მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ეს ჯადოქრობა გულიდან ლოდს გადაგიგორებს“ | ნინო გურასპაული

17.08.2021 • 2060
„ეს ჯადოქრობა გულიდან ლოდს გადაგიგორებს“ | ნინო გურასპაული

ავტორი: ნინო გურასპაული, წიგნის მოყვარული

არის წუთები, დღეები, ხანდახან თვეებიც კი, როცა გრძნობ, რომ დაიღალე… გეჩვენება, რომ სამყარო შეიშალა, შენ კი ძალა აღარ გაქვს, ფეხი აუწყო დედამიწის აჩქარებას. შველა გჭირდება, კითხვებზე პასუხები გჭირდება, სხივი გჭირდება, საკუთარი თავის გადარჩენა გჭირდება, იმიტომ, რომ ლოდი, რომელიც გულზე გაწევს, დღითიდღე მძიმდება.

და უცებ გონება გინათდება, ხვდები, რომ არსებობს ხსნა, არსებობს სასწაული და ის შენგან ხელის გაწვდენაზეა… დაღლილ-დაქანცულს შეგიძლია გულისფანცქალით ჩამოჯდე „დედის ოთახში“ და ყველა კითხვაზე იპოვო პასუხი, ჩარლი გორდონთან ერთად გაასწორო ნაწერი და გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო ძველებურად შეშლილ პირველივე ასოზე, დედისიმედთან ერთად აგიჩქარდეს გული დავითის დაძახებულზე – „ჩემო“ და  ანტიოქიის ურწყულ მიწაზე ფარსმან ჩორჩანელთან ერთად უხმოდ დაიტანჯო, ხურჯინით რომ აჰკიდეს  ბაქარ ჩორჩანელისა და მისი სახლთუხუცესის თავები და ასე უსასრულოდ…

კითხულობ და ხვდები, რომ არსად წასულა შენი სიხარული და ტკივილები… ხვდები, რომ იმ სოფლელი კაცივით შენც ბალახი გინდა იყო და არა გწადია ცელობა, რაც არ უნდა გაბოროტდეს სამყარო… და შენ უფრო მართალი ხდები, უფრო გულწრფელი და ისეთი ძლიერი, რომ მთებს გადადგამ! აღარც გულზე შემოწოლილი ლოდია ისეთი მძიმე…

დიახ, წიგნი ხსნაა, ჯადოქრობაა და ეს ჯადოქრობა გულიდან ლოდს გადაგიგორებს! მადლობა პროექტის ავტორებს ამ წამოწყებისათვის. აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს კი ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე, მათ ხომ დიდი სიამოვნება ელით, სიამოვნება „პირველად წაკითხვის“.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: