მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს 5 მოადგილე დაუნიშნეს – ბათუმის საკრებულო

30.12.2021 • 2406
„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს 5 მოადგილე დაუნიშნეს – ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ 16-წევრიან ფრაქციას 1 თავმჯდომარე და 5 მოადგილე მართავს. ხუთივე მოადგილე საკრებულოს თანამდებობის პირია. აქამდე ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავდა. ფრაქციაში მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადია.

საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს.

რაც შეეხება  საკრებულოს რიგით წევრებს, ისინი მხოლოდ უფლებამოსილების განხორციელების ხარჯს იღებენ და არა ხელფასს. უფლებამოსილების ხარჯი ყოველთვიურად 600 ლარია. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს ეს თანხა ჯერ არ აუღიათ.

„ოცნების“ ფრაქციას ბათუმის საკრებულოში თენგიზ აფხაზავა ხელმძღვანელობს. მისი მოადგილეები არიან: ზურა ნაკაიძე [ის წინა მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო], გოჩა მგელაძე [წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა], ნერიმან ცინცაძე [წინა მოწვევის საკრებულოში რიგითი წევრი იყო], მინდია გოგუაძე – [ახალი საკრებულოს წევრი] და რიჩარდ სირაბიძე [ახალი საკრებულოს წევრი და „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე].

ფრაქციების თავმჯდომარის ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი ხუთი მოადგილის ხელფასებზე ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 12 900 ლარი დაიხარჯება.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თანამდებობის პირებმა ერთი თვის ხელფასები უკვე აიღეს.

გარდა ამისა, ფრაქციას ეკუთვნის სახელმწიფო ავტომანქანა, მძღოლის მომსახურება, საწვავი, სატელეფონო და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯი.

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას ფრაქციები ჯერ არ შეუქმნია. შესაბამისად, მათ ხელფასები არ აუღიათ და არც ის არის ცნობილი, რამდენ ფრაქციას შექმნიან.

ბათუმის საკრებულოში სულ 5 კომისია უნდა იყოს. იმის გამო, რომ ბათუმის საკრებულო ფაქტობრივად არ მუშაობს, კომისიების თავმჯდომარეები ჯერ არ აურჩევიათ. კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 2900 ლარია.

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. ოპოზიციამ უკვე ორჯერ სცადა სხდომის გამართვა, თუმცა „ქართული ოცნება“ არ გამოცხადდა. შესაბამისად, სხდომა ორივეჯერ ჩაიშალა.

თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე ჰყავდეს, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა.

გარდა ამისა, საკრებულოში ირჩევენ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, კომისიის თავმჯდომარეებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: