მთავარი,სიახლეები

გამყრელიძის თქმით, თუ ყველა აიცრება, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

27.08.2021 • 1483
გამყრელიძის თქმით, თუ ყველა აიცრება, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

„რა დრო დაგვჭირდება საქართველოს მოსახლეობის სრულად ასაცრელად, თუ ვაქცინაცია ამავე ტემპით გაგრძელდება როგორც ახლა მიდის?” – ჰკითხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, დღეს, 27 აგვისტოს, სპეციალურად გამართულ ვებინარზე.

გამყრელიძის ინფორმაციით აგვისტოში დღეში საშუალოდ 23 ათასი აცრა კეთდება. ვაქცინაციის გეგმით კი, წელს სულ ცოტა მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია.

„სამიზნე მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის ორჯერადი აცრა ეს არის 3 მილიონ ოთხასი ათასი აცრა. მილიონ ასი ათასი აცრა ჩვენ უკვე ჩატარებული გვაქვს, ამიტომ ამ ტემპით [საშუალოდ 23 ათასი აცრით დღეში] წლის ბოლომდე 3 მილიონ რვაასი ათასი აცრა იქნება გაკეთებული – სამიზნეზე 400 ათასით მეტი, რაც კარგი მაჩვენებელია,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში სულ ორი მილიონ შვიდასი ათასი მოზრდილი ცხოვრობს.

„თუ ყველა ავიცრებით, იქნება ძალიან კარგი შედეგი. ახლა ვმუშაობთ და ველოდებით სხვადასხვა გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, შეიძლება ფაიზერი და მოდერნა გაუკეთდეთ 12 წლიდან მოზარდებს და ამ შემთხვევაში მოგვემატება კიდევ 200-250 ათასი მოზარდი. ასეთ შემთხვევაში, თუ დღევანდელი ტემპით წავედით, წლის მიზანსაც ვასრულებთ და სასურველზე მეტიც გვეყოლება აცრილი,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი განმარტებით, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მეტად ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდება ქვეყანაში კორონავირუსზე და „ახალ წელს ძველებურად შევხვდებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: