განათლება,მთავარი,სიახლეები

„პირადად დავეხმარები“ – რესურსცენტრის უფროსი 15 წლის მოზარდზე, რომელიც სკოლაში ვერ დადის

28.12.2021 • 8107
„პირადად დავეხმარები“ – რესურსცენტრის უფროსი 15 წლის მოზარდზე, რომელიც სკოლაში ვერ დადის

სკოლის მიღმა დარჩენილი 15 წლის მოზარდის, შოთა ბოლქვაძი სკოლაში დაბრუნების შესახებ, „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრს ესაუბრა და ჰკითხა, რა გზები არსებობს სისტემაში იმისთვის, რომ მოზარდმა სწავლის განახლება შეძლოს და საბაზო საფეხურის ატესტატი აიღოს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე ამბობს, რომ შოთას საბაზო განათლების ატესტატის მიღების ორი გზა აქვს. პირველი ის, რომ აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი და სწავლა გააგრძელოს იმ საფეხურიდან, რომელზეც შეწყვიტა, ამ შემთხვევაში მას ორი საფეხურით დაბალ კლასში მოუწევს სწავლის გაგრძელება, ან მეორე გზა – ჩააბაროს გამოცდები ექსტერნად და მიიღოს ატესტატი.

გოჩა დავითაძის თქმით, ექსტერნის გამოცდები 2022 წლის თებერვალში გამოცხადდება.

„როგორც წესი, ამ პერიოდში ცხადდება ხოლმე, განათლების მინისტრი ნიშნავს როგორც რეგისტრაციის, ასევე გამოცდების თარიღსაც. მე, პირადად, ჩავინიშნავ შოთა ბოლქვაძის მშობლის ტელეფონს და დავეხმარები როგორც რეგისტრაციაში, ასევე მომზადებაშიც. ავარჩევინებთ სკოლასაც, სადაც უნდა გამოცდის ჩაბარება და იქ ჩააბარებს. ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას და დავეხმარებით,“- გვითხრა გოჩა დავითაძემ.

რაც შეეხება პირველ ვარიანტს – სტატუსის აღდგენას და სწავლის გაგრძელებას სკოლაში, როგორც გოჩა დავითაძე ამბობს, ამაზე მშობელი თანახმა არ არის. „არ ივლის ბავშვიო, ასე გვითხრა. მესმის, რომ ასეთ შემთხვევაში მას ორი საფეხურით დაბალ კლასში მოუწევს დაჯდომა და აქვს უხერხულობა ამის გამო, ამიტომ შეუძლია ჩააბაროს გამოცდები ექსტერნად“.

რა უნდა გაეკეთებინა სკოლას შოთასთან მიმართებაში და რატომ არ არის მოსწავლე ამ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ინფორმირებული? – რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აქამდე იმიტომ ვერ მოხერხდა მოსწავლესთან დაკავშირება, რომ მშობელმა ტელეფონი გამოცვალა.

„როგორც მითხრეს, ტელეფონი გამოუცვლია მშობელს და ვერ ვუკავშირდებოდითო. როცა მოსწავლე 20 დღის განმავლობაში ზედიზედ აცდენს გაკვეთილებს, სკოლა ვალდებულია შეუჩეროს მოსწავლეს სტატუსი,“ – გვითხრა მან.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი ავადაა და ამის გამო ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს?

გოჩა დავითაძის თქმით, ამ შემთხვევაში მშობელმა სკოლას უნდა წარუდგინოს ექიმის ცნობა, რომ ბავშვს ხანგრძლივად სჭირდება მკურნალობა და შეუძლია მოითხოვოს შინ სწავლება. „შოთას შემთხვევაში ეს არ ყოფილა, მშობელს არ მოუმართავს შინ სწავლების მოთხოვნით სკოლისთვის,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.

როგორ უნდა მოიქცეს სკოლა, თუ მშობელს არ ჰყოფნის კომპეტენცია ამ საკითხში ან ხელს არ უწყობს შვილს განათლების მიღებაში? – ვკითხეთ მას.

„თუ მშობელმა ხელი არ შეგიწყო, ბავშვი დილით არ გააღვიძა, არ გამოუშვა სკოლაში, ძალიან რთულია, მაგრამ წელს უკვე შევიდა კანონში ცვლილება, სკოლაში შემოვიდნე სოცმუშაკები და ასეთ შემთხვევებში ისინი ჩაერთვებიან.

ახლა უკვე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, იმ პერიოდში კი ეს ვალდებულება სკოლას არ ჰქონდა. სოცმუშაკების სკოლაში შემოსვლით კი ეს პროცესი უფრო გამარტივდა,“ – გვითხრა გოჩა დავითაძემ.

ბუნებრივია, 15 წლის შოთას აკადემიური ჩამორჩენა აქვს, რადგან ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ჩართული სასწავლო პროცესებში. რა შეუძლია გააკეთოს სკოლამ, რესურსცენტრმა ამ ჩამორჩენის დასაძლევად? – ვკითხეთ რესურსცენტრის ხელმძღვანელს.

დავითაძე ამბობს, რომ რესურსცენტრი ექსტერნის გამოცდამდე შოთა ბოლქვაძეს კონსულტაციებს დაუნიშნავს და დაეხმარებიან მომზადებაშიც.

„მთავარია,  გამოცხადდეს, როცა ჩვენ გრაფიკს დავუნიშნავთ. მეცადინეობაშიც დავეხმარებით, დარეგისტრირებაშიც. მთავარია, მშობელი და ბავშვი წამოგვყვეს და მშობელმა ტელეფონი არ გამოცვალოს“.

რაც შეეხება სკოლას, „ბათუმელები“ დირექტორს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ შოთა ბოლქვაძეს სკოლა არ მიეტოვებინა.

მე-11 სკოლის დირექტორი მანანა მიქელაძე ამბობს, რომ შოთა მის სკოლაში ბოლო ორი წელი სწავლობდა. სკოლაში კი მეშვიდე კლასის შემდეგ აღარ უვლია.

„ჩარჩენილია კლასში, რადგან ორი წელი არ უვლია სკოლაში, ოჯახის მხრიდანაც ნაკლები მზრუნველობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვთხოვეთ მშობელს, რომ გამოეგზავნა სკოლაში, მაგრამ არ დადიოდა. თვითონ, ბავშვმა და მშობელმაც ხომ უნდა მოინდომონ,“ – ამბობს დირექტორი.

ჩვენ დირექტორს ასევე ვკითხეთ, თუ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი მოსწავლე კლინიკაში მკურნალობდა და შესთავაზეს თუ არა შინ სწავლება?

დირექტორის თქმით, მოზარდის ავადმყოფობაზე ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, არც შინ სწავლა შეუთავაზებიათ.

„მე ბევრჯერ ვთხოვე დედამისს, რომ დაამთავრებინეთ მე-9 კლასი, რადგან საბაზო საფეხურია, სავალდებულოა-მეთქი, მაგრამ ხან მეუბნებოდა ბავშვი მუშაობს და ვერ მოდისო, ხან ვერ დგებაო და ასე გავიდა წლები.

შინ სწავლას რაც შეეხება, მაშინ ონლაინსწავლება არ იყო და ავად თუ იყო, სამედიცინო ცნობა უნდა წარმოედგინა, ასეთი რამ არ მოუტანია. მშობელი ცდილობს, რომ მისი უყურადღებობა სხვას გადააბრალოს,“ – გვითხრა დირექტორმა.

მისი თქმით, თუ მშობელი არღვევს ბავშვის უფლებას, მის დასაცავად სკოლას არანაირი ბერკეტი არ აქვს. „ჩვენ მხოლოდ შეთავაზება შეგვიძლია, რომ მოიყვანოს ბავშვი.

ამ შემთხვევაშიც, შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ მოიყვანოს ბავშვი, დავეხმარებით მომზადებაში, რომ ჩავაბარებინოთ გამოცდები ექსტერნად.“

დირექტორის თქმით, შოთას მსგავსი პრობლემის წინაშე სკოლაში ბევრი მოზარდია, რომლებიც სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ და შესაძლოა ისინიც განათლების გარეშე დარჩნენ.

„ძალიან ბევრი მყავს ისეთი ბავშვი, რომელთა მშობლები ზოგი უცხოეთშია, ზოგი სად. ბავშვები დარჩენილი არიან ნათესავების ამარად და არ აქვთ სათანადო მზრუნველობა.

რა გააკეთოს ასეთ დროს სკოლამ, მივიდეს სახლში, გააღვიძოს ბავშვი და ისე მოიყვანოს სკოლაში? სახლში მასწავლებელი ვერ მივა,“ – გვითხრა მანანა მიქელაძემ.

შოთა ბოლქვაძე 15 წლის მოზარდია, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერ კიდევ 10 წლის ასაკიდან მუშაობს და სკოლაში სათანადოდ სიარულს ვერ ახერხებდა. შემდეგ კი შრომას ავადმყოფობა დაერთო და ის სასწავლო პროცესის მიღმა აღმოჩნდა.

შოთას სურს საბაზო საფეხური დაასრულოს და ატესტატი აიღოს, რომ პროფესიულ კოლეჯში შეძლოს სწავლის გაგრძელება. ატესტატის გარეშე ეს შეუძლებელია.

„ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შოთას დედასაც – ქალი ამბობს, მოზარდს მეცადინეობაში ხელს შეუწყობს.

შოთას შესახებ უფრო ვრცელი ამბავი შეგიძლიათ ნახოთ „ბათუმელებზე“ და ვიდეოში.  

გადაბეჭდვის წესი