მთავარი,სიახლეები

რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

05.01.2022 • 33032
რა ხდება ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობა ბინებს ტოვებს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #47 კორპუსიდან მერიამ ამ საღამოს ოჯახები გამოასახლა. ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის თქმით, ამ კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს. რა გახდა ნაჩქარევად გამოსახლების მიზეზი, რამდენად სახიფათოა ამ კორპუსში დარჩენა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება საცხოვრებელ სახლში და რას გეგმავს ბათუმის მერია – გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლევან დავითაძესთან.

  • ბატონო ლევან, რამდენი ოჯახი გამოასახლეთ და რამდენად იყო ეს გადაუდებელი აუცილებლობა?

დაახლოებით 60 ოჯახზეა საუბარი – ამ კორპუსში 4 სადარბაზოა და თითოეულში 15 ოჯახი ცხოვრობს.

ამ მისამართიდან შეტყობინება შემოვიდა დეკემბრის თვეში და გადავაგზავნეთ ჩვენ ექსპერტიზაზე, ამის შემდგომ, რამდენიმე დღის წინ, ისევ შევიდა ზარი 112-ზე და დღესაც მივიღეთ შეტყობინება. ზოგადად, კომისია [გამოსახლებაზე] მას შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, რაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა იქნება წარმოდგენილი, მაგრამ დღეს ადგილზე სიტუაციას რომ გავეცანით, ბზარების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აღარ დაველოდეთ ექსპერტიზას – მოსახლეობა შეშინებული იყო და გავითვალისწინეთ მათი აზრი.

კონკრეტულად იმ სადარბაზოს მცხოვრებლები, სადაც იყო ბზარები, გავიყვანეთ ქირაში – 60 ოჯახი. რაც შეეხება მეორე სადარბაზოს, იქ რაიმე ტიპს ბზარები და საგანგაშო ვითარება არ არის… მსგავსი ტიპის ობიექტები ქალაქში საკმაოდ მომრავლდა – დაახლოებით 90 ლოკაციაზეა მსჯელობა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად ზარებმაც იმატა. ძალიან ბევრი კორპუსია – ცხრიანები და ხრუშოვკები, ამიტომ კომისიას ახლა დიდი გამოწვევა აქვს იმ ნაწილში, რომ ძალიან ბევრი ლოკაცია გვაქვს. სწორედ ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ ბიუჯეტი, რაც გაგვაჩნია, შესაბამისად უნდა გადანაწილდეს, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლე  და ჯანმრთელობა. ხალხი გავიყვანეთ ბზარებიდან გამომდინარე, დანარჩენ ნაწილში ველოდებით ექსპერტიზას, თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც იქ არიან, მათთვის ეს მოლოდინის რეჟიმი მიუღებელი.

კომისიას გვიწევს ამ მიმართულებით მსჯელობა, რადგან საბიუჯეტო სახსრები მიზანმიმართულად უნდა გადანაწილდეს იმ ადამიანებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

  • წინასწარი შთაბეჭდილებით ბზარები რით არის გამოწვეული – რამდენადაც ვიცით, კორპუსს აქვს მიშენებები. თუ უფრო სიძველის ბრალი შეიძლება იყოს?

ეს არის მიშენება – დაახლოებით ერთი ბინა აქვთ ამ ადამიანებს მიშენებული. რა როგორ არის, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. საყრდენ კოლონაზე არავითარი ზედმეტი ჩარევა არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ დააკვირდებით, იქ „შტეფსელები“ და რაღაც გაყვანილობები აქვთ. სავარაუდოდ, ეს კონკრეტული კოლონა ზემოქმედების ქვეშ იყო – დენის კაბელებია ჩალაგებული. მზიდ კედლებზე მსგავს სამუშაოს არ აკეთებენ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრებაა და დაველოდოთ ექსპერტიზას.

დიდი ალბათობით შესაძლებელია ეს მოქალაქეების დაუდევრობის ბრალი იყოს.

  • დღეს რატომ გამოასახლეთ ეს ხალხი, ბზარები გაიზარდა ამ დღეებში თუ რა მოხდა?

რაც ვნახეთ, იქიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

  • 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ეს უკვე მეოთხე კორპუსია ქალაქში, საიდანაც მოსახლეობა გაგყავთ [მემედ აბაშიძის ქუჩა, რურუას ქუჩა, ტრაგედიის სახლი 26 მაისი ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩა]. ზუსტად რამდენი ოჯახია უკვე გაყვანილი?

ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, არ მინდა შემეშალოს, დღის საათებში შემიძლია დაგიზუსტოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: