მთავარი,სიახლეები

თოზუ – უფლებადამცველი გოგო იორმუნღალოდან

25.11.2021 • 2768
თოზუ – უფლებადამცველი გოგო იორმუნღალოდან

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში სულ 2200-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ქართველი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. 26 წლის თოზუ გულმამედლიც იორმუნღალოდანაა. ოთხი თვეა, რაც თანამოაზრეებთან ერთად სოფელში სათემო ცენტრი დააარსა. ცენტრი იქნება სივრცე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს განვითარებასა და გაძლიერებაში.

აზერბაიჯანულ თემში ქალთა უფლებადამცველად თოზუ ისე იქცა, რომ ამაზე არც უფიქრია. მერე თანამოაზრეები გაიცნო და აღმოაჩინა, რომ არიან ადამიანები, ვინც მასავით წუხს, განიცდის და გრძნობს მოქმედების აუცილებლობას, როცა ქალებზე ძალადობენ ოჯახში და ოჯახს მიღმა, როცა მათი უფლებები პირდაპირ თუ ირიბად ირღვევა.

თოზუ გულმამედლი 2021 წლის კატო მიქელაძის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია.

როგორია თოზუსთვის ეს გზა? რა წინააღმდეგობები ხვდება მას, როცა ქალების უფლებებს იცავს; როცა აზერბაიჯანულ თემში ტაბუირებულ თემებზე საუბრობს; რა პრობლემები აქვთ და რა სჭირდებათ ახალგაზრდებს იორმუნღალოში; რა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ განსაზღვრა მისი არჩევანი ებრძოლა ქალებისთვის.

„ბათუმელებთან“ თოზუ გულმამედლი ამ და სხვა თემებზე საუბრობს.

თოზუ გულმამედლი: 

ბავშვობიდანვე, როცა ვხედავდი ქალებს უსამართლოდ ექცეოდნენ, პროტესტის მძაფრი შეგრძნება მქონდა, შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო.

ყველა მარწმუნებდა, სხვების ამბავი ჩვენი საქმე არააო, ყველას ღრმად სწამდა, რომ „სხვები საქმეში“ ჩარევის უფლება არ გვაქვს და წესი ასეთია.

როცა გავიზარდე, გავიცანი ხალხი, ვინც თურმე ქალებს იცავს. არც მიფიქრია ოდესმე, აქტივისტი გავმხდარიყავი, თავისთავად ასე მოხდა.

  • „შენ გოგო ხარ და გაჩუმდი!“

სახელსაც ვერ ვარქმევდი, რა იყო ჩემი პროტესტი. ფემინისტი ვყოფილვარ. ეს მერე გავიგე.

ბუნებრივად ასე მოხდა, სულ ქალების ჩაგვრა, მათი წუხილი და უსამართლო ყოფა მქონდა ცხვირწინ.

მეგობრებთან, მეზობლებთან, ჩემთან სახლში, ოჯახებში, სადაც მივდიოდი მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდი, მხოლოდ ამ წუხილებს ვაკვირდებოდი.

ამ არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი საკრებულოში, მე ვიყავი პირველი ქალი კანდიდატი იორმუნღალოდან, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. დიდი პრობლემა იყო, გაუჭირდათ იმ აზრის მიღება, რომ ქალი შეიძლება იყოს პოლიტიკაში. ვერ გავიმარჯვე, არ მქონდა დიდი მხარდაჭერა.

მინდოდა შემეცვალა რაღაცეები.

თოზუ გულმამედლი

რაც თავი მახსოვს, მახსოვს ისიც, რომ ბევრი რამ არ მომწონდა, სახლში, სოფელში, სკოლაშიც.

„შენ გოგო ხარ და გაჩუმდი!“ – ხშირად გვეუბნებოდნენ ასე.

ჩვენი ცხოვრება ასეთი და კიდევ ბევრნაირი სექსისტური შეგონებით იწყება და მთავრდება. მთელი დღე ბრძოლაში ვართ.

ემოციურად ძალიან რთულია, როცა მტერივით გიყურებენ სიმართლისთვის, ღიად საუბრისთვის.

ეს მტრული დამოკიდებულება ჩანს მზერაშიც კი, კომენტარებში, ჩალაპარაკებებში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

თემში მხოლოდ ქალების მცირე ჯგუფია, ვინც ფიქრობს, რომ სასიკეთო საქმეს ვაკეთებ, ჩემი ძირითადი თანამოაზრეებიც ქალები არიან.

მაგრამ მხოლოდ მცირე ჯგუფი.

კაცებისგან აგრესია არ მიკვირს, კაცების აგრესია ჩემთვის გასაგებია, თავი მეფეებად, ყველაფრის უფლების მქონეებად წარმოუდგენიათ და როცა მე ამის საწინააღმდეგო თემებზე ვსაუბრობ, მესმის, რაც აბრაზებთ.

გაცილებით მძიმეა ჩემთვის ქალების აგრესია. მათიც მესმის, მაგრამ ემოციურად ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს და მანგრევს.

ხშირად ხდება ხოლმე, როცა ქალებს, რომლებიც მაკრიტიკებენ, დაურეკავთ და დახმარება უთხოვიათ. ეს ხდება მაშინ, როცა ისინი თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები ოჯახში, როცა მათ შვილებს, ახლობლებს იტაცებენ.

იორმუნღალო მეცხვარეების, მესაქონლეების სოფელია. კაცები სულ ცხვარში არიან, ძროხებს მწყემსავენ, ქალს ერთადერთი გზა რჩება: დარჩეს სახლში და მიხედოს ოჯახს. სხვა წასასვლელი არსადაა, ვერსად დასაქმდები, მუშაობის შესაძლებლობა, ოჯახს მიღმა სხვა საქმით დაკავების დრო არ არის. არც არეალია სოციუმში თვითრეალიზაციისთვის.

ნაადრევი ქორწინების შემთხვევები თანდათან უფრო იშვიათდება და ეს კარგია.

  • „თუ მე იორმუნღალოსთვის ვაკეთებ რამეს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნისთვისაც ვაკეთებ“

აქამდე იორმუნღალოდან ასიდან ერთი ბიჭი თუ აგრძელებდა სწავლას სკოლის შემდეგ. თუ ოჯახში გოგოც იყო და ბიჭიც, ოჯახი ბიჭს გზავნიდა ქალაქში სასწავლებლად, გოგოს სასარგებლოდ არჩევანი არ კეთდებოდა, უპირატესობა ამ მხრივ ყოველთვის ჰქონდათ ბიჭებს.

4+1 პროგრამა დიდი იმედს აძლევს ეთნიკურ უმცირესობებს. თუ ამ პროექტის ამოქმედებამდე ჩვენი პერსპექტივა საქართველოში ნული იყო, ახლა პატარა იმედი გაჩნდა, რომ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა გვექნება.

მაგალითებიც გაჩნდა სოფელში, რომ გოგოებმა დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი და დასაქმდნენ, განვითარდნენ, კარიერაზე ფიქრობენ.

წარმოიდგინეთ, გარდა იმისა, რომ ქალები ვერსად რეალიზდებიან და ხშირად ირღვევა მათი უფლებები, ამას ემატება ენობრივი ბარიერიც და იზოლაცია იმ ქვეყნისგან, რომელშიც ვცხოვრობთ.

კარგია 4+1 პროგრამა, მაგრამ არაა საკმარისი. სკოლაში ქართულს ვერ სწავლობენ ბავშვები და მერე ძალიან უჭირთ ენის სრულყოფა. ირგვლივ არც არავინაა ქართულად რომ დაელაპარაკო. ჩემს მაგალითს გიამბობთ.

სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ გავიგე 4+1 პროგრამის შესახებ. ბოლო წელს ვაქტიურობდი სკოლაში ქართული რომ მესწავლა, თუმცა ბევრი ვერაფერი ვისწავლე, არ იყო კომუნიკაციის შესაძლებლობა. ქართული ენის პრაქტიკა გვაკლია იორმუნღალოში.

ქართულად ცუდად ვსაუბრობდი, ძლივს მესმოდა და უნივერსიტეტში სწავლაც ჩემთვის დიდად ნაყოფიერი არ იყო. გადარჩენაზე ვფიქრობდი, სემესტრიდან სემესტრამდე საგნის ჩაბარებაზე.

მერე ვეძებდი სამსახურს ენის პრაქტიკა რომ მქონოდა, დაბალი ქულებით დავამთავრე უნივერსიტეტი, ლაპარაკი რომ ვისწავლე, ეს უკვე მიღწევაა ჩემთვის.

ვსწავლობდი ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე, მაგრამ ამ ტიპის განათლების მიღებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ვისწავლე ენა და ესაა.

ვფიქრობდი, როგორმე დამემთავრებინა უნივერსიტეტი და მეპოვა სამსახური. მეგონა, რომ სოფელში დაბრუნება წარუმატებლობას ნიშნავდა. ახლა ასე არ ვფიქრობ, გადავაფასე რაღაცეები.

თუ მე იორმუნღალოსთვის ვაკეთებ რამეს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნისთვისაც ვაკეთებ.

თოზუ გულმამედლი

  • „არ ვიცი სახელმწიფოს რამდენად უნდა ვიყოთ ინფორმირებული, რომ თავი ვიგრძნოთ საერთოდ ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად. ხშირად ამაში ეჭვი მეპარება“

ქართული ენის მიმართ ინტერესი ჩვენს თემში 4+1 პროგრამის შემდეგ გაიზარდა.

მანამდე ენას დიდად არავინ სწავლობდა, რადგან არ არსებობდა განათლების მიღების პერსპექტივა. სახელმწიფოც დიდად არ იყო დაინტერესებული ჩვენი განვითარებით.

აზერბაიჯანულ ენაზე  საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ რაღაც ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე არახელმისაწვდომობა მაინც და მაინც არ არის პრობლემა. ვფიქრობ, უფრო ჩვენს მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაშია პრობლემა – არ ვიცი სახელმწიფოს რამდენად უნდა ვიყოთ ინფორმირებული, რომ თავი ვიგრძნოთ ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად. ხშირად ამაში ეჭვი მეპარება.

სათემო ცენტრის დაფუძნების იდეა სკოლის პერიოდის მისწრაფებებმა წარმოშვა.

გული მწყდებოდა, ვხედავდი სხვა სკოლებში უფრო აქტიურები იყვნენ ბავშვები, მერე უნივერსიტეტში სწავლისას ვიგრძენი რამხელა სხვაობაა იორმუნღალოელ სტუდენტსა და იმ სტუდენტებს შორის, ვინც ქართულად დაამთავრა სკოლა.

ცხადად ვიგრძენი, რომ ჩამორჩენილები ვიყავით, თურმე რამდენი პერსპექტივაა და ჩვენ ამის შესახებ არც კი გვსმენოდა, რადგან ქართული არ გვესმოდა კარგად.

ჩემთვის ძალიან რთული იყო სტუდენტობის წლები, როცა აუდიტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სტუდენტი ვიყავი.

ყველა დანარჩენს ბევრი საერთო ჰქონდა ერთმანეთთან, საუბრობდნენ, განიხილავდნენ ათას რამეს, რაშიც მე საერთოდ ვერ ვერკვეოდი.

სხვები თუ საგნებს თავისუფლად სწავლობდნენ, ჩემთვის ქართულად საგნების სწავლა ორმაგად, სამმაგად რთული იყო, წაკითხულიდან აზრის გამოტანაზე, თარგმანზე ვფიქრობდი.

ვსწავლობდი ისეთ საგნებს, რის შესწავლასაც წინასწარი, საბაზისო ცოდნა სჭირდებოდა, რაც არ მქონდა.

იყო ერთი ჩემი თანატოლი იორმუნღალოდან, რომელმაც უნივერსიტეტში ამ სტრესს ვერ გაუძლო და სწავლას თავი დაანება. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად საშუალო განათლების მქონე ადამიანები სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ჩვენ მათ საგრძნობლად ჩამოვრჩებოდით.

  • „იცით რა მარტივი სურვილების ასრულება არ შეუძლიათ გოგოებს ჩვენს თემში? სკოლაში სიარულის გარდა მუსიკის, ცეკვის, ხატვის სწავლა სურთ“

ნაადრევად გოგოები მაშინ ქორწინდებიან, როცა სხვა პერსპექტივა არ ჩანს.

ვგრძნობდი, რომ ამაზე უნდა მემუშავა, მაგრამ დრო დამჭირდებოდა ჩამოყალიბებისთვის, არ ვიცოდი რა, როგორ, საიდან დაგვეწყო. რესურსები დღესაც არ გვაქვს, მაგრამ გამოჩნდნენ თანამოაზრეები და გადავწყვიტეთ სათემო ორგანიზაცია გაგვეკეთებინა. 3, 4 თვეა ავმოქმედდით.

ხშირად აზერბაიჯანული თემი შორსაა იმ დღის წესრიგისგან, რაც საქართველოშია. მაგალითად, იღებენ ახალ კანონს და ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ.

რაღაც კარგი სიახლეა, მაგრამ ეს არ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ეს თემი ინფორმაციულ ვაკუუმშია. ვცდილობთ ვიყოთ მედიუმი მთელ ქვეყანასა და ჩვენი თემის ახალგაზრდებს შორის.

იცით, როგორი მარტივი სურვილების ასრულება არ შეუძლიათ გოგოებს ჩვენს თემში? – სკოლაში სიარულის გარდა მუსიკის, ცეკვის, ხატვის სწავლა სურთ. ერთადერთი შანსია, რომ მანქანით იარონ საგარეჯოში, სანამდეც 40, 50 კილომეტრია და შეუძლებელია იქ იარო სულ ასე.

არც ბიჭებისთვისაა განვითარების არანაირი შესაძლებლობა. ერთადერთი კიკბოქსინგს ასწავლის ერთი კაცი სკოლის სპორტდარბაზში.

ვცდილობთ გოგოებისთვის იორმუნღალოში ამ მარტივი სურვილების ასრულება შესაძლებელი გავხადოთ, მინიმალურ, სიმბოლურ ფასად ან უსასყიდლოდ.

ახლა ჩვენთან ქართული ენის სასაუბრო კურსის გავლაა შესაძლებელი, რადგან სკოლაში ნასწავლი ქართული საკმარისი არ არის. ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვაქვს, ახლა ვიწყებთ არაფორმალური განათლების კურსს ადამიანის უფლებების შესახებ, ეს იქნება სამთვიანი აზერბაიჯანულენოვანი კურსი. უფლებებზე დიდი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ქართულად, მაგრამ აზერბაიჯანულად ეს ინფორმაციაა არაა ადვილად მოსაპოვებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: