მთავარი,სიახლეები

ხმის დათვლის პროცესს ცესკო ვიდეოკამერით ჩაწერს და ინტერნეტში ატვირთავს

25.08.2021 • 2132
ხმის დათვლის პროცესს ცესკო ვიდეოკამერით ჩაწერს და ინტერნეტში ატვირთავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2 ოქტომბრის არჩევნების დროს, საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება და ამასთან, ვიდეოგადამღები მოწყობილობის ისე განთავსება, რომ  სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი.

ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის დილის 10.00 სთ-მდე უზრუნველყოს ვიდეოგადამღებ მოწყობილობებზე არსებული ხმის დათვლის პროცესის ყველა ვიდეოჩანაწერის ატვირთვა ინტერნეტსივრცეში, საამისოდ განსაზღვრული ადგილიდან.

ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერების გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინტერნეტში, რის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე. ჩანაწერები ინტერნეტში 2022 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება განთავსებული.

საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს დაითვლის შემდეგი წესით:

პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, ასევე აცხადებს ბათილად/საეჭვოდ მიჩნეულ ბიულეტენებს, ხოლო შემდგომ საარჩევნო ბიულეტენს იჭერს ხელში იმდაგვარად, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია.

ვიდეოგადამღები მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა ცესკო უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემას; საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცეს ვიდეოგადამღები მოწყობილობა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა.

ცესკოს გადაწყვეტილებით:

  • „ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ საუბნო საარჩევნო კომისიებს.
  • მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ვიდეომოწყობილობის ანდა ვიდეოჩანაწერის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორს შეუძლია მოითხოვოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა. საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ.
  • აღნიშნული საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 10-წუთიანი ინტერვალის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით.
  • საჩივრის წარმდგენს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში“.

ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს.

ხმის დათვლის პროცესის ჩაწერა არ მოხდება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე [საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია].

ასევე კორონავირუსით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის მიზნით შექმნილ უბნებში.

საარჩევნო კოდექსით, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები.

ცესკოს დადგენილებით, სავალდებულოა ოლქის მიერ ხელახალი დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებაც.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: