მთავარი,სიახლეები

„ჩატენე მანქანაში” – მარტვილში პოლიციამ ბერი და აქციის მონაწილეები დააკავა

07.11.2021 • 1895
„ჩატენე მანქანაში” – მარტვილში პოლიციამ ბერი და აქციის მონაწილეები დააკავა

მინიმუმ 8 ადამიანი დააკავა პოლიციამ დღეს, 7 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

მრევლის ერთ-ერთი წევრის მიერ გავრცელებულ ლაივში ჩანს დაკავების ეპიზოდი, როგორ მიჰყავთ აქციის მონაწილეები პოლიციელებს.

„ბიჭები მოვიდნენ, კვირა დღეა, ტაძარში შესვლა უნდოდათ, მაგრამ ყველა დააკავეს,“ – ამბობს მოქალაქე ლაივჩართვაში.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ორი დაკავებულის ვინაობა, ერთი სასულიერო პირია, ბერი მარკოზი, ხოლო მეორე მორჩილი – შალვა ჩხიკვაძე.

სასულიერო პირის დაკავების კადრები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაარცელა.

„ჩატენე შენთან მანქანაში“ – მიმართავს ერთი პოლიციელი მეორეს, რომელიც სასულიერო პირს აკავებს.

მარტვილში საპროტესტო აქცია მეორე დღეა გრძელდება. გუშინდელის მსგავსად მრევლის ნაწილი დღეს დილიდან სალხინოს მამათა მონასტრის წინ შეიკრიბა. მოქალაქეები ითხოვენ ბერები მონასტერში შეუშვან. მონასტრის შესასვლელს კი პოლიციის კორდონი იცავს.

„ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად და იმის საკითხავად, თუ რა მიზეზით დააკავეს ორი ადამიანი, შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. შსს-ს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ დაკავების შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოგვაწვდის.


კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ორ წელზე მეტია გრძელდება, მწვავე ფაზაში კი მას შემდეგ შევიდა, რაც ეპარქიის მმართველად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე [კალაიჯიშვილი] დანიშნეს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ჯერ მსახურება აუკრძალა, შემდეგ კი ეკლესიიდან განკვეთა ათამდე სასულიერო პირი. ამასთან მოსთხოვა მათ საეკლესიო სამოსლის ჩაბარება და მონასტრების დატოვება. სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მიტროპოლიტმა ეს გადაწყვეტილება საეკლესიო კანონიკის გვერდის ავლით და დარღვევით მიიღო. განკვეთილი სასულიერო პირები ითხოვენ წმინდა სინოდი შეიკრიბოს, სადაც მათი საკითხი განიხილება. არაერთი დაპირების მიუხედავად, წმინდა სინოდის სხდომა არ გამართულა, განკვეთილი სასულიერო პირების საკითხი კი ამ დრომდე ღიად რჩება.

საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებებით კი ჩანს, რომ საპატრიარქო მხარს უჭერს მიტროპოლიტ სტეფანეს. სწორედ საპატრიარქომ მისცა ე.წ. განკვეთილ ბერებს მონასტრების დატოვების ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე. ხოლო მას შემდეგ, რაც ბერები ამ ბრძანებას არ დაემორჩილნენ, 5 ნოემბერს, გამთენიისას, სალხინოს მონასტრის კელიებში ჩოხაში ჩაცმული პირები შევიდნენ და ბერები კელიებიდან გამოაძევეს. დაპირისპირების დროს ადგილზე მისულმა პოლიციამ ყველა სასულიერო პირი დააკავა. თუმცა მოგვიანებით ისინი იმავე დღეს გაათავისუფლეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეკლესიიდან მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს რადგან წასასვლელი არსად აქვთ, თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს.

5-6-7 ნოემბერს სალხინოს მამათა მონასტრის წინ ბერებისა და მრევლის ერთობლივი საპროტესტო აქციები გაიმართა. მრევლის წევრები ითხოვდნენ, მიეცათ ტაძარში შესვლის უფლება, თუმცა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა.

ამავე თემაზე:

მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: