მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს 3 ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია

06.09.2021 • 5620
როგორ ცხოვრობს 3 ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია

როგორ ცხოვრობენ ევროპის სამ ქვეყანაში – ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში უკვე მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი, რას აკეთებს სახელმწიფო ვაქცინირებულთა წასახალისებლად და რა ეზღუდება აუცრელ მოსახლეობას?

ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებს“ ვენაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, სალომე სალაძე, პარიზში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე საშა ბეიარი და ჰამბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი – სოფო თოლორდავა ესაუბრა.

  • „ეკლესიაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აიცრან“

სალომე სალაძე, ვენა: „ავსტრიაში მოსახლეობის 50%-ზე მეტია აცრილია. აცრილებს კაფე-ბარებში, მუზეუმში, სპორტდარბაზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა დახურულ სივრცეებში შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება.

სალომე სალაძე

კინოში, თეატრში, ოპერაში ვერ შეხვალ, თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოჯანმრთელებული არ ხარ და ამის საბუთი არ გაქვს, ან აცრილი უნდა იყო, ან კიდევ PCR ტესტი უნდა გქონდეს გაკეთებული ბოლო 72 საათში. შეგიძლია წარადგინო ანტიგენტესტიც, რომლის ვალიდურობაც 24 საათია.

აუცრელები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან სავაჭრო ცენტრებში, საავადმყოფოებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ამ დაწესებულებებში არ ითხოვენ არც ტესტს, არც აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს, მთავარია გეკეთოს ნიღაბი.

საავადმყოფოებსა და კლინიკებში ითხოვენ აუცილებლად ორმაგი დაცვის სპეციალურ ნიღაბს.

თეატრებში, კინოში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში არის ტესტის კუთხეები, სადაც ტესტირება უფასოა, თუმცა ახლა სახელმწიფო ნელ-ნელა ხურავს უფასო ტესტების პუნქტებს, რადგან მძიმე ტვირთად დააწვა ეს ფინანსურად სახელმწიფოს. მოსახლეობა ან უნდა აიცრას, ან გადაიხადოს თავად ტესტების საფასური.

აფთიაქში შეიძლება ტესტზე დარეგისტრირება უფასოდ. არის ბევრი ადგილი აფთიაქებში რეგისტრაციის გარეშე ტესტის გასაკეთებლად.

არის, მაგალითად, ასეთი ძველი, ცნობილი კაფე ვენაში, „მუზეუმკაფე“, თავად უკეთებენ სწრაფ ტესტს სტუმრებს. ვენის ოპერაში თუ უნდა ადამიანს შესვლა, პირდაპირ ოპერის წინ დგას კონტეინერი, სადაც ტესტს უფასოდ გიკეთებენ, უბრალოდ რეგისტრაციაა საჭირო და  15 წუთშია პასუხი.

სახელმწიფო ვაქცინაციის ძლიერ პროპაგანდას ეწევა, ამაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არიან ჩართული. პრესკონფერენციებზე ყველა პოლიტიკოსი მოუწოდებს მოსახლეობას აცრისკენ.

ეკლესიაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აიცრან, მეტიც – ვენის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაში, წმინდა სტეფანეს ტაძარში, ეკლესიის წარმომადგენლების თანხმობით  სახელმწიფომ აცრის პუნქტი განათავსა. გახსნის დღეს ქალაქის მერი იყო მისული ქალაქის სასულიერო პირებთან ერთად, ამ შეხვედრაზე სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ადამიანის მთავარი მოვალეობა სხვებსა და საკუთარ თავზე ზრუნვაა, რომ საყვარელი ადამიანების შესანარჩუნებლად აცრა პანდემიაში უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ მივეცით სახელმწიფოს უფლება განეთავსებინა ეკლესიაში აცრის პუნქტებიო.

ფიზიკურად არ მინახავს ამ 2 წელიწადში ვინმეს პირბადე არ ეკეთოს დახურულ სივრცეში. თუ ავტობუსში ვინმე უპირბადოდ ამოვა, გამორიცხულია მძღოლმა დაძრას ავტობუსი, ასეა მეტროშიც.

უპირბადოდ გადაადგილებაზე ჯარიმა 90 ევროა, მაგრამ ამ ჯარიმებს აქ არ აუქმებენ, უნდა გადაიხადოს კანონდამრღვევმა“.

  • „შეუძლებელია აუცრელი თავისუფლად გადაადგილდე ყველგან“

საშა ბეიარი, პარიზი: „ფრანგებისთვის ძვირფას თავისუფლების იდეას რომ არ მიადგეს ჩრდილი, საფრანგეთის მთავრობა პირდაპირ არ აცხადებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა, მაგრამ შეუძლებელია აუცრელი თავისუფლად გადაადგილდე ყველგან, წახვიდე რესტორანში, კინოში, თეატრში, სპორტდარბაზში და ა.შ. ვაქცინირებულებმა უნდა წარმოადგინონ კოვიდდოკუმენტი ფურცელზე ან ციფრულ ფორმატში.

საშა ბეიარი

კინოთეატრებსა და სპორტდარბაზებში მაქსიმუმ 50 კაცს უშვებენ ერთად.

ვაქცინაციის პროცესს ძალიან ვნებს ყოველ შაბათს ანტივაქსერთა გამოსვლები.

მიტანის სერვისში, ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულებისთვის, ასევე სპორტსმენებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა. სავალდებულოა ასევე მათთვის, ვინც ასაკოვან ადამიანებთან მუშაობს.

თუ ვერ წარადგენ დახურულ სივრცეებში ვაქცინაციის საბუთს, აუცილებელია ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.

PCR ტესტების საფასურს აქამდე დაზღვევა იხდიდა, მაგრამ მალე ეს ტესტები ფასიანი გახდება.

საფრანგეთში იხსნება სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები. 66 მილიონი ფრანგისგან 49 მილიონმა უკვე გაიკეთა ვაქცინის პირველი დოზა, 45 მილიონი კი ორი დოზითაა უკვე აცრილი, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 68% ორი დოზითაა აცრილი, 75%-ს კი პირველი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე თითქმის ყველა გამოსვლისას საუბრობენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი, პრემიერი თუ ჯანდაცვის მინისტრი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სახეები“.

  • „დახურულ სივრცეში პირბადე რომ არ ატარო, მოქალაქეები არ მოგცემენ ამის საშუალებას“

სოფო თოლორდავა, გერმანია: „ჰამბურგში ვცხოვრობ. მილიონიანი ქალაქია და დღეს 8 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის დელტა შტამით. გერმანიაში მოსახლეობის 61%  აცრილია.

გერმანელებს საკუთარი ხელისუფლების დიდი ნდობა აქვთ, მთლიანად ერთვებიან საარჩევნო პროცესში, რუდუნებით ირჩევენ მინისტრებს, პასუხსაც შესაბამისად სთხოვენ საჭიროების შემთხვევაში. ამდენად, ხალხი ენდობა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებსა და მოწოდებებს.

სოფო თოლორდავა

დახურულ სივრცეში ყველა ატარებს პირბადეს. რომ არ ატარო, მოქალაქეები არ მოგცემენ ამის საშუალებას. ღია სივრცეში უპირბადოდ გადავადგილდებით.

ანტივაქსერთა რაოდენობა ძალიან მცირეა. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე დაიკეტა, აცრას ახლა ოჯახის ექიმები აკეთებენ.

აცრა არ არის სავალდებულო გერმანიაში, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა მაღალი და ეს საჭირო არ გამხდარა.

გერმანიის მთავრობა ვაქცინაციის საკმაოდ დროულ და სწორ პროპაგანდას ეწეოდა, ამან დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.

დახურულ სივრცეში ყველას უკეთია პირბადე: აცრილებსაც და აუცრელებსაც.

მე საავადმყოფოში ვმუშაობ და პატარა ბავშვებს ვუღებ ფოტოებს. რახან აცრილი ვარ, არ ნიშნავს, რომ არ შემეყრება კოვიდი, ნაკლებია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც. შესაბამისად, საავადმყოფო მთხოვს კვირაში ერთხელ მაინც გავიკეთო ტესტი.

ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები გახსნილია რეგულაციებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენობაში ბავშვებთან ერთად შესვლა, ჩამოდის აღმზრდელი და მიჰყავს ბავშვები. ჩემი შვილი ყოველდღე იკეთებს ტესტს იქვე, ადგილზე და ეს უფასოა. მეორე შვილი ბაღში დადის, ყოველ ორშაბათს ვუკეთებ ტესტს სახლში, დაგვირიგეს ამისთვის უფასოდ ტესტები მშობლებს.

ბავშვებს ნიღბები გერმანიაში 6 წლიდან უკეთიათ.

რეგულაციებმა გერმანიაში შედარებით სტაბილური გახადა მდგომარეობა. ის, რომ მოსახლეობის 61% აცრილია, უზარმაზარი შედეგია. სიკვდილიანობამ იკლო. კატასტროფაა, რაც საქართველოზე გვესმის და ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ადამიანი კვდება ვირუსით ყოველდღე, სამწუხაროა, რომ აცრის მნიშვნელობა ხალხმა ვერ გაითავისა.

მთავრობა პირველი დღიდანვე მოუწოდებდა აცრისკენ ხალხს, სასულიერო პირებს ჯანდაცვის საკითხებზე აქ არავინ უსმენს, არც ვიცით რას ფიქრობენ ვაქცინაციაზე. ეს მათი კომპეტენცია არ არის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: