მთავარი,სიახლეები

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა 7 წლის თავზე ხელახლა უნდა დაიწყოს

29.12.2021 • 3930
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა 7 წლის თავზე ხელახლა უნდა დაიწყოს

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა ხელახლა უნდა დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე ხშირად საუბრობს, 7 წლის განმავლობაში ათეულობით პატიმარზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაწყებული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ დასრულდა. 7 წლის შემდეგ ამ საქმის განმხილველი მოსამართლე – დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა.

ამ შემთხვევაში საქმის განხილვა ხელახლა იწყება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის ინფორმაციით, საქმე მოსამართლე კოტე ჭილაიას დაეწერა, თუმცა სასამართლო სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.

ახალმა მოსამართლემ ხელახლა უნდა მოისმინოს მოწმეთა ჩვენებები. მოსამართლესთან ყოფილმა პატიმრებმა ისევ უნდა გაიხსენონ 10 ან 15 წლის წინ როგორ იქცეოდნენ ციხეში.

ამ საქმეში სულ 116 მოწმეა და დაახლოებით 50 მოწმე იყო დარჩენილი გამოსაკითხი. 116-ივე მოწმეს თავიდან უნდა მოუსმინონ სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ამ საქმეზე სათადარიგო მოსამართლე რომ ჰყოლოდა დანიშნული, ამ შემთხვევაში გამოკითხული მოწმეების ხელახლა გამოკითხვა საჭირო აღარ გახდებოდა, თუმცა სათადარიგო მოსამართლე ამ საქმეზე არ დაუნიშნიათ.

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომლებსაც პროკურატურა პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გირაოთი გაათავისუფლა. ის სასამართლო სხდომებს იშვიათად ატარებდა.

ამ საქმის განხილვა მაქსიმუმ 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოსამართლის პასუხისმგებლობაზე იუსტიციის საბჭოს არ უმსჯელია. პირიქით, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დაწინაურდა და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

მთავარი ფოტო: ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: