მთავარი,სიახლეები

ხე-ტყის უკანონო მოპოვებით სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა – აუდიტი

23.11.2021 • 1321
ხე-ტყის უკანონო მოპოვებით სახელმწიფოს 20 მლნ ლარის ზიანი მიადგა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მასალების მიხედვით, საქართველოში ხე-ტყის უკანონო ჭრების შედეგად, 2017-2019 წლებში ქვეყანას 20 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

ხე-ტყის უკანონო ჭრა არა მარტო ართულებს ტყის დაცვას, საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის ეკოსისტემას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველ მეორე დღეს გვხვდება სოციალურ ქსელებში, რომელსაც გარემოზე ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. თუმცა აუდიტის დასკვნები ნათლად აჩვენებს, რომ ტყის მართვის, მონიტორინგისა და დაცვის სისტემური ხარვეზებია ქვეყანაში.

აუდიტის სამსახური წერს, რომ გარემოს ზედამხედველობის სამსახური მისი მრავალფუნქციური დატვირთვისა და ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო მხოლოდ ტყეში შესასვლელ-გამოსასვლელ გზებს აკონტროლებს, რომელთა შორის მანძილი 30 კმ-ია. „შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი ტყის სრულყოფილი კონტროლი“, – ამბობს აუდიტი.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ტყეებს სრულად უნდა აკონტროლებდნენ ტყის მცველები. „ამავდროულად, ფიზიკურ დაცვასთან ერთად უნდა გამოიყენებოდეს სხვადასხვა დაცვითი და სამეთვალყურეო ტექნიკა.

არის რისკები, რომ სათანადოდ ვერ ხორციელდება სოციალური ჭრების ფარგლებში გამოყოფილი ტყეების მონიტორინგიც არასაკმარისი რესურსების გამო, რაც ზრდის ხე-ტყვის უკანონოდ მითვისების შესაძლებლობებს და ეკოსისტემების დაზიანების რისკებს. შესაბამისად, ამცირებს მისაღებ შემოსავლებსაც“, – ამბობს აუდიტი.

სწორედ ამ ფაქტორებზე დაყრდნობით წერს აუდიტი, რომ 2017-2019 წლებში 20 მილიონი ლარის ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

დასკვნის მიხედვით, ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა ტყეების სისტემური ინვენტარიზაცია, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ტყის გრძელვადიანი და რაციონალური გამოყენების გეგმაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირებული სოფლების რიცხვი იმატებს, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გათბობის ძირითად წყაროს მაინც შეშა წარმოადგენს.

აუდიტი მიიჩნევს, რომ ხარვეზებია ტყეკაფების გამოყოფის სისტემაშიც, რადგან მოსახლეობა არ ითვისებს გამოყოფილ რესურს სრულად. „თუმცა, კვლევების მიხედვით, რეალური მოხმარება მნიშვნელოვნად აღემატება გამოყოფილ რესურსს“, – წერს აუდიტი. – ეს აჩენს რისკს, რომ მოსახლეობა შეშის მოსაპოვებლად არალეგალურ გზებს მიმართავს.

ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლიცენზიანტები სათანადოდ არ ასრულებენ სალიცენზიო პირობებს. ამის გამოც 2017-2019 წლებში გარემოს 5,2 მლნ ლარის ზიანი მიადგა. გაუქმდა ორი ლიცენზიაც ამავე პერიოდში გამოვლენილი მძიმე დარღვევების გამო.

თუმცა, როგორც აუდიტი წერს, გარემოზე მიყენებული ზიანისთვის გადახდილი ჯარიმის თანხები არ იხარჯება ტყის ფართობების აღსადგენად.

ამავე დასკვნაში წერია, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ სააგენტოსთვის საშეშე რესურსების დაუსაბუთებელი მოთხოვნა ქმნის რესურსების არარაციონალური გამოყენების რისკებს.

მაგალითად, ზოგიერთი სკოლა, ალტერნატიული ენერგორესურსების შემთხვევაშიც კი, პრიორიტეტს მაინც შეშას ანიჭებდა.

აუდიტი ამბობს, რომ საქართველოში ხე-ტყის ჭრის შედეგად ნარჩენი მერქნული რესურსით ბიოსაწვავის წარმოების პოტენციალი არსებობს, მისი გამოყენება 2020 წელს დაიწყო კიდეც, თუმცა მხოლოდ კახეთსა და ქვემო ქართლის გარკვეულ სატყეო მონაკვეთები მოიცვა. აუდიტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს ბიოსაწვავის გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს როგორც ტყის რესურსების განვითარებას, ასევე შეამცირებს იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოხმარებას.

თუმცა, მერქნული რესურსების რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული აუქციონების 37 პროცენტი ჩაიშალა. „აუქციონზე განმეორებით რეალიზაციის შემთხვევებში გასაყიდი მასალის ხარისხისა და ფასის კლების ერთ-ერთი მიზეზია სააგენტოს მიერ ბაზარზე მოთხოვნილზე მეტი რესურსის დამზადება, რაც არასისტემურ მიდგომაზე მიუთითებს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი რეკომენდაციას აძლევს გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებებს შეიმუშაონ ეფექტური გეგმა ტყის რესურსების დაცვაზე. უზრუნველყონ ტყის ყველა უბანზე შესაბამისი რაოდენობის პერსონალის განაწილება, სტრატეგიულ ლოკაციებზე გამოიყენონ შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა და შესაბამისი საკითხების დასარეგულირებლად, ნორმატიულ დოკუმენტებში შეიტანონ ცვლილებები, შესაბამისი უწყებების ჩართულობით შეიმუშაონ სტრატეგია და აღნიშნული მიმართულების ხელშემწყობი პროგრამები.

_____________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/ივანიშვილის ხის გადასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: