განათლება,მთავარი,სიახლეები

10 წლიდან ვმუშაობ, ავად ვარ და ვერც ატესტატი ავიღე – 15 წლის შოთას ისტორია

27.12.2021 • 14123
10 წლიდან ვმუშაობ, ავად ვარ და ვერც ატესტატი ავიღე – 15 წლის შოთას ისტორია

შოთა ბოლქვაძე 15 წლისაა. სულ რაღაც 10 წლის იყო, როცა მუშაობა დაიწყო – საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა. მერე ავად გახდა და სკოლაში ვეღარ შეძლო სიარული. შოთა მეზღვაურობაზე ოცნებობს, თუმცა ატესტატი არ აქვს.

შოთას ოჯახში მასთან ერთად კიდევ ათი ადამიანი ცხოვრობს – შოთას მშობლები, ბებია-ბაბუა, მისი და-ძმები და 3 წლის დისშვილი. ყველაზე პატარა შოთას 6 თვის ძმაა. შოთას სკოლაში სწავლის პარალელურად ფიზიკური მუშაობა სიღარიბის გამო უწევდა. „ათი წლიდან ვმუშაობ“, – გვეუბნება ის.

„მამაჩემი წყლის მოხელეა და ხშირად დავყვებოდი სამუშაოზე. წყლის მილების ტარება, გადატანა-მიწოდება მიწევდა ხოლმე. ზოგჯერ კაფელზეც ვმუშაობდით. გააჩნია, სად გამოჩნდებოდა სამუშაო.

სეზონურ სამუშაოებზეც მიწევდა შრომა, მანდარინის კრეფაზე დავდიოდით“, – ამბობს შოთა.

შოთა პატარა დისშვილს თხილს უტეხს

საუბარში გვერთვება შოთას დედა – ინგა, რომელიც ამბობს, რომ შოთა საოჯახო საქმეებშიც ეხმარება.

„ფაქტობრივად, პატარა და-ძმები მისი გაზრდილია. როცა სამუშაოზე გავდიოდი, ბავშვებს მას ვუტოვებდი, შემდეგ კი მამას გაჰყვებოდა.

მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს, კაფელზე მუშაობს, მანდარინს კრეფს. არადა, მისი დატვირთვა არ შეიძლება“, – გვეუბნება ინგა, შოთას დედა.

  • „არავინ მომიკითხა სკოლიდან“

შოთას მეცხრე კლასი არ დაუსრულებია. ერთი წლის წინ თავი ცუდად იგრძნო, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს. კლინიკაში რამდენიმე კვირა დაჰყო, შემდეგ კი მკურნალობა სახლში გააგრძელა.

ავადმყოფობის გამო სკოლაში ვერ იარა და სასწავლო პროგრამასაც ჩამორჩა.

„როცა ავად იყო, არავინ მოიკითხა, არც დირექტორმა, არც დამრიგებელმა, როცა მომჯობინდა და მივედით სკოლაში, კლასში ჩავტოვებთო – გვითხრეს. ამის გამო საერთოდ აღარ ისურვა სწავლის გაგრძელება. სხვა კლასელებთან ერთად არ დავჯდებიო“, – ამბობს დედა.

„არავის დაურეკავს და უკითხავს, როგორ ხარ, აპირებ თუ არა სწავლას, როგორ აპირებ ცხოვრებას… ვიცი, რომ ზოგ სკოლაში დირექტორი კითხულობს ბავშვებს, ზოგან – დამრიგებელი ან მანდატური. მე არავის მოვუკითხივარ. არც თანაკლასელებს. ხანდახან ქუჩაში თუ გადავეყრებით, ეგ არის“, – გვეუბნება შოთა.

შოთა ბოლქვაძე, 15 წლის

მისი თქმით, სასკოლო გარემო მაინც და მაინც არც ადრე ყოფილა მის მიმართ მეგობრული. „ყველა თავისთვის იყო, არავის არავინ აინტერესებდა“, – გვეუბნება ის.

მეგობრები ძირითადად იმ უბანში ჰყავს, სადაც ცხოვრობს. ისინი სკოლაში დადიან და შოთაზეც შესტკივათ გული. „კარგი იქნება, შენც რომ იარო ჩვენთან ერთად, ატესტატსაც აიღებდი და ისწავლიდიო – მეუბნებიან“.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, საბაზო განათლება ბავშვისთვის სავალდებულოა. შოთას შემთხვევაში კი, ეს უფლება დაირღვა. მან ვერ მოახერხა საბაზო საფეხურის დასრულება, შესაბამისად, ვერც ატესტატი აიღო, ამიტომ ვერც პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას.

„ამის გამო ძალიან მწყდება გული, რადგან მეზღვაურობა მინდა და სწავლის გაგრძელებას ვერ ვახერხებ. იქნებ ჩემი ცხოვრებაც შეცვლილიყო და ჩემი ოჯახის წევრებისაც“, – გვეუბნება შოთა.

მალე შოთას გამოკვლევები უწევს, გულზეც უნდა გადავუღოთო, – ამბობს დედა, თუმცა ოჯახს ფინანსების პრობლემა აქვს.

„ვნახოთ, რა იქნება“, – გვეუბნება დედა.

  • უსახლკაროდ – 6 შვილით, უშუქო სახლში

სიღარიბის გამო შოთას ბევრ სურვილზე უწევს უარის თქმა.

15 წლის ბიჭს ბავშვობიდან უწევდა თავის და-ძმაზე ზრუნვა და ახლაც მათზე ფიქრობს. როცა ვკითხეთ – რის შეძენას ისურვებდა, მაშინაც კი თავისი და-ძმა გაახსენდა. „კარგი იქნება, მათთვის კარგი ჩასაცმელი რომ მეყიდა… ჩემთვისაც. რამე ისეთი, როგორც სხვა ჩემს თანატოლებს აქვთ“, – ამბობს შოთა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათ არც საკუთარი ბინა აქვთ.

შოთას და მის და-ძმებს სახლი არ აქვთ, 10-სულიანი ოჯახი ნაქირავებში ცხოვრობს.

„ექვსი შვილი მყავს, პატარა 6 თვისაა. ადრე ქედაში, სოფელ კვაშტაში ვცხოვრობდით, მაგრამ მეწყერმა დაგვიზიანა კარმიდამო. შემდეგ ჩელტაში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში შევსახლდით. ფართობი საკუთრებაში არ გვაქვს, ამიტომ არც შუქის გაყვანის უფლებას გვაძლევენ. ხან ვისგან გამოგვყავდა და ხან ვისგან. ახლაც ჩახსნილი გვაქვს შუქი.

ამ ზამთარში ბავშვებს იქ ვერ გავაჩერებდი, ამიტომ ბათუმში გადმოვედით. ეს სახლი ჩემმა ძმამ იქირავა, დროებით აქ ვართ“, – გვეუბნება ინგა.

ქალი გვიყვება, რომ ბინის თხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

ოჯახში ყველაზე პატარა 6 თვისაა.

„ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობაა. ათას ლარამდე ვიღებთ, მაგრამ ათი ადამიანი ვცხოვრობთ ოჯახში. პატარა ბავშვებს მეტი სჭირდებათ.

ბავშვებმა სწავლა ვერ მოახერხეს. ჩემი ერთი გოგონა 16 წლის იყო, როცა დაქორწინდა. არ ვიყავი ნაადრევი ქორწინების მომხრე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. შემდეგ მალე დაშორდა მეუღლეს და ახლა ისიც თავის 3 წლის შვილთან ერთად ჩვენთან ცხოვრობს.

დედის თქმით, შოთა პატარაობიდან ზრუნავდა თავის და-ძმაზე

უფროსი გოგოც ადრე დაქორწინდა და ისიც დაშორდა. ძალიან განიცადა და ამის გამო ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ვერ მეხმარება, რადგან ჩემი შვილი ექიმთან არ მიდის კონსულტაციაზე, მე კი უფლება არ მაქვს რამე ვაიძულო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მინდა დავეხმარო, არ მინდა ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს“, – გვეუბნება ინგა.

ოჯახური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელება ვერც ლუკამ შეძლო. მეცხრე კლასი არც მას დაუსრულებია, ამიტომ ვერც ის ახერხებს პროფესიული განათლების მიღებას. ლუკა 17 წლისაა და მიკროავტობუსების გამცილებლად მუშაობს. სკოლაში, ჯერჯერობით, მხოლოდ მათი ერთი ძმა – ბექა დადის.

„ძალიან მინდა, რომ სწავლა დაასრულოს. აეროპორტში უნდა მუშაობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო. ლუკაზე და შოთაზეც ძალიან ვდარდობ, რადგან ატესტატები არ აქვთ, გოგოებს საბაზო განათლება მაინც აქვთ.

გული მტკივა, რადგან სიღარიბის გამო შვილები მეჩაგრება“, – გვეუბნება ბავშვების დედა, ინგა.

__________________________

მკითხველთა თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.

შოთა ბოლქვაძის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – შოთა ბოლქვაძის მხარდაჭერა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: