განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნი ზოგჯერ სარკეა, ზოგჯერ თავშესაფარი | ხათუნა ჯიბლაძე

10.08.2021 • 1662
წიგნი ზოგჯერ სარკეა, ზოგჯერ თავშესაფარი | ხათუნა ჯიბლაძე

ავტორი: ხათუნა ჯიბლაძე, მხატვარი

___

 “I have always imagined that Paradise will be a kind of library.”

Jorge Luis Borges

ჯენი, რომელმაც ცალი წითელი ფეხსაცმელი დაკარგა, ტიროდა… ამოვხიე და ჩემთან სათამაშოდ წამოვიყვანე. მახსოვს ისეთი პატარა ვიყავი, სიარულიც არ ვიცოდი.

პირველად იყო ილუსტრაცია…. ილუსტრაციები დიდ გავლენას ახდენდნენ, მაჯადოებდნენ და ფერად სამყაროში მამოგზაურებდნენ. დედა ძალიან ბევრს მიკითხავდა. ერთხელაც წიგნში არსებული „ბურატინოს“ ყველა „ტ“ გავაფერადე და ნელ-ნელა კითხვაც ვისწავლე. ხუთი წლის ასაკში უკვე დამოუკიდებლად ვკითხულობდი და მას შემდეგ კითხვის გარეშე ერთ დღესაც არ ჩაუვლია.

დღესაც პატარა ბავშვივით მიყრილ-მოყრილ წიგნებში ვიქექები, ვირჩევ და ისევ გაფართოებული თვალებით ვეშვები მორიგ თავგადასავალში.

კითხვა თავისუფლებაა.

არსებობს წიგნები, რომელიც ჩემზე დაიწერა, არსებობს წიგნები, რომლებიც ჩემთვის დაიწერა, არსებობს წიგნები, რომელიც მინდოდა დამეწერა და ნამდვილი შურითაც კი შემშურებია ზოგიერთი ავტორის.

წიგნი ჩვენში არსებულ ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებაა.ზოგჯერ სარკეა, ზოგჯერ თავშესაფარი. აზროვნების, თანაგრძნობის, სიყვარულის, ბედნიერების, სიკეთის, სირთულეების გადალახვის, ადამიანების შინაგანი სამყაროს თუ სხვა მრავალი სამყაროს კუნჭულებში შესაღწევი საშვი. ხანდახან გვატირებს, ხანდახან გვაცინებს ან შეგვარცხვენს, თუ მოინდომა სილასაც გაგვაწნავს ხოლმე.

შეუძლია უსასრულო გზებზე გვატაროს, დაგვაბრუნოს ან არ დაგვაბრუნოს, უძლეველი გაგვხადოს, უცხო პლანეტებზე გადაგვისროლოს, სხვადასხვა საშუალებით გვაფრინოს, ემოციების ზღვაში ჩაგვძიროს, ჯადოქრობები ჩაგვადენინოს, რომ შემდეგ, რეალობაში დაბრუნებულებს, თვითონ შეგვეძლოს გვიყვარდეს, განვიცადოთ, ვიგრძნოთ, მივაგნოთ, აღმოვაჩინოთ და ჩვენვე შევძლოთ ჯადოსნური ჯოხის ქნევა, შევქმნათ ახალი, უფრო საინტერესო, ბევრად უკეთესი სამყარო.

დღევანდელი ეპოქა ნებისმიერ საინტერესო ლიტერატურასთან შეხების შესაძლებლობას იძლევა. მახარებს, რომ ჩემს გარშემო მყოფი ახალი თაობა ბევრს კითხულობს. მკითხველი თავისუფალია.

მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს და ახალგაზრდას უნდა შეექმნას თანაბარი პირობები, ჰქონდეთ საინტერესო წიგნებთან წვდომის საშუალება. ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰყავდეს საკუთარი ჯენი.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: