ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, როდის დაიწყება ნარჩენების მიღება?

26.12.2021 • 2540
ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, როდის დაიწყება ნარჩენების მიღება?

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან დასრულებულია და ნარჩენების მიღება 2022 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. მანამდე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ ნაგავსაყარისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს.

ახალი ნაგავსაყარის ამუშავების პარალელურად დაიწყება ბათუმისა [ადლიაში] და ქობულეთის [ორი] არსებული ნაგავსაყარების დახურვის სამუშაოები, რასაც ასევე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ შეასრულებს.

ახალი ნაგავსაყარის ექსპლუატაციის ვადა, რომელიც 35 წელზეა გათვლილი, შესაძლოა ცოტათი შემცირდეს, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც ნაგავსაყარზე დაამოტაჟებენ დანადგარს, რომელიც ადგილზე მისაღები ნარჩენების რაოდენობას გაზრდის.

საქმე იმაშია, რომ ვიდრე ნაგავსაყარი აშენდებოდა, აჭარაში ნარჩენების შეგროვების არეალიც გაიზარდა და, შესაბამისად, ნარჩენების ოდენობაც.

ახალი ნაგავსაყარის ტერიტორია ცეცხლაურში

ახალ ნაგავსაყარს,თავდაპირველი გათვლებით, წლის განმავლობაში 75 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენები უნდა მიეღო. დღეს კი, ეს რაოდენობა 120 ათას ტონამდეა გაზრდილი, ამიტომ საპროექტო გათვლები კეთდება ისე, რომ ნაგავსაყარმა წელიწადში 150 ათას ტონამდე ნარჩენი მიიღოს.

ახალი ნაგავსაყარის ტერიტორია /ნაგავსაყართან მისასვლელი გზის ორივე მხარეს, და შიგა თავისუფალ ტერიტორიებზე 7 000 ძირზე მეტი წიწვოვანი ხე-მცენარეები გააშენეს/ ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

„აჭარის ნაჩენების მართვის კომპანიის“ სკრინინგის ანგარიშიდან:

ახალ ნაგავსაყარზე მოხდება ნარჩენების დახარისხება. ამასთან, სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსებისთვის იქნება სპეციალური კონტეინერი. საშიში ნარჩენები ზემოთაღნიშნულ კონტეინერში განთავსდება დროებით და დაგროვების შესამაბისად, ის სათანადო გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, გაუვნებლობის მიზნით, გადაეცემა სპეციალური ნებართვის მქონე ორგანიზაციებს.

ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონისათვის შეთავაზებულია გაზის ელექტროენერგიად გარდაქმნა, სისტემაში გაზის ძრავების დამატებით, რაც უკვე მოწყობილია ადგილზე.

ნაგავსაყრელის გაზის მთლიანი რაოდენობა სრული ციკლის დროს დაახლოებით 700 მილიონ მ/კუბია. ნარჩენებისგან აირების გამოყოფის სრული პერიოდი კი შეფასდა 70 წლით.

დოკუმენტის მიხედვით, გაზის დამჭერი მილების დაინსტალირება ნარჩენების ფენებში უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ რაც დაგროვდება ნარჩენების საკმარისი რაოდენობა შუალედური გადაფარვისათვის – ოპერირების დაწყებიდან 2-3 წლის შემდეგ.

„საწყის ეტაპზე აირი აუცილებლად უნდა შეგროვდეს და დაიწვას. გაზის რაოდენობის მატებასთან ერთად კი, ის შეიძლება მიეწოდოს ნაგავსაყრელის ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს და/ან ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან, გაზი შესაძლოა გამოყენებული იქნას ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მიმდებარე მოსახლეობის მომარაგების მიზნით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება არსებულ ნაგავსაყარს ბათუმის ადლიის დასახლებაში, სერიოზული პრობლემაა გამონაჟონისა და ნაგავსაყრელის აირების შემკრები და გამწმენდი სისტემების არ არსებობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, ხორციელდება პროექტი, ბათუმის ნაგავსაყრელის სათანადოდ დახურვისა და ტერიტორიის აღდგენის კუთხით.

ახალი ნაგავსაყარის ტერიტორია / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა. ბოლო ინფორმაციით მშენებლობა გასულ, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო:

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა.

ამავე თემაზე ვრცლად, ბათუმელების არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/244261/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: