ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რაში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი წელს ბიუჯეტიდან – კოვიდის მართვა აჭარაში

09.01.2022 • 1641
რაში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი წელს ბიუჯეტიდან – კოვიდის მართვა აჭარაში

ახალი კორონავირუსის [COVID-19-ის] შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ეს თანხა, ძირითადად, საკარანტინე სივრცეების მოწყობას მოხმარდება, ხოლო პროგრამას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი განახორციელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს არსებულ საკარანტინე სივრცეებში [კოვიდსასტუმროებში] შესაბამისი მომსახურება გაეწია 5 250-მდე პირს. 2022 წელს კი კოვიდსასტუმროებში 3 750 პირის განთავსებას ვარაუდობენ.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორგანიზება გაეწევა საკარანტინე სივრცეების (კოვიდსასტუმროების) მოწყობას. შესაბამისი პირების სავალდებულო კარანტინში განთავსების, ტრანსპორტირების, კვების, დასუფთავების, უსაფრთხოებისა და საკარანტინე პერიოდში სათანადო პირობების შექმნას ტურიზმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. ასევე დეპარტამენტი შეისყიდის სხვა საქონელს/მომსახურებას, რაც აუცილებელი იქნება საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

2022 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, აჭარის კოვიდსასტუმროებში 340 პაციენტია; მთლიანობაში კი რეგიონში ვირუსზე 2 601 ადამიანი მკურნალობს.

ვიდრე აჭარის 2022 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებდნენ, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა აჭარის მთავრობას მოუწოდა პანდემიის პრევენციის მიზნით დაფინანსება გაეზარდა.

„COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებისათვის მიზნობრივი დაფინანსების შემცირება, ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, არამართებულია და საჭიროებს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული მუხლის ზრდას,“ – აღნიშნული იყო კომიტეტის შენიშვნაში.

„2021 წლის 21 ოქტომბერს [ბათუმის ახალი რესპუბლიკური] საავადმყოფო მართვის ფუნქციით გადაეცა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ხოლო არსებული კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით რეგიონში ფუნქციონირებს 2 კოვიდსასტუმრო და 1 საკარანტინე სივრცე, რის გამოც 2022-2025 წწ პროგრამის ბიუჯეტი შემცირებულია“ – აღნიშნული იყო აჭარის მთავრობის პასუხში.

აჭარის მთავრობა ასევე მიუთითებდა, რომ „რეგიონში ვაქცინაციის დონე ყველაზე მაღალია. სამიზნე მოსახლეობის 60% უკვე აცრილია. შესაბამისად აჭარაში შემცირებულია ინფიცირების შემთხვევები და ასევე, ინფიცირებულ პირთაგან კოვიდსასტუმროში განთავსებაზე მომართვიანობაც“.

„რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ვირუსის გავრცელების არასტაბილური ფაქტორი. მომავალ წელს კოვიდის მასშტაბის და გავრცელების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რაიმე ტიპის პროგნოზი გამოქვეყნებული, ამიტომაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნული საკითხის მიმართებაში იმოქმედებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, სიტუაციის შესაბამისად,“ – აცხადებდა გასული წლის ბოლოს აჭარის მთავრობა.

ამ თემაზე:

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: