ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მარადიდში მოქალაქეს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია „კირნათი ჰესის“ გამო

12.08.2021 • 5414
მარადიდში მოქალაქეს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია „კირნათი ჰესის“ გამო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებ ილია დიდმანიძის კერძო საკუთრება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. საუბარია 5 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობი 3 236 კვადრატული მეტრი და 2 შენობა-ნაგებობაზე.

ექსპროპრიაციის უფლება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს მიერ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ფარგლებში მოქცეული მესაკუთრე ილია დიდმანიძის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით… დასახელებული გარემოება კი, შეუძლებელს ხდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის დასრულებას.“

დოკუმენტის მიხედვით, „კირნათი ჰესი მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად, ჰესის სრულად ამოქმედების შემდეგ კი, აღნიშნული ნაკვეთები წყლით დაიფარება.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და „კირნათი ჰესის“ ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა:

„მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია:

„2011 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში – მემორანდუმი) თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1“-ის მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესი“-ს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს „კირნათი ჰესის“ პროექტის დასრულება.

პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო:

„ჰესების“ საერთო სიმძლავრე მიაღწევს – 98.731 მეგავატს. საქართველოს მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათ წლიან პერიოდში და წლიურად 8 თვის განმავლობაში [იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი] გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის

პროექტის განხორციელებაში ამჟამად დასაქმებულია 125 თანამშრომელი, აქედან 97 საქართველოს მოქალაქეა. ასევე პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება საქართველოს მოქალაქეების მუდმივად დასაქმება“.

_______________________________

მთავარი ფოტო: სოფელი მარადიდი / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: