩემთვის რთულია ინგლისურის ლექციებს დავესწრო აუდიტორიაში. ძალიან გაიზარდა მგზავრობის ღირებულება, ზოგჯერ ჩავდივარ, ზოგჯერ ვერა. ეს, ბუნებრივია, ჩემს ნიშანზე უარყოფითად ისახება და სწავლის მოტივაციასაც ვკარგავ.

ასეთი მდგომარეობა მხოლოდ მე არ მაქვს. ბევრ ჩემს კურსელს აქვს ეს პრობლემა“.

სტუდენტის თქმით, ახლახან სერიოზული პრობლემაც შეექმნა შუალედურ გამოცდაზე.

„შუალედური გამოცდა 24 დეკემბერს მქონდა, მაგრამ დიდთოვლობის გამო გზები იყო ჩაკეტილი და ამიტომ ვერ ჩავედი ბათუმში გამოცდაზე. ლექტორს მივწერე გამოცდის გადატანის თხოვნით. ბათუმში ჩასვლა მხოლოდ 29 დეკემბერს შევძელი დიდი წვალებით.

მე და ჩემმა კურსელებმა, რომლებიც მსგავს დღეში არიან, ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვიფიქრე ლექტორისთვის გვეთხოვა, რომ სტუდენტები, ვინც სოფელში ვცხოვრობთ ონლაინ გამოვეკითხეთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოვახერხეთ.

ლექციას რომ დავესწრო, წინა დღით უნდა ჩავიდე ბათუმში. ინგლისურში ლექციები დილით გვაქვს.

ერთი ღამის გატარება მიწევს ქალაქში. ხან რომელ ნათესავთან ვრჩები, ხან რომელთან, ძალიან რთულია ასე ყოფნა. იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა როგორმე შეიცვლება“, – ამბობს ზეინაბ კახაძე, ბსუ-ს პირველი კურსის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტი ხულოს სოფელ ბეღლეთიდან.

„ბათუმელებმა“ ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, მერაბ დიასამიძეს ჰკითხა, უნივერსიტეტი ხომ არ აპირებს შესთავაზოს რაიმე ალტერნატივა სოფელში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებსაც კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი ლექცია უტარდებათ აუდიტორიაში, სხვა ლექციები კი ონლაინ.

“უნივერსიტეტი ცდილობს მოერგოს პანდემიას. ლაბორატორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობად ითვლება უცხო ენის სწავლება ჯგუფებში. ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა არ აღემატება 18 სტუდენტს. ეს საშუალებას იძლევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის სრული დაცვით მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი ოფლაინ ინგლისური ენის ჯგუფებისთვის.

ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია – პანდემიის პირობებში სტუდენტები ოფლაინ სწავლობენ ინგლისურს.

ბუნებრივია, უნივერსიტეტი ფიქრობს იმ სტუდენტებზე, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში. უნივერსიტეტი ყველა საკითხს განიხილავს ინდივიდუალურად. ჩვენ  გვაქვს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის ამ რესურსით.

ჩემი ინფორმაციით, სტუდენტების საკითხს, რომლებიც ინგლისურის ოფლაინ ლექციებზე ყოველთვის ვერ ახერხებენ დასწრებას, რადგან სოფელში ცხოვრებენ, განიხილავენ ცალკეული სპეციალობები.

მე არ მახსოვს რომელიმე მსგავსი საკითხი არ განხილულიყო უნივერსიტეტში ან სტუდენტის სასარგებლოდ არ მიეღოთ გადაწყვეტილება.

უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრიდან ცდილობს ოფლაინ სწავლებაზე გადავიდეს, რათა გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი”, – განგვიცხადა მერაბ დიასამიძემ.

ბსუ-ში საახალწლო არდადეგები 3 იანვარს დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლა 10 იანვარს განახლდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: