მთავარი,სიახლეები

პეტიცია პიროტექნიკის გაყიდვისა და გამოყენების შეზღუდვის მოთხოვნით

23.12.2021 • 2460
პეტიცია პიროტექნიკის გაყიდვისა და გამოყენების შეზღუდვის მოთხოვნით

საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად ათობით ბავშვი და ზრდასრული ზიანდება საქართველოში. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩის ცხოველებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, პიროტექნიკა, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის რომ ხელმისაწვდომია, ამაში ჯერ კიდევ წინასაახალწლო პერიოდში ქუჩაში გავლისასაც დარწმუნდებით.

პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია-გამოყენებაზე ეფექტური შეზღუდვების დაწესებასა და ზედამხედველობის გამკაცრების მოთხოვნით, მოაქალაქეები მთავრობას პეტიციით მიმართავენ.

„არებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქებისა ან აალების შედეგად ხშირად აქვს ადგილი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს, მათ შორის, დამწვრობებსა და იმგვარ ტრავმებს, რაც კიდურის ამპუტაციის საჭიროებას წარმოშობს.

  • არსებული სტატისტიკით, 2017 წლის დასაწყისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა. 2018 წლის იანვარში, თბილისში მოქმედ სამედიცინო  დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულ იქნა 44 ადამიანი, მათ შორის, 24 არასრულწლოვანი.  პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად  სხეულის დაზიანებები დაფიქსირდა ასევე 2019 წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კერძოდ, 3 იანვრის მონაცემებით, თბილისში არსებულ დამწვრობის ცენტრს  მიმართა 30-მა პაციენტმა. ქუთაისში დაშავდა 11, რუსთავში – 4 (მათ შორის,  2 მცირეწლოვანი ბავშვი), ხოლო, ბათუმში 10-მდე ადამიანი. 2021 წლის  31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით დაშავდა 81 ადამიანი.
  • პიროტექნიკის საშუალებების გამოყენება მომეტებული საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ გარემომცველი ცოცხალი სამყაროსთვის, ცხოველებისა და ფრინველებისთვის. აღნიშნული განსაკუთრებით მძიმედ აისახება ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე. ამ დრომდე, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალით დასტურდება, რომ  მას უკვე ემსხვერპლა არაერთი ცხოველი.
  • ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საშუალებების გამოყენება მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოზე. მაგალითად, ცნობილია, რომ ფეიერვერკები შემადგენელი ნივთიერებების საშუალებით წარმოქმნის დამაბინძურებლების 8-ჯერ მაღალ კონცენტრაციას ატმოსფეროში. გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის წარმოებისთვის ბევრი ნაკეთობა შეიცავს ოქსიდატორებს (ასევე, ცნობილია როგორც პერქლორატები), რაც აბინძურებს მდინარეებს, ტბებსა და სასმელ წყალს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები ნორმატიულ დონეზე. ასევე, მოვითხოვთ, რომ  მოხდეს ეფექტური ზედამხედველობა ამ შეზღუდვების პრაქტიკაში აღსრულებაზე,” – წერია პეტიციაში.

პეტიციას 5000 ხელმოწერა სჭირდება. ამ დროისთვის მას 2364 ადამიანი აწერს ხელს.

ამავე თემაზე:

საქართველოში საახალწლო პიროტექნიკით 111 ადამიანი დაშავდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: