მთავარი,სიახლეები

ნათია კაპანაძე მოსამართლეს: „ისევ ვაპირებ მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

15.12.2021 • 2940
ნათია კაპანაძე მოსამართლეს: „ისევ ვაპირებ მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

„იქნებ, სხვა კუთხით შეხედოთ,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს, ნატა იმედაშვილს, რომელმაც დღეს, 15 დეკემბერს, მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორის – ნათია კაპანაძის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი თანამშრომლებთან კომუნიკაცია იყო.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის 17 მიზეზიდან ერთ-ერთი სწორედ კომუნიკაციის პრობლემა დაასახელა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის აპრილში ნატა იმედაიშვილის ხელმძღვანელობით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეს ძირითადად ამ საკითხის ირგვლივ დაუსვეს კითხვები.

„დირექტორი ხელმძღვანელია და იქნებ მისი გვერდის ავლით არ უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრები სამსახურების უფროსებთან?… იქნებ სწორი ფორმა ის იქნებოდა, რომ დირექტორთან ერთად დასმულიყო ეს საკითხები,“ – შეკითხვა გაუჩნდა მოსამართლესაც მას შემდეგ, როცა ნატა იმედაშვილმა თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში სამსახურების უფროსები თავს იკავებდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან კომუნიკაციაზე.

ნატა იმედაშვილმა ჩვენება მისცა სასამართლოს 23 ივნისსაც. დღეს კი, მისი გამოკითხვის პროცესი გაგრძელდა.

ნატა იმედაშვილის განმარტებით, ბორდმა ნათია კაპანაძისგან წერილიც მიიღო სამსახურების უფროსების ბორდში დაბარებაზე. მოწმემ ამონარიდიც წაუკითხა მოსამართლეს ამ წერილიდან. წერილის მიხედვით, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს სთხოვდა დირექტორის ინფორმირებას.

„მე ეს წერილი აღვიქვი, როგორც კომუნიკაციის შეზღუდვა, ეს იყო პრობლემა გამოხატვის თავისუფლების კუთხით… ჩვენი ინტერესი იყო ის, რომ პრობლემები, რომლებიც იყო ტელევიზიაში, გვესაუბრა მმართველი საბჭოს წევრებთან,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა.

„ეს მმართველი საბჭო რომელი რგოლია?“ – დაინტერესდა მოსამართლე.

„ის, დირექტორი რომ ხელმძღვანელობს და საქმის კურსში რომ არ უნდა ყოფილიყო,“ – ნათია კაპანაძემ უპასუხა მოსამართლის კითხვას.

„ამ წერილით ირკვევა, რომ ის არაა წინააღმდეგი კომუნიკაციის, იმის, რომ მოხდეს შეხვედრა, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეთ და მითხარითო,“ – დიალოგში პაატა დიასამიძე ჩაერთო და ნათია კაპანაძის წერილი დაიჭირა ხელში. პაატა საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია სასამართლოში ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.

„ჩვენ ვაწვდიდით მას ამ ინფორმაციას,“ – თქვა ნატა იმედაშვილმა.

„სად არის ეს წერილები?“ – იკითხა ისევ პაატა დიასამიძემ. მას ნატა იმედაშვილმა წერილები ვერ აჩვენა, მაგრამ დასძინა, რომ „დირექტორი საქმის კურსში იყო“.

„ეს სიცრუეა,“ – მოსამართლეს გახედა ნათია კაპანაძემ და მხოლოდ ეს თქვა.

„თქვენი ფუნქცია ხომ ეს იყო, რომ მედიატორის როლი შეგესრულებინათ,“ – მიმართა აჭარის ტელევიზიის ბორდის ყოფილ ხელმძღვანელს საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ და განმარტება ითხოვა, რატომ იყო ბორდისთვის მისაღები სამსახურების უფროსები ცალ-ცალკე დაბარება ბორდის სამუშაო ოთახში და არა დირექტორთან ერთად.

„თქვენ ქმნიდით რაღაც ცალკე კლასტერს,“ – მოწმეს მიუბრუნდა საია-ს იურისტი ილონა დიასამიძე.

„ვის რა შეუზღუდა დირექტორმა?“ – პრობლემის დაკონკრეტება ითხოვა მოსამართლემ.

„აუკრძალა საერთოდ ჩვენთან შემოსვლა მმართველი საბჭოს წევრებს,“ – უპასუხა მოსამართლეს ნატა იმედაშვილმა. მისივე განმარტებით, მმართველი საბჭოს წევრებთან ბორდს კითხვები სამართლიანი შრომის ანაზღაურების საკითხზე ჰქონდა.

„თქვენ საჯარო სხდომა მოიწვიეთ ამ საკითხზე, რაც მიგაჩნიათ, რომ ასეთი მწვავე იყო?“ – მიმართა ნატა იმედაშვილს ნათია კაპანაძემ და მაუწყებლობის შესახებ კანონის კონკრეტულ ჩანაწერზე მიუთითა. კანონის ჩანაწერის მიხედვით, როცა ბორდი პრობლემად მიიჩნევს კონკრეტულ საკითხს, მან საჯარო სხდომა უნდა მოიწვიოს და ორივე მხარის პოზიცია მოისმინოს.

„დირექტორიც იყო ვალდებული, დასწრებოდა ამ სხდომას,“ – თქვა ნათია კაპანაძემ.

„არა, საჯარო სხდომა არ მოგვიწვევია,“ – ტელევიზიის ყოფილ დირექტორს უპასუხა ნატა იმედაშვილმა.

„როცა ამბობთ, რომ კომუნიკაცია იყო შეზღუდული, მინდა გკითხოთ, კომუნიკაციისთვის რა მექანიზმებს იყენებდა ნათია კაპანაძე?“ – მოწმეს მიუბრუნდა  ნათია კაპანაძე. როცა ბორდის ყოფილმა ხელმძღვანელმა და იმპიჩმენტის ერთ-ერთმა ავტორმა პასუხი შეაყოვნა, მან კომუნიკაციის კონკრეტული გზებიც დაასახელა:

„პირადი საუბრები იყო? სოციალური ქსელი? ტელეფონი?“ – თითოეულ კითხვაზე მოწმე თავის დაკვრით ადასტურებდა, რომ კომუნიკაცია დირექტორთან ჰქონდათ.

„სხვა რამე მტკიცებულება ხომ არ გაქვთ, აბა, შემთხვევით, რაც დაადასტურებს იმას, რომ კაპანაძემ თქვენთან საუბარი, ან ყავის დალევა აუკრძალა ვინმეს?“ – ჰკითხა  ნათია კაპანაძემ.

„მტკიცებულება რა სახით უნდა არსებობდეს?“ – ჰკითხა საპასუხოდ ნატა იმედაშვილმა.

„გასაგებია პასუხი,“ – სიტუაციის განმუხტვა სცადა მოსამართლემ.

„როცა ამბობთ, რა სახის მტკიცებულება უნდა არსებობდეს, მე რა სახის მტკიცებულება უნდა მქონდეს, აბა, რომ არ შემიზღუდია კომუნიკაცია?… თქვენ ცილი დამწამეთ და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა,“ – დაამატა ნათია კაპანაძემ და შემდეგ ისევ მოსამართლეს მიმართა.

„მე უნდა ვიყო მართალი საკუთარ სინდისთან, მე ისევ ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის,“ – დაასრულა ნათია კაპანაძემ.

სასამართლოს წინა სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორი იყო,  ვერ დაასახელა შიდა ან გარე აუდიტის მომზადებული რომელიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმპიჩმენტის კიდევ ერთ და ერთ-ერთ მთავარ საფუძველს – „საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას“.

ნატა იმედაშვილის გამოკითხვა დასრულდა. სასამართლოში „ნათია კაპანაძის საქმის“ განხილვა გრძელდება.

აჭარის ტელევიზიის წინა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2019 წლის 30 აპრილს მიმართა.

ამ თემაზე:

რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: