მთავარი,სიახლეები

ავღანეთიდან 23 ქართველის გამოყვანაზე მინისტრის მოადგილის განმარტება

16.08.2021 • 3247
ავღანეთიდან 23 ქართველის გამოყვანაზე მინისტრის მოადგილის განმარტება

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად საქართველოს მთავრობა თვითმფრინავს გაგზავნის ქაბულში – ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიშვილმა.

მისი განცხადებით, ავღანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გუშინ, 15 აგვისტოს, ითხოვეს დახმარება. ისინი არიან ყოფილი სამხედრო პირები, რომლებიც კერძო კომპანიებში მუშაობენ კონტრაქტით.

„17 კაცია დასაქმებული კანადურ კომპანიაში და 6 კაცია დასაქმებული ამერიკულ კომპანიაში“ – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გუშინ ქაბულიდან 4 რეისი გამოფრინდა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ ასვლა, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ აეროპორტში მისვლას.

„არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოვლენ. რამდენიმე რეისი ისევ არის დაგეგმილი. მათ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, იმიტომ, რომ მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს დარჩენილიყვნენ ბაზაზე.

თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, რომ მზად არიან ჩვენი მოქალაქეები ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში, იმედია, ეს მოხდება და აეროპორტიდან ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში.

საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან მიმდინარე სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავიც ჩაფრინდება ქაბულში,“ – განაცხადა ხვთისიშვილმა.

„თალიბანის მებრძოლებმა“ 15 აგვისტოს ქაბულზე კონტროლი მოიპოვეს. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და მეზობელ ტაჯიკეთში თვითმფრინავით გაემგზავრა.

ქაბულზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, „თალიბანმა“ 20-წლიანი ომი დასრულებულად გამოაცხადა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტი არის ერთადერთი ადგილი ქვეყანაში, რომელსაც „თალიბანი“ ვერ აკონტროლებს.

_________________

ფოტო: ქაბულის აეროპორტში ასობით ადამიანი ცდილობს თვითმფრინავის ბორტზე ასვლას და ქვეყნიდან გაქცევას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: