მთავარი,სიახლეები

ჩვენ ყოველთვის ხელისუფლებას ვაძლევთ ხმას – „ოცნების“ კანდიდატი ღორჯომიდან

03.09.2021 • 3798
ჩვენ ყოველთვის ხელისუფლებას ვაძლევთ ხმას – „ოცნების“ კანდიდატი ღორჯომიდან

პროფესიით ექთანი თემურ ანთაძე ხულოს საკრებულოში მოსახვედრად პარტია „ქართული ოცნების“ სახელით იბრძვის. ის 30 წელია ღორჯომის სასწრაფო დახმარებაში ექთნის პოზიციაზე მუშაობს.

რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა, რა პრობლემები აწუხებს მთიანი აჭარის ყველაზე დიდ თემს – ღორჯომს? „ბათუმელების“ კითხვებს თემურ ანთაძე პასუხობს.

  • ბატონო თემურ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა?

30 წელია ვმუშაობ. ყველა მიცნობს. ყველასთან კარგი და თბილი დამოკიდებულება მაქვს. რაც შემეძლება როგორც დეპუტატს მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო და უფრო ხალხის ჩართულობაში ვიყო.

  • ღორჯომი ყველაზე დიდი თემია ხულოს მუნიციპალიტეტში. რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი მოქალაქეებმა, რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან?

მოსახლეობის მხარდაჭერა იმიტომ მექნება, რომ როცა ვინმეს უჭირდა (ავადმყოფობას ვგულისხმობ), დღე და ღამე ამ ხალხის გვერდით ვიყავი. ამიტომ უნდა გამომარჩიონ.

  • სხვა რამე თუ არის, რის გაკეთებასაც მარტო თქვენ შეძლებთ და სხვა კანდიდატი ვერა?

სხვისი რა გითხრათ. მაგ კანდიდატები რას გააკეთებენ და რას შეძლებენ, მე ეგ არ ვიცი, მაგრამ მაგ კანდიდატებზე უფრო მეტს მე გავაკეთებ. ამაში დარწმუნებული ვარ.

  • როგორია ღორჯომის დღევანდელი რეალობა? რა მთავარი პრობლემური საკითხებია სოფელში, თემში, რისი მოგვარებაც არის საჭირო?

გზები გაკეთებულია და კიდევ კეთდება. ჩვენ, როგორც მომთაბარე ხალხს, ზაფხულობით, ალბათ თქვენთვისაც ცნობილი იქნება, გადაგვყავს საქონელი მთაში. მთის გზები გაკეთებულია. ბეტონის გზის დაგება მომავალშიც გაგრძელდება.

ძირითადი საპრობლემო საკითხი არაფერი არ გვაქვს. ღორჯომის ხეობა და ღორჯომელები ყოველთვის ხელისუფლების გვერდში იდგა და იქნება კიდევ.

  • ყველა ხელისუფლების გვერდში იდგა?

ახლა ყველა ნამდვილად არა, მაგრამ 80% კი.

  • კითხვა გულისხმობდა წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლების გვერდში თუ  იდგნენ ღორჯომელები?

ხელისუფლების, არსებული ხელისუფლების გვერდში დგას და იქნება-მეთქი.

  • როგორც ვიცი, შეხვედრებს მართავთ იალაღებზე. რა საკითხების მოგვარებას გთხოვენ ღორჯომელები, როცა ხვდებით? რის გამოსწორებას ჰპირდებით მათ?

მოსახლეობას დღეს ძირითადად ბაზრის პრობლემა აქვს. მე ავუხსენი, რომ პანდემიიდან გამომდინარე ჩაკეტილია რესტორნები, საქორწინო სახლები, სასადილოები… ხორცის გასაღების პრობლემა გვაქვს. ჰოდა, ალბათ მაგ საკითხს დავაყენებთ ხელისუფლებაში და რამენაირად დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, რომ საქონელი გაყიდოს და ზამთრისთვის საჭირო რამეები მოიმარაგოს.

ფქვილი, ქატო, შაქარი… მოგვარდება ალბათ ეგ საქმე მოსახლეობასთან დაკავშირებით. ძირითადი პრობლემა ეს იყო და ასევე გზის პრობლემა გვაქვს. არის ზოგიერთი მთა, რომელიც დაუსრულებელია. ალბათ უახლოეს პერიოდში ეგეც დასრულდება.

  • წყალი თუ აქვს ღორჯომის თემს?

წყლის პრობლემა… სოფელ სტეფანაშვილებში დაწყებულია. გატანილია ახლა ეს ტენდერით. მუშაობა მიმდინარეობს. მგონი 15-18 კილომეტრია. სასმელი წყალი მოდის. მეორე სოფელში შარშან მოვიდა უკვე. ასე რომ წყლის პრობლემა ღორჯომის ტერიტორიაზე მოგვარებულია.

  • მაღალმთიანეთში ხშირია ხანძარი, რომლის შედეგადაც სახლები მთლიანად იწვის. ამ საკითხის მოგვარება როგორ გესახებათ?

ჩვენთან ხანძარი ხშირია, იმიტომ, რომ სოფელში ძირითადად არის ხის სახლები. სახანძრო სამსახურს რაც შეეხება, ხულოდან ღორჯომამდე 16 კილომეტრია. სახანძრო ბრიგადა ხულოდან მოდის. ერთი წამი დაგვიანება არაა. მაქსიმუმ ნახევარი საათი, 40 წუთი სჭირდება აქ ამოსასვლელად. ძალიან სწრაფად ამოდიან და კარგადაც გვემსახურებიან.

ერთი წლის წინ ჩვენთან იყო ხანძარი. ერთი სახლი კი დაიწვა, მაგრამ მეორე სახლი სახანძრო ბრიგადის დახმარებით გადარჩა. ასე რომ ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას მაგათ მიმართ პრეტენზია და დასამდური არაფერი არ გვაქვს.

თუ გაიხსნება ღორჯომში სახანძრო ბრიგადა ძალიან კარგია, მაგრამ ეგეც ვიცით, რომ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ერთადერთი ისაა, რამენაირად, როგორმე თუ დაგვეხმარება ხელისუფალი, ან ნაწილს რაღაცას ჩვენ დავეხმარებით და ბრიგადა თუ გაიხსნება ღორჯომის ცენტრში.

  • პანდემიამ რა გავლენა მოახდინა ღორჯომის თემზე?

ჩვენთან აცრები ძალიან კარგად მიმდინარეობს და მოსახლეობა იცრება. უბანში გვყავს ჩვენ ექიმები. რაიონში ხდება რენტგენის გადაღება. ყველანაირი ანალიზი კეთდება. თუ მძიმეა, რა თქმა უნდა, ვაგზავნით ბათუმში.

სოფელში ერთმანეთის მიმართ არსებობს მორიდება. ექიმი რომ ეტყვის ერთი კვირით სახლიდან არ უნდა გახვიდე, ყველა ამ წესებს იცავს. ასე რომ მაგ მხრივაც დიდი გართულება ღორჯომში არ გვაქვს. დაუმორჩილებელი ხალხი არ არიან და კმაყოფილი ვართ, თითოეული ჩვენგანის სიტყვას ემორჩილებიან.

ჩვენ ღორჯომის ხეობაში პანდემიით სიკვდილიანობა არ გვქონია. კოვიდით არავინ გარდაცვლილა. შარშან შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში დაფიქსირდა კორონა. ყველა გამოჯანმრთელდა. დღესდღეობით კოვიდი სოფელში არავის არ აქვს.

  • რამდენი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს ღორჯომის თემში, თუ იცით?

მაგას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. მაგ ინფორმაციაზე წვდომა არ მქონია. არც ვიცი ზუსტად რამდენი ოჯახია.

  • ახალგაზრდებისთვის რა პერსპექტივაა სოფელში?

უკვე დაგეგმილია და გაკეთდება სპორტდარბაზი, რომელშიც იქნებიან ძალიან კარგი სპეციალისტები. ადგილობრივიც გვყავს და ალბათ მოწვეული სპეციალისტებიც იქნებიან. მხედველობაში მაქვს ჭიდაობა. სპორტდარბაზი დაგეგმილია. უფრო და უფრო მეტ სპორტსმენს გამოვზრდით ღორჯომის ხეობაში. ამ მხრივაც კარგი წარმატება გვექნება.

  • სამი მნიშვნელოვანი რამ თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც ბოლო 5 წელიწადში გაკეთდა თქვენს სოფელში, მუნიციპალიტეტში და რომელმაც დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივებზე. გზა რომ დაიგო, ამაზე უკვე ისაუბრეთ. გზების გარდა რა შეიცვალა  თქვენს სოფელში?

ღორჯომის ცენტრი კეთილმოწყობილია. ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურა კარგადაა ჩვენთან მოწესრიგებული. გზები გაკეთდა. სასმელი წყალი მოვიყვანეთ სოფელში და ყველა სოფელს აქვს წყალი. მაგით უკმაყოფილო არავინ არაა. კიდევ მოდის ახლა სტეფანაშვილებში.

ცენტრის კეთილმოწყობა მოხერხდა. პროექტი კეთდება სპორტდარბაზის და გზები მოეწყო. გზა, წყალი და ინფრასტრუქტურა – ეგ არის მთაში მთავარი.

  • გაზი თუ არის?

არა, გაზი არ არის. ხულოს ცენტრამდე მოსულია გაზი. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ ვერ გეტყვით როდის იქნება.

  • რამდენი კოორდინატორი ჰყავს ქართულ ოცნებას ღორჯომის თემში?

ღორჯომში უბნის უფროსია ორი ადამიანი და კოორდინატორი მგონი ექვსი.

  • ყველა არჩევნებზე ისმის საუბარი იმის შესახებ, რომ კოორდინატორების დახმარებით ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა. ამაზე რას იტყვით?

სიცრუეა. არანაირი მოქრთამვა არ მომხდარა ღორჯომის ტერიტორიაზე და არც მოხდება. თვითონ ჩვენმა მოსახლეობამ იცის ხმა ვის უნდა მისცეს. ვერანაირი კოორდინატორი ვერ შეაცვლევინებს მათ აზრს, ვერც ფულით და ვერც ვერაფრით. მოსყიდვები არის გამორიცხული თემა. მე არ ვიყავი აქამდე კანდიდატი. 30 წელია ვმუშაობ სასწრაფოს სამსახურში და მსგავსი არც მომისმენია.

  • რას გააკეთებთ ღორჯომისთვის, თუკი საკრებულოში აგირჩევენ?

ვიზრუნებთ მომავალი თაობის განათლებაზე. აუცილებლად დავეხმარებით ყველა ოჯახს, ვისაც დახმარება სჭირდება. წელს 12-მა გოგომ ჩააბარა ღორჯომიდან. იმ ოჯახებს შორის არიან ხელმოკლე ოჯახები, რომლებსაც აუცილებლად გავუწევთ დახმარებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: