მთავარი,სიახლეები

“ეს არაადამიანური მოპყრობაა” – სააკაშვილის საქმეზე ბათუმელი ადვოკატები მთავრობას მიმართავენ 

06.11.2021 • 3262
“ეს არაადამიანური მოპყრობაა” – სააკაშვილის საქმეზე ბათუმელი ადვოკატები მთავრობას მიმართავენ 

ბათუმელი ადვოკატები საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ. ადვოკატები ითხოვენ, შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა.

„პატიმრობის კოდექსი, ისევე როგორც პაციენტის შესახებ საქართველოს კანონი, ითვალისწინებს, რომ ასეთ [შიმშილობის] შემთხვევაში პირი ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაყვანილი იქნეს შესაბამის მულტიფუნქციურ კლინიკაში.

ის, რომ ამდენი დღე შიმშილობს და არ გადაჰყავთ, ფაქტობრივად შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის არაადამიანური მოპყრობა. რაც აკრძალულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით,“ – ამბობს ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც ამ მიმართვის ერთ-ერთი თანაავტორია.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც ბათუმელი ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, ეხება იუსტიციის მინისტრის მიერ 5 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართოს.

„სასამართლო პროცესი სად ჩატარდება, უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს არა პენიტენციურში, არამედ სასამართლოში. იუსტიციის მინისტრმა რეკომენდაცია გავეციო, მაგრამ სასამართლოა ჩანიშნული და სასამართლო პროცესი სასურველია გაიმართოს სასამართლოში. სადაც შეიძლება დაუშვან ტელევიზიები, მას [სააკაშვილს] შესაძლოა სურვილი ჰქონდეს, რომ რამე განცხადებები გააკეთოს,“ – ამბობს ირაკლი შავაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 37 დღეა შიმშილობს. მისი მომხრეები ითხოვენ, ხელისუფლებამ აღასრულოს კანონი და გადაიყვანოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: