მთავარი,სიახლეები

გვიშველეთ, რომ აქ არ ჩავიხოცოთ – სახიფათო სახლის მცხოვრებლები ლერმონტოვის ქუჩიდან

22.11.2021 • 5956
გვიშველეთ, რომ აქ არ ჩავიხოცოთ – სახიფათო სახლის მცხოვრებლები ლერმონტოვის ქუჩიდან

ლერმონტოვის ქუჩაზე #96დ კორპუსს უზარმაზარი ბზარები აქვს. ხუთსართულიან სახლში ექვსი სადარბაზოა. ყველაზე დიდი და ღრმა ბზარები მესამე სადარბაზოშია, რომლის ყველა სართულზეც მიშენებული აქვთ მცხოვრებლებს აივნები, ლოჯიები და დამატებითი სველი წერტილები.

ლერმონტოვის ქუჩა 96 დ

სადარბაზოს გარდა ბზარები გაჩნდა ბინების ოთახებში, ყველა სართულზე. საგანგაშო ბზარები აქვს კორპუსის მიშენებულ, საკმაოდ მოზრდილ ნაწილს.

სახლის მესამე სადარბაზო.

„ცუდ დღეში ვართ, დაძინების გვეშინია. მეშინია სარეცხის გაფენის, ბავშვების აივანზე გაშვების. მერიამ გადაგვამისამართა ცხელ ხაზზე, მოვიდა კაცი და გვკითხა, ვინ და როდის ააშენა. თქვენი აშენებულია ეს და როგორც ააშენეთ ისე დაანგრიეთო, – გვითხრა და წავიდა.

რა ვიცით ახლა ჩვენ ამის დანგრევა. ქვევიდან დავიწყოთ თუ ზევიდან? პარაშუტით გამოვეკიდოთ ცაში და ისე მოვანგრიოთ შუა სართულები?“ – ამბობს კორპუსის მცხოვრები, თამარ ჯაყელი.

სახლის კედლის საყრდენი

სამხარაულის ექსპერტიზას კორპუსის მცხოვრებლებმა შარშან, 2020 წელს მიმართეს.

დასკვნაში წერია, რომ:

„საცხოვრებელი სახლის II ბლოკზე განხორციელებული მიშენებების ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ მათი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. არსებული სახით მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს გარკვეული ღონისძიებების გატარება მიშენებების გასამაგრებლად, რისთვისაც უნდა ჩატარდეს დეტალური კვლევა, რომლის შედეგის მიხედვითაც უნდა დამუშავდეს სათანადო პროექტი, მის საფუძველზე უნდა განისაზღვროს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობა. რენტაბელურობის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება დამუშავებული პროექტით სარეაბილიტაციო- გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე“.

სამხარაულის ექსპერტიზის ეს დასკვნა კორპუსის მცხოვრებლებმა 2020 წლის მაისში მიიღეს, მას შემდეგ, როგორც ისინი გვიყვებიან, ცდილობენ შეხვდნენ მერიის წარმომადგენლებს, მაგრამ უშედეგოდ.

ეს სახლის მიშენებულ ნაწილში განთავსებული ოთახის კედელია.

„ერთი წლის წინ გაკეთდა დასკვნა, მერიაში გვინდოდა შესვლა არჩილ ჩიქოვანთან. კორონავირუსის გამო გვეუბნებოდნენ, რომ ვერ მიგვიღებდნენ. მერე საარჩევნოდ თვითონ მოვიდა ჩვენს უბანში.

ვლამობდით თქვენთან მოხვედრას 3 თვე და ახლა თქვენი თავი აქ გვარგუნა ღმერთმა-მეთქი, ვუთხარი. ვაჩვენეთ ეს სახლი.

კი ქალბატონო ბევრია ასეთი სახლიო, გვიპასუხა. მაგრამ ეს მშველის მე რამეში?“ – ამბობს თამარ ჯაყელი.

მესამე სადარბაზოში მეორე სართულის მცხოვრები, მარინა ავჯიშვილი ამბობს, რომ ბზარებმა მას შემდეგაც მოიმატა, რაც მათ კორპუსს გვერდით მაღალსართულიანი სხვა კორპუსი ააშენეს.

სახლებში დაბზარულია აბაზანის ფილებიც.

„კორპუსის მშენებლობა დაიწყეს აქვე, ძალიან ახლოს და ისეთი ხმა იყო როცა საძირკველს თხრიდნენ, გვეგონა ვფეთქდებოდით – სახლი ირწეოდა. დაბზარულია ჩემი სახლიც. მეშინია, მაგრამ რა ვქნა, წასასვლელი არსად მაქვს, ყველას თავისი ბინა ძლივს ჰყოფნის. ეს მიშენებები 90-იანი წლებიდან გვაქვს, მაგრამ აქამდე სახლს ბზარები არ ჰქონდა, ბოლო 3 წელია გაღრმავდა.

ავარიული სახლის გვერდით მიშენებული ახალი, მრავალსართულიანი კორპუსი.

„დაგვეხმარონ სადარბაზოს, კორპუსის გამაგრებაში და თუ საჭირო იქნება, გაგვასახლონ დროებით. არ ვითხოვთ ახალ სახლებს. უბრალოდ, გვეშინია ერთ დღეს არ ჩამოინგრეს სახლი და აქ არ ჩავიხოცოთ“, – ამბობს კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები მარინა კახიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: