მთავარი,სიახლეები

„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

21.12.2021 • 14541
„ერთი დღე ვისვენებ, ამ დროსაც კიდევ ერთ სახლს ვალაგებ“ – ემიგრანტი საბერძნეთიდან

17 წელია უსაბუთოდ ცხოვრობს საბერძნეთის ერთ პატარა ქალაქში. ექიმიც რომ დასჭირდეს, პრობლემა შეექმნება. საქართველოში 17 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეძლო ჩამოსვლა. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილ 57 წლის ციალა შავაძეს ყველაზე ძალიან მოხუცთან ერთად ოთხ კედელს შორის ცხოვრება გაუჭირდა.

უცხოეთში წასვლა, როგორც გვეუბნება, გაჭირვებამ და უფულობამ გადააწყვეტინა. ციალას სიტყვებით „არ იყო მეტი გზა”.

რას ჰყვება ციალა შავაძე, ემიგრანტი საბერძნეთიდან: 


ვარ ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან, მე არ ვარ დაქორწინებული.

როცა ჩამოვედი, ყველაზე ძნელი უსაბუთობა იყო, ენის არცოდნა და ოჯახისგან მოწყვეტა.

ამ წლების განმავლობაში ვიყავი საქართველოში ორჯერ თუ სამჯერ. დედის ავადმყოფობის გამო ჩამოვედი, მაინც პრობლემები იყო და უკან დაბრუნება მომიხდა ისევ.

ყველაფერი გადამაქვს იმ იმედით, იმ დროის ნატვრით, რომ დავბრუნდები და ჩემს ოჯახში, ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები თბილად და ტკბილად.

აქ [ბერძნები] მოსიყვარულე ხალხია, არ გვაგრძნობინებენ, რომ მოსამსახურეები ვართ და ამით ბედნიერი ვარ.

ჩემი დილა ბებიის მოვლით იწყება, დედა რომ გყავდეს სახლში, არ შეეძლოს და ხელის დაბანით, საუზმის მომზადებით დაწყებული ყველაფერში რომ სჭირდებოდეს დახმარება – ასეა. დღე იწყება ამით და ამითვე ღამდება. სახლში მხოლოდ მე და ბებია ვართ, ჰყავს შვილები. მოდიან კვირაში ერთხელ, რაც გვჭირდება, მოაქვთ ჩვენთვის და მიდიან.

ძნელია, როცა დედა გყავს მისახედი და სხვას უყურებ, ეს არის მგონი დიდი სასჯელი, ამის გამო შეიძლება ადამიანს ფსიქიკაც შეერყეს.

დიდი მოთმინება და დიდი გამძლეობა გვჭირდება.

ყველა ემიგრანტი ელოდება ცვლილებებს და სიახლეებს სამშობლოში, რომ დაბრუნდნენ შვილებთან, შვილიშვილებთან იცხოვრონ, პურის ფული ჰქონდეთ და მეტი არაფერი უნდათ.

ვისურვებდი, ჩვენი მთავრობა, სახელმწიფო, ისე გაძლიერებულიყოს, ისეთი ხალხი მოსულიყოს სათავეში, რომ ეს გაეთვალისწინებინოს.

  • 17 წელი ემიგრაციაში, არალეგალურად 

17 წელია უსაბუთოდ ვარ. ძნელია შიშით ცხოვრება, როცა ვერ გადიხარ ქუჩაში, გეშინია, რამე არ შეგემთხვეს. საავადმყოფო რომ დაგჭირდეს, წასვლა, წამოსვლა, საბუთები აუცილებელია და მეშლება ხელი.

საქართველოში დედა ისე მომიკვდა, ვერ ჩამოვედი, ამაზე ძნელი მგონი არაფერია. ჯოჯოხეთში ვიცხოვრე მთელი წელი. 2 წლის წინ გარდაიცვალა და მას მერე ღამე უცრემლოდ არ მიძინია.

მყავს 8 და-ძმა, შვილებიც ჰყავთ. ძალიან მენატრებიან და მიყვარან. მრავალშვილიან ოჯახში ვარ გაზრდილი და ჩემთვის ყველაზე ძნელი გადასალახი იყო მარტო ყოფნა ეს წლები, ბებიასთან ერთად.

საქართველოში ამბობენ ხოლმე: თუ რთულია ემიგრანტობა, რატომ მიდიხარ ისევო. არადა, როცა უყურებ რაღაც შეგიძლია ოჯახისთვის გააკეთო, დისთვის, ძმისთვის, თავისთვისაც, რა თქმა უნდა, და დაეხმარო ოჯახს, ფეხზე დააყენო, იღებ ამ პასუხისმგებლობას და დგამ ამ ნაბიჯს, მით უფრო, რომ უკვე ენა კარგად ვისწავლე და ხალხი გავიცანი. საბერძნეთში უკვე ისე ვარ, როგორც საკუთარ ქალაქში, 17 წელი ცოტა არაა.

ვისურვებდი, საქართველოში ისეთი მთავრობა მოვიდეს, თუ ემიგრანტებს ვერ დააბრუნებენ და ვიცი, რომ ეს ადვილი არ არის, ისე მაინც მოხდეს, რომ ნუღარავინ წავა და ამ ჯოჯოხეთს ნურავინ გამოივლის, არავის ვუსურვებ.

ემიგრანტობით ვიყიდე ქალაქში ბინა. დედა მყავდა ავად და დახმარება სჭირდებოდა. ახლა ძმა მყავს 45 წლის, პენსიონერია, არ შეუძლია მარტო ცხოვრება და გადაადგილება, ვეხმარები ჩემს ძმას. ცოტ-ცოტას ყველას ვეხმარებოდი და-ძმებს, როგორც შემეძლო.

კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ვისვენებ, ისიც 8 საათით. ამ დროსაც იმისთვის ვიყენებ, რომ გავდივარ და კიდევ ერთ ოჯახს ვალაგებ. დარჩენილ ორ- სამ საათს მეგობარს ვნახულობ, თბილისიდანაა ეს გოგო. ყავას ვსვამთ, ვსაუბრობთ და ამასობაში ჩემი თავისუფალი დროც მთავრდება.

დანარჩენ დღეებს ოთხ კედელში ვატარებ. ასე ვართ. იშვიათად ბებიას ვინმე ნათესავი მოვიდეს და შეგცვალოს ერთი ან ორი საათით, მაღაზიაში რომ გახვიდე რამე თუ გინდა, რაღაც რომ მოასწრო, იყიდო ან გაგზავნო საქართველოში ვინმეს გულის გასახარად.

ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ, გადარბენაზე.

_________________________________________________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: