მთავარი,სიახლეები

ქაცვი – შემოდგომის ოქრო და მისი გამყიდველი ბაზრობიდან

23.11.2021 • 3541
ქაცვი – შემოდგომის ოქრო და მისი გამყიდველი ბაზრობიდან

თუ ქაცვის წვენი გაგისინჯავთ აუცილებლად მოამზადებთ და შეინახავთ, თუ ქაცვს არ ინახავთ, ესე იგი ჯერ არც არასდროს გაგისინჯავთ.

ბაზრობებზე ქაცვი მცირე ხნით, ნოემბრის დასაწყისში ჩნდება და დეკემბრის პირველ რიცხვებში აღარსადაა. ცოტა ხნით ოქროსავით გამოანათებს და ქრება. ყველას არც აქვს. აქვთ მხოლოდ გლეხებს, ვის სახლებსაც ახლომახლო  ტყეები და ბუჩქნარები აკრავს, არც ბევრი აქვს არავის. ორ კილოს თუ ერთთან იყიდი, სამი კილო მეორეს შეიძლება ჰქონდეს და ასე თუ შეაგროვებ ზამთრის სამყოფ ნარინჯისფერ ელექსირს.

ყვავტყემალა, ტურინი, ეშმაკისფეხა, კატაფშატა, ჭყარტლა, უმარავ სხვადასხვა რამეს ეძახიან ქართლში, კახეთში, რაჭასა თუ გურიაში ქაცვს, იგივე Hippophae rhamnoides-ს.

66 წლის ნანი კურცხალიძე 30 წელია ლერმონტოვის და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მწვანილს და ბოსტნეულს ყიდის. ნოემბერში მის დახლზე ქაცვიც ჩნდება. კენკრას ხან თვითონ აგროვებს, ხან მისი ქმარი. თუ ჰკითხავთ, როგორ და სად აგროვებს ან კიდევ როდის და რამდენი ექნება, არ გაჩერდება. ქაცვზეც გიამბობთ, მწვანილზეც და მის გამანოყიერებელ ნეშომპალაზეც იმის დასტურად, რომ ნანი კურცხალიძე ის ქალი არაა, აზოტი მიაყაროს მწვანილს.

მოვუსმინოთ ნანის:

„აგი, აბლეპიხა გაინტერესებენ ხო თქვენ?

აგერ გონიოს ხიდთან გავდივარ, ძალიან ძნელი მოსაჭარია, ეკლიანია, გესობა თითებში. მოვჭრით, მოვტანთ ადგილზე, ვარჩევთ.

ერთ თვეს გაატანს „აბლეპიხა“, ბუჩქს არ უნდა შეამწიფდეს, ერთ თვეში უდნა მოასწრო მოკრეფა.

აგი ყველაფრისთვისაა. ორგანიზმს წმინდავს – კუჭ-ნაწლავისთვინ, გულისთვის, კიბო რომ არ უნდა დაგემართოს მაგისთვინ, ზეთი გამოყავთ ამისგან, ერთი კოვზი უნდა გადაყლაპო კუჭის „იჟოგისთვინ“.

კრეფა უნდა დიდხანს, ერთ კილოს ერთ დღეზე ძლივს ვკრიფავთ და ვამუშავებთ. თოთოობით გამოსაკრეფია.

ქაცვი

ათი წელია „აბლიპიხას“ ვკრეფ, მომაქვს – მაშინვე იყიდება, ბევრს უნდა მარა ცოტაა. ერთი და იგივე კლიენტები ყიდულობენ, ვცნობ უკვე.

მე უშაქროდ ვაკეთებ, წყალში ვხსნი და ვსვამ.

მოდუნებული ვიყავ, ძალაგამოფრუტული, შაქარმა მიქნა. აი კაი დარჩა, ძლიერი გიმიხდა ორგანიზმი.

აბლიპიხას ფოთლებიც კაია, დაასხამ მდუღარეს და შეფუთავ, დღეში სამჯერ დალევ – წამლივით, ყავის ჭიქით. სისხლს წმენდს და აფართოებს ძარღვებს. ნერვულ სისტემისთვინ ძალიან კარგია ეს ჩაი, ჩვენ ასე ვიცით ძველებიდან და ვაკეთებთ.

ჩემი ქმარი დაბერდა და კიდევ „აბლეპიხას“ ტოტებს ჭრის, 70 წლისაა, მუშაობაში გავატყავე. ადრე მშენებლობაზე მუშაობდა, მერე გემზე დადიოდა, მერე ანგელოზი დამინახა და მიატოვა გემზე წასვლა. ბევრ რამეს ვთხოვდი, სახლი ვაშენებიე, რემონტი ვაკეთებიე, სამი ბაღანაც, ბევრი ვერ იმუშვა.

ახლაც ვერ მიეშვება, აქტიურიდა იყოს, ბადიშები უნდა დააქორწილოს.

დილას ავდგები, ბოსტანში ბალახ-მალახ გავწმენდ, მიწას ჩემი ქმარი ამუშავებს, თესავს, მე მარტო ბალახს ვწმინდავ.

ნანი კურცხალიძე

ბაზარში ცხრა საათზე მოვდივარ ავტობუსით, არ ვაწუხებ ქმარს მანქნით. ჯერ შემიძლია. აქ ვტოვებ წვანეულს, მაღაზიის დაცვა პატივს გვცემს და დარაჯობენ ხაპებს.

1990 წლიდან ვვაჭრობ, ჩავბერდი, სამი თაობა გაიზარდა, რაც აქ ვარ. ხან მილიცია მოდის და გევქცევით, ხან მოვალთ და წყნარად ვყიდით.

ხაპები და წვანეული?

კი, აგენიც ჩემია.ზოგი ჩემია, ზოგი დამატებულია მულების, ბიძაშვილების, ვემსახურები დედაბერი ყველას.

სასუქს მე წვანეულს არ ვუშვრები. ფოთლებს და ბოსტნიდან რაც რომ მომრჩება დამპალი, ვყრი ორმოში, ნაფცქვენი, ნათალი რაც იქნება – ყველაფერს, ჩასუქდება ეს ყველაფერი, გადაიწვის და იმას ვაყრი მწვანილებს, ძირში ვფენ, როგორც სასუქი“.

გეხსომებათ რეი ბრედბერის პერსონაჟის, დაგლას სპოლდინგის ბაბუა, ბაბუაწვერას ღვინოს რომ ხუფავს გრინთაუნის მზიანი ზაფხულის „შესანახად“ და სარდაფში ამწკრივებს გამჭვირვალე მინის ბოთლებით. როცა ზამთარი დგება და გრინთაუნი თოვლის ნამქერში ეხვევა, სპოლდინგებს ამ დროს ამოქავთ „დაკონსერვებული ზაფხული“ ბნელი სარდაფიდან.

ბაბუაწვერას ღვინო ჯადოსნური ელექსირია. ვინც მის ყლუპებს შესვამს ყინვაში ზაფხულის სითბო, მზის მწველი სხივები, ლორთქო ბალახის და აყვავებული ველების ხსოვნა უცოცხლდება. ასე გადააქვთ სპოლდინგებს ზამთარი გრინთაუნში.

ქაცვიც ასეთი კენკრაა ფშატისებრთა ოჯახიდან. წვრილი, მოწითალო-ნარინჯისფერი ნაყოფისგან უგემრიელესი წვენი მზადდება. ზამთრისთის ინახავენ, წვენს წყალს ურევენ და სვამენ.

ქაცვს ერთდროულად ფორთოხლის, მანგოს, ანანასის, გრეიფრუტის და კიდევ რაღაც ხასახასა, გამოკვეთილი გემო აქვს, რაც ქაცვს ქაცვად აქცევს.

გადაბეჭდვის წესი