მთავარი,სიახლეები

შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

22.12.2021 • 2793
შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

დღეს, 22 დეკემბერს, შუახევში თოვის გამო სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია.

ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გზები ჩაიკეტა და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხულოშიც.

შუახევის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 30 – 40 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში – 60 – 80 სანტიმეტრი. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ინტენსიურად წმენდენ სოფლებთან მისასვლელ გზებს, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდული არ არის.

შუახევის სოფლებში აქვთ ელექტროენერგიის პრობლემაც, თუმცა შუახევის მერიის ინფორმაციით, 1500 აბონენტს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და მიმდინარეობს დაზიანებული გადამცემი ხაზების აღდგენის სამუშაოები.

შუახევის სოფლებთან მისასვლელ გზებს წმენდენ. შუახევის მერიის პრესცენტრის ფოტო

თოვლის საფარი დაბალია ან საერთოდ არ არის აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. ქედის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ აქ თოვამ მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა 4 სოფელში და მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები.

ქედის სოფლებთან მისასვლელ გზები არ ჩაკეტილა. ქედის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრზე მეტია.

ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის თქმით, ხელვაჩაურში გადაადგილების პრობლემა მხოლოდ ზედა ჩხუტუნეთში შეიქმნა და ამ დროისთვის გზებს წმენდენ. ამავე სოფელში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ქობულეთის სოფლებშიც გათოვდა, თუმცა აქ თოვლის საფარი დაბალია. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას უამინდობის გამო ქობულეთის სოფლებში მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: