მთავარი,სიახლეები

„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი

17.09.2021 • 3522
„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი

რამაზ ადაძე ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატია. ის საქართველოს „მწვანეთა პარტიამ“ წარადგინა. კანდიდატი ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამბობს, რომ სოციალური ქსელებით წარმართავს საარჩევნო კამპანიას, უშუალოდ ამომრჩეველს კი მისი აქტივისტები ხვდებიან.

  • ბატონო რამაზ, დაახლოებით 15 დღე დარჩა არჩევნებამდე, თქვენ კი ისევ ამერიკაში იმყოფებით. რას საქმიანობთ მანდ და როდის აპირებთ ამომრჩეველთან უშუალოდ შეხვედრას?

2017 წელს, როცა საჯარო სკოლის დირექტორობიდან წამოვედი, ოთხი წელი ვიყავი გერმანიაში, შემდეგ კი ამერიკაში ტურისტული ვიზით წამოვედი. ხუთი თვეა უკვე რაც აქ ვიმყოფები. ჩვენ არა მარტო თვითმმართველობის, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ვემზადებით, ამიტომ აქ ვხვდები ქართველ ემიგრანტებს. გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა ემიგრანტებთან. ისინი ძალიან გაბრაზებული არიან ამ ხელისუფლებაზე და ვფიქრობ, რომ მათი პოზიცია სწორია.

ზოგადად, საჯარო უწყებებში მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ კარგი მერი ვიქნები.

  • თქვენ ამ არჩევნებში ემიგრანტების ხმების იმედი გაქვთ?

ზოგადად ემიგრანტები ოპოზიციას უჭერენ მხარს, მაგრამ არიან მათ შორის ისეთები, ვინც უშუალოდ მეც მიჭერენ მხარს. აქ ძალიან ბევრი ჩემი სამეგობრო, სანათესაო და საახლობლო ცხოვრობს და მათი მეშვეობით ბევრი ემიგრანტი გავიცანი.

ზოგადად, საარჩევნო კამპანია დაწყებული მაქვს, ჩემი თანაგუნდელები ხვდებიან მოსახლეობას, დადიან კარდაკარ, ესაუბრებიან. ჩემი ჩართულობა ამ ეტაპზე სოციალური ქსელებითაა. როგორც ვიცით დღეს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს სოციალურ ქსელებს და აქ მაქსიმალურად ვაქტიურობ. ვფიქრობ, მხარდაჭერა მექნება.

  • თქვენი აზრით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში რა არის ბათუმში გასაკეთებელი?

ყველაზე მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა, სიღატაკე. თუმცა ეს ზოგადი თემაა და პრიორიტეტულად გარემოს დაცვა, გარემოს უსაფრთხოება მიმაჩნია. ვფიქრობ, ადამიანებისთვის ჯანსაღი პირობების შექმნაა მნიშვნელოვანი.

  • როგორ წარმოგიდგენიათ გარემოს გაუმჯობესება, გაქვთ რაიმე პროექტები?

პირველ რიგში, ჩემი არჩევის შემთხვევაში, კონკურსებს გამოვაცხადებ მერიაში, რადგან ბევრი ადამიანი ნეპოტიზმითაა დასაქმებული. ვერ გაამართლეს, სწორედ ამიტომ არის ქალაქი ამ მდგომარეობაში. ყველაზე გამჭვირვალე კონკურსს ჩავატარებ, სულ კისრისტეხით გავყრი უღირსებს მერიიდან და იმ ადამიანებს ავიყვან, ვისაც ბათუმი აინტერესებს, მისი კეთილდღეობა.

ასევე, შევამცირებ მერიის ავტოპარკს მაქსიმალურად, არ სჭირდება ათი ათასი მანქანა მერიას და ტონობით საწვავის ხარჯვა. თავიანთი ცოლ-შვილები დაჰყავთ მარტო აგარაკებზე და არაფერს არ აკეთებენ. ეს თანხები მოხმარდება ქალაქის კეთილდღეობად.

ყველა პროექტი იქნება მიყვანილი ბოლომდე, სწორად გათვლილი და ბათუმელების სურვილსა და სარგებლობაზე მორგებული. მე ვიქნები პირველი მტერი კორუფციის, ნეპოტიზმის და არაპროფესიონალიზმის.

  • რას ფიქრობთ ბულვარში ცათამბჯენების მშენებლობაზე, მაგალითად „ამბასადორზე“?

კონკრეტულად ამბასადორზე არ ვამბობ, რომ უნდა აშენდეს, რადგან ბევრი მინუსი აქვს და ერთი პიროვნების ინტერესების გათვალისწინებით, კორუფციული გარიგების საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ თუ ეს ყველაფერი იქნება პროფესიონალურად გათვლილი, რა თქმა უნდა, მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი.

  • ანუ ბულვარში მსგავსი მშენებლობები მისაღებია თქვენთვის?

პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ თანახმა ვარ-მეთქი. ეს უნდა იყოს მორგებული ბულვარის ტერიტორიას, მის მდებარეობას, რამდენად უშლის ხელს, თუ უშლის.

  • ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ ქალაქში, ურბანულ განვითარებას ვგულისხმობ?

არ მომწონს მუნიციპალური ტრანსპორტი და ვფიქრობ ეს სისტემაა გასავითარებელი. მე პირადად ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის მიკროავტობუსებით გადაადგილება და ვფიქრობ, ეს ტრანსპორტი ქალაქში არ უნდა მოძრაობდეს. თუნდაც არ მომცენ ამ ადამიანებმა ხმა, ვიტყვი, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

უნდა მოძრაობდეს მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები. ბევრი ელექტროავტობუსი უნდა მოძრაობდეს. გერმანიაში როცა ვიყავი, ვხედავდი, რომ ბერლინში საერთოდ არ გჭირდება კერძო ავტომობილი, იმდენად მოწესრიგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მთლად ასე თუ ვერა, რაღაცით მაინც მივამსგავსებ და ბათუმის მოსახლეობას ძალიან დიდ კომფორტს შევუქმნი.

  • პარკინგები და დასასვენებელი ადგილები როგორ უნდა მოეწყოს?

პარკინგებიც უნდა მოწესრიგდეს და მშენებლობის პირობებში უნდა ჩაიდოს პარკინგების მშენებლობა. პარკებიც უნდა გაშენდეს და გაგრძელდეს ბულვარი. იყო პროექტი, რომ სარფამდე გაგრძელებულიყო, თუმცა ამათ (მოქმედი ხელისუფლება) ყველაფერი ჩამოშალეს.

  • რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის აშენება რომ სურთ, ამაზე რას ფიქრობთ?

ვფიქრობ, ბათუმის მოსახლეობა მიხვდება, რომ არ უნდა აირჩიონ ისეთი მერი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს.

ასევე უნდა მოწესრიგდეს საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოები და არ უნდა ჩაიდგას უნებართვო და უსახური ნაგებობები. ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ არ ჰყავს ამ ქალაქს არქიტექტორი. ისიც არის, რომ შეთანხმებულ პროექტებს შემდეგ ცვლიან და თავიანთ თავზე ირგებენ.

ჩემი მერობის დროს გაცემული ყველა ნებართვა იქნება კანონიერი და ჩემ მიერ ბოლომდე გაკონტროლებული. ძმაც რომ იყოს, არ მივცემ უფლებას მსგავსი შენობები ააშენონ.

  • რადგან მშენებლობაზე და ნებართვებზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე, იცით ალბათ ამ მეჩეთის პროექტის ისტორია. თუკი გახდებით მერი, ისევ მოუწევთ მუსლიმებს სასამართლოებში სიარული, თუ ფიქრობთ, რომ მათ უნდა მიიღონ მშენებლობის ნებართვა?

დიახ, ვიცი მეჩეთის ამბავი. მე ვარ მორწმუნე ადამიანი და ვერავის დავუშლი ვერც რწმენას და ვერც სამლოცველოს აშენებას. ეს ხელისუფლება ღვარძლითა აღსავსე და ამათთან საუბარს აზრი არ აქვს.

ჩემი მერობის დროს აბსოლუტურად ყველა ბათუმელი სამართლიანად მიიღებს ყველაფერს და ყველას ექნება სამართლიანობის განცდა.

  • დღეს ბევრი ძველი შენობა  შეეწირა ინვესტიციას. თქვენ რამდენად გაქვთ მგრძნობელობა კულტურულ მემკვიდრეობაზე?

ჩემი მერობის დროს არც ერთი ისტორიული მნიშვნელობის სახლი არ დაინგრევა, თუნდაც ერთი პატარა შენობა იყოს. დღეს კი ყველაფერი ნადგურდება და ამოა ბრძოლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: