მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია

15.02.2016 • 1637
ხელვაჩაურში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მახინჯაურში, კირნათში, ფერიასა და ქედქედში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავრცელებენ. „ამ სოფლებში გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ კიდევ ზაფხულში ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები. ოთხ სოფელში ბაღების რეაბილიტაციისთვის გასული წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ დუმბაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. პარტიის კიდევ ერთი წევრი, ასმათ დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სამუშაოების შეჩერების მიზეზის დადგენას და იმ პირების პასუხისმგებლობის დასმას მოითხოვს, ვინც ანგარიშვალდებული იყო სამუშაოების დროულად დასრულებაზე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე, „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ამ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა, ტენდერი ხელახლა გამოცხადდა და აღნიშნული ბაღები მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება: „ნაციონალები“ რომ აშენებდნენ ორ კვირაში და იბარებდნენ უხარისხოდ გაკეთებულს, იმიტომ გახდა ხელახლა სარეაბილიტაციო ეს ბაღები. სამშენებლო კომპანიებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ისინი სოლიდური თანხით დაჯარიმდნენ ამის გამო. ჩვენ მათ სასამართლოშიც ვუჩივით, რომ ჯარიმები გადაიხადონ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: