მთავარი,სიახლეები

2 ოქტომბერს შსს-ში კოორდინატორების წინააღმდეგ 200 შეტყობინება შევიდა

04.10.2021 • 1180
2 ოქტომბერს შსს-ში კოორდინატორების წინააღმდეგ 200 შეტყობინება შევიდა

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის დარღვევაზე 200 შეტყობინება შევიდა, ერთი პირი კი 2000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„პოლიციამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ რელიზში.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად განისაზღვრა, რომ დაუშვებელია არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსში ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ამავე ცვლილებით ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. თუკი ასეთი მასალა მაინც იქნება, მაშინ ის ექვემდებარება ჩამოხსნას ან დემონტაჟს.

2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას ქართული მედია მთელი დღე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საარჩევნო უბნის წინ მობილიზებულები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ საარჩევნო უბანზე შესულ ამომრჩეველს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: