მთავარი,სიახლეები

70 000 ლარის წიგნები, თქვენი საჩუქარი აჭარის მთის სოფლებს – “მოგზაური ბიბლიოთეკა” წელს აჯამებს

31.12.2021 • 1832
70 000 ლარის წიგნები, თქვენი საჩუქარი აჭარის მთის სოფლებს – “მოგზაური ბიბლიოთეკა” წელს აჯამებს

ძვირფასო მხარდამჭერებო, აჭარის 29 მაღალმთიან სოფელში თქვენი საჩუქრები უკვე მიიღეს: “მოგზაურმა ბიბლიოთეკამ” 2021 წელს, თქვენი დახმარებით, მაღალმთიანი აჭარის 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა განაახლა. საერთო ჯამში, 70 000-ზე მეტი ლარის წიგნი დავასაწყობეთ, აქედან 50 000-მდე ლარის ღირებულების წიგნმა უკვე მიაღწია მკითხველამდე.

ერთ-ერთი სოფლის სკოლაში, წიგნადი ფონდის განახლებასთან ერთად, დირექციის ინიციატივით საბიბლიოთეკო სივრცეც შეიცვალა – გარემონტდა და გაფართოვდა.

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ არის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საგანმანათლებლო პროექტი.

მადლობას გიხდით, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადეთ.

 

“მოგზაური ბიბლიოთეკა” 2021 წელს აჯამებს. ნახეთ ანგარიში და თვალი გადაავლეთ ბიბლიოთეკის მოგზაურობას – ფოტოებს, ვიდეოებს, ამბებს, რომლებიც აქამდე დაგვიგროვდა და გეგმებს, რომლებითაც 2022 წელს ვეგებებით.

მაღალმთიანი სოფლებისთვის წიგნების შესაძენად ფინანსების მობილიზება შესაძლებელი გახდა ორგანიზაციებისა და კერძო პირების მონაწილეობით. “ორბელიანი მეტის” პლატფორმაზე ჩვენს ფანდრაიზერზე 8,967 ლარი შეგროვდა. დამატებით, თავად „ორბელიანი მეტისგან“ გრანტის სახით 4 000 ლარი მივიღეთ.

“მოგზაური ბიბლიოთეკის” მულტიფუნქციური მანქანა, რომელიც უკვე იყო ორ ექსპედიციაში, იაპონელი ხალხის საჩუქარია. იაპონიის საელჩომ საქართველოში მისი შეძენის, გამართვისა და ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვისთვის 72 000 აშშ დოლარი გამოყო. სხვა ხარჯი თანადაფინანსებით დაიფარა და სულ 25 563.88 ლარი შეადგინა.

„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში „აჭარის რეგიონულმა ჰაბმა“ 11 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის გასაახლებლად 10 275.4 ლარი გამოყო. ეს თანამშრომლობა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩართულობით გახდა შესაძლებელი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 65 სოფლისა და ბუქმობილში მოქმედი ბიბლიოთეკისთვის 47 357.64 ლარის ღირებულების წიგნები გადმოგვცა.

“წიგნის მაღაზია შაქრო ბაბუამ” მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის 1 802.05 ლარის ღირებულების წიგნები გამოყო.

“წიგნები ბათუმში”, “დიოგენე”, “პალიტრა L” , “გამომცემლობა ბაკურ სულაკაური”, “ქარჩხაძის გამომცემლობა”, “ზოლიანი კატა”, “მელანი” – ის გამომცემლობებია, რომლებმაც წიგნები ფასდაკლებით მოგვაწოდეს, ხოლო გარკვეული რაოდენობა საჩუქრად გადმოგვცეს ბუქმობილის ბიბლიოთეკისთვის.

წიგნები მივიღეთ კერძო პირებისა და სხვა ორგანიზაციებისგანაც.

მაღალმთიანი სოფლებისთვის წიგნების შესაძენად საჭირო თანხის შეგროვება მხარდამჭერთა წერილების სერიის ფონზე მიმდინარეობდა.

კამპანიის ფარგლებში წიგნებსა და მათ მნიშვნელობაზე 60 მოსაზრება დაიწერა.

წერილებს/მოსაზრებებს წერდნენ ქართველი და უცხოელი მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები, მენეჯერები, პროფესორები, იურისტები, მწერლები, აქტივისტები…

“მოგზაური ბიბლიოთეკის” მხარდამჭერთა წრე საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია.

ვიდეოჩანაწერები გამოგვიგზავნეს სოფლად მცხოვრებმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც.

ჩვენი ბიბლიოთეკა როდესაც არ მოგზაურობს, სტუმრებს მასპინძლობს.

მხარდამჭერებს შეუძლიათ გვესტუმრონ, ბუქმობილი დაათვალიერონ, გეგმებზე გვესაუბრონ და ნახატები, წერილები და კეთილი სურვილები გაგვატანონ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში.

ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ არაერთ სტუმარს, მათ შორის ყველაზე მხიარული პირველკლასელების ვიზიტი აღმოჩნდა. პატარებმა თანატოლებისთვის წიგნები მოიტანეს და საყვარელი სათამაშოები დახატეს.

ამ სტუმრობის შესახებ უფრო მეტი გაიგეთ ვიდეოდან.

ზოგიერთ სასოფლო ბიბლიოთეკაში წიგნების მიღებას თან ახლდა მცირე ლოჯისტიკური სირთულეები. მაგალითად, რამდენიმე ბიბლიოთეკაში არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა ახალი წიგნების განსათავსებლად ან ბიბლიოთეკა ელოდებოდა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გადასვლას, რომელსაც ჯერ კიდევ არემონტებდნენ ან არ იყო გახსნილი.

ამ და სხვა მიზეზების გამო ექსპედიციები დაგეგმილზე გვიან დავიწყეთ.

პირველი ვიზიტი 23 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში შედგა, 24 ნოემბერს კი სოფელ ღორჯომს ვესტუმრეთ.

2022 წლიდან მოგზაურობა მაღალმთიან სოფლებში უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

იანვრის მეორე ნახევარში უკვე დაგეგმილია ათი სოფლის მონახულება. ინფორმაცია ჩვენი მოგზაურობის შესახებ კვლავაც გამოქვეყნდება “მოგზაური ბიბლიოთეკის”, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ფეისბუქგვერდებზე.

მომავალი წლიდან “მოგზაური ბიბლიოთეკა” შემოგთავაზებთ კონკურსს ბიბლიოთეკების, ბიბლიოთეკარებისა და მკითხველებისთვის. პირობა მარტივია, მკითხველებს შეეძლებათ დაწერონ წერილი/მოსაზრება მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე და გამოგვიგზავნონ “მოგზაური ბიბლიოთეკის” ელექტრონულ ფოსტაზე. შერჩეული წერილები გამოქვეყნდება “ბათუმელების” ვებგვერდზე, საუკეთესოთა ავტორები კი დასაჩუქრდებიან. ასევე, დასაჩუქრდებიან ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები, რომელთა მკითხველებისგანაც ყველაზე მეტი საინტერესო წერილი გამოქვეყნდება.

ამ აქტივობით შევეცდებით, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ კითხვის პოპულარიზებას, მეორე მხრივ კი, ბიბლიოთეკარებისთვის, რომლებსაც ძალიან მცირე რესურსები და დაბალი ანაზღაურება აქვთ, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები.

კონკურსის ეს ფორმატი აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის მნიშვნელოვანი ამბები, “ბათუმელების” ვებგვერდის მეშვეობით, უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ.

პროექტის დაწყებიდან დღემდე “მოგზაურ ბიბლიოთეკას” აქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ორგანიზაციასა და ბიზნესთან, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

მალე დონაციის მსურველებს “თეგეტა მოტორსის” ონლაინპლატფორმაზე – “იზრუნე” შეეძლებათ საკუთარი წვლილის შეტანა განათლებაზე წვდომის გაზრდაში.

გვჯერა, 2022 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერსა და პარტნიორთან ერთად შევძლებთ ხელშესახები და რეალური ცვლილებების დაწყებას განათლებისთვის, უკეთესი მომავლისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: