მთავარი,სიახლეები

რატომ წყდება გზა ბულვარიდან გონიომდე – ჭოროხით გაყოფილი პრომინადი და ველობილიკი

27.12.2021 • 2943
რატომ წყდება გზა ბულვარიდან გონიომდე – ჭოროხით გაყოფილი პრომინადი და ველობილიკი

ბათუმის ბულვარში ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა მხოლოდ ჭოროხის შესართავამდეა შესაძლებელი, იმის მიუხედავად, რომ ბათუმში დაახლოებით 14-კილომეტრიანი პრომინადი და ველობილიკი გვაქვს – ეშმაკის ბორბლიდან კვარიათამდე. ეს ბილიკი მდინარის შესართავთან წყდება, ვინაიდან მდინარეზე ხიდის არარსებობის გამო ველობილიკი მოწყობილი არაა.

ჭოროხის შესართავთან საავტომობილო გზაც წყდება, მანამდე რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით სრულდება პრომინადი და ველობილიკიც, თუმცა ველომოყვარულები აქამდეც არ მოდიან. ისინი ძირითადად აეროპორტთან ბრუნდებიან ქალაქისკენ, რადგან ველობილიკის გავლა ჭოროხამდე რთულია – გზაზე წყლის გუბეებია და მძიმე სუნი, რომელიც პერიოდულად აღწევს ბათუმის ნაგავსაყრელიდან.

ველობილიკი ჭოროხის დელტასთან მისვლამდე/ ბათუმის ბულვარში ველობილიკი ეშმაკის ბორბლის მიმდებარედ იწყება. აქედან ჭოროხის შესართავამდე 8 კილომეტრია. გონიო-კვარიათის ბილიკის სიგრძე კი – 3 კილომეტრი. ამ ბილიკებს ერთმანეთისგან ჭოროხის დელტა ჰყოფს.

ბულვარისა და გონიო-კვარიათის პრომინადებს შორის მანძილი მდინარის შესართავთან და ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ, დაახლოებით 2.5 კილომეტრია.

მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია ამ მონაკვეთში რა ფორმით უნდა განვითარდეს ქალაქი – აშენდეს კაზინოები თუ სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. გაურკვეველია აეროპორტის ბედი და ნაგავსაყრელის კონსერვაციის ზუსტი პერიოდიც.

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელებისა და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი – ამ სათაურით, ამავე პრობლემაზე „ბათუმელები“ 2020 წლის თებერვალშიც წერდა. მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ საჭირო კვლევებისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდათ.

საუბარია იმაზე, რომ ჭოროხის დელტა მდებარეობს გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთ ძირითად მარშრუტზე და ეს ადგილი შედის ბერნის კონვენციის განხორციელების ძირითად მექანიზმად აღიარებულ ზურმუხტის სარტყელში.

კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს, სად და რა ფორმით უნდა გაკეთდეს ავტომანქანებისთვის ხიდი ჭოროხზე.

შესაძლებელია თუ არა საავტომობილო ხიდამდე მოწყობილიყო პრომინადი და ველობილიკი, რაც გადამფრენ ფრინველებს და „ზურმუხტოვან სარტყელს“ ხელს არ შეუშლიდა? – „ეს ერთიანი პროექტის ნაწილია,“ – გვიპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

სამინისტროში დღეს, 27 დეკემბერს, ვიკითხეთ: რა ეტაპზეა ჭოროხის დელტაზე ხიდის მოწყობის იდეა და რატომ ვერ აწყობენ საავტომობილო ხიდის მოწყობამდე პრომინადს და ველობილიკს?

„აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობის და ბულვარის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტის მომზადებაზე და ზოგადად, პროექტის დაფინანსებაზე მზაობა გამოთქვა. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ბულვარის გაგრძელების ტექნიკური დოკუმენტის მომზადების შემდეგ, უკვე დაიწყება პროცედურები კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაზე,“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრიდან.

აქ უპასუხოდ დატოვეს კითხვები: რატომ არ დაიწყო კვლევა ამ დრომდე, თუკი შეთანხმება დაახლოებით ერთი წლის წინ შედგა? რამდენი ლარი ჯდება კვლევა? როდის დაიწყება კვლევითი სამუშაოები და რა დრო დასჭირდება ამას?

ველომოყვარულები ძირითადად აეროპორტთან ბრუნდებიან უკან, ქალაქისკენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: