მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია კორონას ახალი შტამის, “ომიკრონის” სიმპტომები

01.12.2021 • 3596
როგორია კორონას ახალი შტამის, “ომიკრონის” სიმპტომები

კოვიდის ახალი შტამის – „ომიკრონის“ სიმპტომატიკისა და მიმდინარეობის შესახებ ძირითადი ცნობები მსოფლიოს ჯერჯერობით ერთი წყაროდან აქვს – ეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანჟელიკ კოეთზეა, რომელიც ამავე დროს პრაქტიკოსი ექიმია.

სწორედ მან შენიშნა პირველად, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდნენ პაციენტები მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, რომლებიც განსხვავდებოდა კორონავირუსისგან და მან პირველად პაციენტთა ერთ ჯგუფში ჩამოაყალიბა და გაასაჯაროვა ინფორმაცია კოვიდის ამ ვარიანტის სიმპტომატიკისა და მიმდინარეობის შესახებ.

დღეს, პირველ დეკემბერს, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე „ომიკრონის“ მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, რაც სამხრეთ აფრიკელი პაციენტების მცირე ჯგუფზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, ეს არის დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადების უფრო მაღალი შესაძლებლობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მონაცემები შეიცვალოს.

„რაც დასკვნის სახით შეიძლება ითქვას – ეს არის კოვიდის მარტივი, მსუბუქი მიმდინარეობის ვარიანტი, რომელიც მიმდინარებს თავის ტკივილითა და საერთო სისუსტით, რომელიც გრძელდება ორი დღის განმავლობაში და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აუცილებლობა პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანის. იმ პაციენტების მიმდინარეობა, რომლებიც ამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, შეფასდა როგორც მსუბუქი და არ საჭიროებდნენ ჰოსპიტალში გადაყვანას,“ – განმარტავს ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე: „მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან მიუთითებს უფრო მეტად გადამდებ ვირუსზე, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მისი მიმდინარეობა არის მსუბუქი. შესაძლოა უფრო მეტ მასალაზე დაყრდნობით სიტუაცია შეიცვალოს. უფრო მეტი მოლოდინია, რომ ეს ვირუსი იქნება დელტაზე გაცილებით სახიფათო“.

მისივე თქმით, „დელტაზე სახიფათო“ ვირუსი შეიძლება იყოს თუ: 1. უფრო სწრაფად ვრცელდება; 2. უფრო ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ანუ უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს; 3. ვაქცინები მასზე არ მოქმედებენ ისე ეფექტურად, როგორც მოქმედებენ სხვა ვარიანტზე. სწორედ ეს სამი მახასიათებელი აქვს ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით „შეშფოთების“ ვარიანტის მქონე ვირუსებს.

სამხრეთ აფრიკელი ექიმის თქმით, პაციენტებს, რომელთაც მიმართეს კლინიკას, აღენიშნებოდათ ორი დღის განმავლობაში „უკიდურესი დაღლილობა“ სხეულისა და თავის ტკივილით.

ექიმმა როიტერსთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „დელტასგან“ განსხვავებით, ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებში აქამდე არ ყოფილა ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვის და ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევები.

„იმ ეტაპზე სიმპტომები ძალიან ჰგავდა ნორმალურ ვირუსულ ინფექციას. და რადგან ჩვენ არ გვქონია COVID-19-ის შემთხვევები ბოლო 8-10 კვირის განმავლობაში, გადავწყვიტეთ ტესტირება”, – თქვა ანჟელიკ კოეთზემ „როიტერსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ პაციენტი და მისი ოჯახი კოვიდ დადებითი აღმოჩნდა.

იმავე დღეს კლინიკაში უფრო მეტი პაციენტი მივიდა მსგავსი სიმპტომებით, სწორედ ამ დროს მიხვდა ექიმი, რომ „რაღაც სხვა ხდებოდა“.

„ომიკრონის“ შტამი ოცზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, ბოლო ორი დღის განმავლობაში იმატა შემთხვევებმა აზიასა და ევროპის ქვეყნებში. იმუნოლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაფიქსირდება.

„შესაძლოა ხვალ და ზეგ არა. ასე მოხდა დელტას შემთხვევაშიც, დელტა საქართველოში საკმაოდ მოგვიანებით შემოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შემოსვლიდან ორ-სამ თვეში გახდა დომინანტური ვარიანტი,“ – თქვა ივანე ჩხაიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: