მთავარი,სიახლეები

დაკარგული წლების ძიებაში – 2 ქალის ამბავი უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ

08.12.2021 • 26894
დაკარგული წლების ძიებაში – 2 ქალის ამბავი უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ

საქართველოდან წასვლის მსურველთა ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2019 წლის მონაცემების თანახმად 2015 წელს ქვეყანა 67 452-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, 2016 წელს –  64 705-მა, 2017 წელს – 67 269-მ, ხოლო 2018 წელს – 76 367-მა.

ორი ქალის მაგალითზე „ბათუმელები“ მოგიყვებათ რა სამუშაოს შესრულება უწევთ მიგრანტ ქალებს საქართველოდან.

გალინას ამბავი

ოცწლიანი ემიგრაციის შემდეგ, როცა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, ზუსტად იცოდა, რომ მშობლიურ ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ასევე ზუსტად იცოდა, რომ ხანგრძლივი ემიგრაცია უნდა დაესრულებინა.

გალინა ზაზაძემ საქართველო 1997 წელს დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. მაშინ მესხეთის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა და  მისი ხელფასი თვეში 12 ლარი იყო.

„უცხო ქვეყანაში არავის არ აინტერესებს შენ ვინ ხარ – მსახიობი, ექიმი თუ დოქტორი. შენ იქ ხარ ჩვეულებრივი მუშა, დაქირავებული, რომელმაც ის სამუშაო უნდა გააკეთო, რასაც გავალებენ. თუ არ გააკეთებ, მაშინ მიბრძანდი, ბატონო. ეგერ, სხვებიც არიან და რიგში უნდა დადგე, რომ სამსახური იშოვო.

ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული – მე მსახიობი ვიყავი და არამარტო მე, იქ ჩემი მეგობრებიც არიან ჯერ კიდევ, რომლებიც თეატრიდან წავედით ერთად და იქ ვმუშაობდით სათბურებში, ზეთისხილზე…“

საქართველოში დაბრუნება სულ უნდოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ „ემიგრანტისთვის ნოსტალგია რთული და შემაძრწუნებელია“.

„ბევრჯერ სიზმარში ვყოფილვარ საქართველოში, ჩემს სახლში, ჩემს სოფელში… გაღვიძებისას აღმომიჩენია, ჩემს სოფელში კი არა, ისევ იქ ვარ და მიტირია. მიტირია კი არა, მიბღავლია, ისევ აქ ვარ და როდის უნდა დასრულდეს. მაგრამ დაღლილი სხეულით ისევ ავმდგარვარ და ისევ გამიგრძელებია მუშაობა.

აქ რომ ჩამოვიდოდი ცოტა ხნით, ეგეც მტკივნეული იყო, რადგან უკან უნდა გავქცეულიყავი. აქედან ტირილით მივდიოდი, იქიდან სიხარულით ჩამოვდიოდი. და ეს გაგრძელდა ოცი წელი“.

გალინა ამბობს, რომ ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ფიქრობდა დარჩენაზე, მაგრამ მისი ქვეყანა „ვერაფერს სთავაზობდა“. ოცწლიანი ემიგრაციით შეძლო ბათუმში ბინა ეყიდა და სამუდამოდ ეთქვა უარი საბერძნეთში ცხოვრებაზე.

„ეს 20 წელიწადი ჩემთვის დაკარგული წლებია. ცხოვრებამ საქართველოში გაიარა უჩემოდ. რაღაცები გამოვტოვე. თუნდაც ჩემი ახალგაზრდობა, ოცი წლის განმავლობაში, დავტოვე იქ. ეს არის დაღი.

დღემდე ამას ვამბობ, რომ შეიძლება უარესად ვყოფილიყავი აქ, საქართველოში 12 ლარი ხელფასით (მერე ცოტ-ცოტა მოიმატა). მაგით ვერ ვიცხოვრებდი, ვერც დედაჩემს ვერ მოვეხმარებოდი. ახლანდელი გადმოსახედიდან ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს არ დავკარგავდი.

აქ რომ დავბრუნდი, თითქოს ჩემი ადგილი აღარსად იყო. ვერ ვპოულობდი ჩემს მეგობრებს, ჩემს ახლობლებს, 20 წელიწადი – კი, პერიოდულად ვბრუნდებოდი, მაგრამ ყველას ნახვას ნამდვილად ვერ ვასწრებდი. ყველაზე ხანგრძლივად ამ ოცი წლის განმავლობაში საქართველოში მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა – მაშინ ჩამოვედი და 40 დღე გავჩერდი. დედის 40-ის შემდეგ უკან დავბრუნდი“.

გალინა ამბობს, რომ მისი ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა საზღვარგარეთ იმ ფულის საშოვნად, რომელიც ბინის საყიდლად სჭირდებოდა. გულიწყდება, რომ იმდენად ჩაითრია საზრუნავმა, ოჯახი ვერ შექმნა.

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ საკუთარი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ეს ადგილი არც ისე ადვილი საპოვნელი იყო.

„საბერძნეთიდან საბოლოოდ წამოსვლა რომ გადავწყვიტე და წერტილი დავუსვი საბერძნეთს, რომ მე იქ აღარ დავბრუნდებოდი, ყველას ძალიან გაუკვირდა. გაუკვირდათ ბერძნებსაც. გაუკვირდათ ჩემს მეგობრებსაც. ოცი წელი არ არის ის პერიოდი, რომ ჩახვიდე საქართველოში და იქ ააწყო ცხოვრება.

არავის ან არ სჭირდები, ან არ ახსოვხარ, შენი ადგილი აღარ არის, იმიტომ, რომ მოდიან თაობები.

მე ამას მართლა არ ველოდი, რომ ჩამოვიდოდი და დამხვდებოდნენ, მობრძანდით, აგერ სამსახური – ამას არ ველოდი. უნდა მქონოდა რაღაც თანხა იმისათვის, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. ამაზე მე ვიმუშავე ძალიან ბევრი.

რომ ჩამოვედი, ზუსტად ეგრე მოხდა – სადაც მივედი, ჩემი ადგილი არ იყო. იქ მე აღარ მიცნობდნენ, იქ მე აღარ ვიყავი. მინდოდა, რომ ჩართული ვყოფილიყავი, თუნდაც ჩემს თეატრში, მაგრამ იქაც აღარ იყო ჩემი ადგილი, მე ესე ვიგრძენი.

ვიფიქრე, რომ ბათუმში დავიწყებდი ახალ ცხოვრებას. ვცდილობდი ბათუმის თეატრში დამეწყო მუშაობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თითქოს ჩემი ადგილი აღარსად აღარ არის. ამან ძალიან დამთრგუნა.

ცოტახანს რესტორანში ვიმუშავე, ძალიან ბევრი საათი. უცხოეთში არ მიმუშავია ამდენი საათი გადაბმულად, რამდენიც აქ. ამის შემდეგ დავიწყე სხვა საქმის ძებნა, თან ვფიქრობდი, რომ რადგან ბერძნული ვიცოდი, ეს ცოდნა არ უნდა დამეკარგა“.

სამსახური ვერსად იშოვა. რადგან ბერძნული იცოდა, ურჩიეს გიდად დაეწყო მუშაობა.

„იმ ზაფხულს ტურიზმის დეპარტამენტს  ჰქონდა გიდების გადასამზადებელი ტრენინგები. ბერძნული კარგად ვიცი, გადავწყვიტე ვყოფილიყავი ბერძნულენოვანი გიდი. ტრენინგები, რომელიც გავიარე,  ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მე დღეს გიდ-კოორდინატორი ვარ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი თავი ვიპოვე. საბერძნეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება მაქვს, მაგრამ სურვილი აღარ – ისევ იქ წავიდე და ვიმუშაო. მხოლოდ ტურისტულად თუ წავალ ამიერიდან,“ – ამბობს გალინა.

გალინასთვის ერთ-ერთი ემოციური მომენტია ისიც, რომ ამდენი წლის გასვლის მიუხედავად, ქვეყანაში სოციალური ფონი არ იცვლება და ახალი თაობის ემიგრანტები უკეთეს ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ.

„ჩვენი წასვლის შემდეგ ვფიქრობდით, რომ საქართველოში უკეთესი პირობები წამოვიდოდა. რაღაც პერიოდში წამოვიდა კიდეც ეს. ხალხი დასაქმდა, ზოგმა სამსახური ნახა, ზოგმა სწავლა გააგრძელა, თუნდაც აქ, თუნდაც უცხოეთში. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღესაც არ მიდიოდნენ ადამიანები ემიგრაციაში“ – ამბობს გალინა.

სოფოს ამბავი

სოფო ნასარაია პროფესიით მუსიკოსია. ემიგრაციაში წასვლა 2014 წელს გადაწყვიტა და შვიდი წელი გაატარა იტალიაში. სოფოც ემიგრანტთა იმ მცირე ჯგუფს განეკუთვნება, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს და უკან, ემიგრაციაში წასვლა აღარ უნდათ.

„ვერ ვიტყვი, რომ აქ შიმშილით ვკვდებოდი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც აუცილებლობა მქონდა. ჩემთვის მინდოდა სახლი მეყიდა, მარტო მეცხოვრა და პედაგოგის ხელფასით ამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო საქართველოში,“ – ამბობს სოფო.

სოფო ნასარაია

სოფო მიიჩნევს, რომ მიუხედავად ემიგრანტობის თანმდევი არაერთი პრობლემისა – ენის არ ცოდნა, უცხო გარემოში ადაპტაცია, მაინც გაუმართლა.

„აქაური გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ იღბლიანი ემიგრანტი ვიყავი. თავიდან კი მიჭირდა, ვამბობდი – ეს სად მოვხვდი, მალე დავბრუნდები, ვერ გავჩერდები-მეთქი, მაგრამ 7 წელი დავრჩი,“ – ამბობს ის.

ემიგრაციაში წასვლამდე ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გალობდა. რომში ჩასვლისას ქართულ სამრევლოს მიაკითხა და საკუთარი თავი გააცნო. მგალობელთა გუნდში მიიღეს და ხუთი წლის განმავლობაში გალობდა.

სოფო ამბობს, რომ ამ ფაქტმა მორალურად გაუიოლა ემიგრაციაში ყოფნა, რადგან საკუთარი პროფესიით შეძლო თავის რეალიზება.

„7 ქალი ვიყავით მგალობელი. თუკი რაიმე ღონისძიება იქნებოდა საელჩოში თუ სადმე, ყოველთვის ჩვენ გვეძახდნენ. რომის საკათედრო ტაძარში დირიჟორადაც მიმიწვიეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

მუშაობის გარეშე, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს გადაგიხდიდა. თავიდან მუშაობა ოჯახში ძიძად დავიწყე, მერე მეორე ოჯახში ისევ ძიძად და ბოლო ჩემი სამსახური იყო – ვილას ვუვლიდი – თავიდან ბოლომდე მე მქონდა ჩაბარებული, მაგრამ ამავდროულად დასვენების დღეებში იყო რეპეტიციები, კონცერტები, გამოსვლები… ამიტომ ვამბობ, რომ იღბლიანი ემიგრანტი ვიყავი-მეთქი. ყველას ხომ არ შეუძლია ინტეგრირდეს უცხოეთში? ყველას კი არა, ალბათ ერთეულების ხვედრია ეს და ჩვენ გამოგვივიდა,“ – ამბობს სოფო.

საზღვარგარეთ 7-წლიანი არალეგალური მიგრაციის დასრულების შანსი ჰქონდა, თუმცა საბუთების გაკეთების პროცესი იმდენად გაიწელა და იმდენად იყო დაღლილი ემიგრაციული ცხოვრებით, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.

„7 წელი საქართველოში არ ჩამოვსულვარ. საბუთი არ მქონდა. სრული ლოკდაუნი რომ იყო, მაშინ გამოვიდა კანონი, რომ ლეგალურად შეგეძლო ყოფნა იტალიაში. ჩემმა ოჯახმა ფულიც გადაიხადა, მაგრამ იტალიური ბიუროკრატიის გამო გაიწელა პროცესი. საბოლოოდ ავდექი და საბუთის გარეშე წამოვედი. მივატოვე.

ახლა რომ დამჭირდეს, არ ვიცი თუ შემიშვებენ, მაგრამ არ მაქვს სურვილი სამუშაოდ წავიდე, ტურისტულად მხოლოდ. რთულია. არ არის ადვილი. მე ხომ ჩემი სურვილით ვერ ვცხოვრობ იქ. იქ ცხოვრობ სხვისი ცხოვრებით. ვინც გიხდის თანხას, იმის ცხოვრებით ცხოვრობ, იმის გემოვნებით აკეთებ ყველაფერს.

ფიზიკურადაც დავიღალე, მორალურადაც დავიღალე. 7 წელი არ ვიყავი საქართველოში, ბოლოს და ბოლოს ჩემები მომენატრა და მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი. აღარ შემეძლო. დავიღალე. ამოვწურე ჩემი თავი. კოვიდის გამო კონცერტები აღარ იყო, რეპეტიციები აღარ იყო, რაც მთავარია, მე აღარ მქონდა ემიგრაციაში ყოფნის ფინანსური აუცილებლობა.

წამოსვლამდე ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა აქ. ჩემს პროფესიას უნდა დავბრუნებოდი.

კარანტინში ვიყავი ისევ, პედაგოგთა გამოცდაზე რომ დავრეგისტრირდი. იმის გამო, რომ მაძიებელი ვიყავი და არა მოქმედი მასწავლებელი, საგნობრივ გამოცდაში უნდა ამეღო ათი კრედიტი.  სხვანაირად ვერ გავხდებოდი სერტიფიცირებული.

ჩავაბარე გამოცდა. სკოლებში გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ორ სკოლაში ამიყვანეს. ამავდროულად მოსწავლე მყავს იტალიურ ენაში. იქ ვმეცადინეობდი და ენის სასერტიფიკაციო გამოცდაც ჩაბარებული მაქვს. დაწყებითი იტალიური შემიძლია ვამეცადინო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: