სიახლეები

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ გავამაგრებთ“ – გზების დეპარტამენტის პასუხი სალიბაურელებს

02.08.2021 • 2755
„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ გავამაგრებთ“ – გზების დეპარტამენტის პასუხი სალიბაურელებს

„ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ ვგეგმავთ გამაგრებას,“ – გვითხრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სალომე წურწუმიამ სოფელ სალიბაურში მოსახლეობის პროტესტის პასუხად.

საუბარია ავტობანის მშენებლობაზე, რომელიც ბათუმთან ახლოს, სალიბაურში 14-მა ოჯახმა შეაჩერა.

მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ან გასახლებას, რადგან ავტობანის მშენებლობის დროს მათი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა: საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და ცხოვრება საშიში გახდა. გარდა ამისა, აწუხებთ მტვერი და ხმაური.

მოსახლეობამ ავტობანის წინ კარვები ჩადგა, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, დილის 6 საათზე პოლიციამ დაშალა. სალიბაურელები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ავტობანის მშენებლობა ვერ განახლდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოსახლეობის განცხადების საპირისპიროდ, გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნები უკვე არსებობს, სადაც ცალსახად წერია, რომ ბზარები ავტობანის მშენებლობას არ გამოუწვევია.

„დასკვნების მიხედვით, ეს ბზარები გამოიწვია კორპუსზე უკანონო მიშენებებმა, რომელიც განხორციელდა 90-იან წლებში სამშენებლო ნორმების და წესების დარღვევით. ეს ბზარები არ არის გამოწვეული შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტიდან.

მიუხედავად ამისა, დეპარტამენტმა, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ორგანომ დაუკვეთა შესაბამისი გამაგრებითი პროექტის მომზადება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სალომე წურწუმიამ. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნები გასული წლის სექტემბერში მომზადდა.

გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვუთხარით, რომ მოსახლეობას ექსპერტიზის დასკვნა არ აქვს, ხოლო ზუსტად ერთი თვის წინ ჩავწერეთ ინტერვიუ ამავე დეპარტამენტის განსახლების სამსახურის უფროსთან, მიხეილ უჯმაჯურიძესთან, რომელმაც თქვა, რომ ავტობანთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.

„ალბათ თქვენი კითხვა იყო ბუნდოვანი,“ – გვიპასუხა გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. მან უარი გვითხრა ექსპერტიზის დასკვნების დღესვე გაცნობაზე და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მიგვითითა. სალომე წურწუმიამ დასძინა ისიც, რომ პერსონალური მონაცემების გამო, უცნობია, მოგვაწვდიან თუ არა ექსპერტიზის დასკვნებს.

რატომ დააფინანსებს გზების დეპარტამენტი ბიუჯეტის ხარჯზე კორპუსის გამაგრებას, თუკი დადგინდა, რომ ზიანი ავტობანის მშენებლობას არ გამოუწვევია?

„თქვენც რომ იყოთ პასუხისმგებლობიანი ორგანო, დაგეგმავდით შესაბამის ღონისძიებებს,“ – გვიპასუხა სალომე წურწუმიამ და ხაზი გაუსვა, რომ რეალურად ადამიანები მართლაც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ კორპუსში.

ავტობანთან ახლოს, კერძო სახლში ცხოვრობს მზიური ზოსიძე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნა აქვს, სადაც წერია, რომ საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრობს, თუმცა ექსპერტი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს, უკავშირდება თუ არა ეს ბზარები კონკრეტულად ავტობანის მშენებლობას.

მზიური ზოსიძესთან დაკავშირებით, გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ შესაბამისი ნიშნულები თუ არ განთავსდება სახლზე, ვერ დადასტურდება, ბზარები ავტობანის მშენებლობამ გამოიწვია თუ არა.

„ის არ გვიშვებს სახლში… ეს ბზარები დაფიქსირდა სახლში 2019 წელს, ავტობანის მშენებლობის დაწყებამდე,“ – დასძინა გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

მოქალაქის თქმით კი, ავტობანის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, სახლს კი, ბზარები 2019 წელს გაუჩნდა.

ამ ნაწილშიც განსხვავებულია ერთი საჯარო უწყების ორი წარმომადგენლის პოზიცია – თუ უფროსის მოადგილე ამბობს, რომ სამუშაოების დაწყებამდე შეისწავლეს მზიური ზოსიძის სახლი ტექნიკურად, ამავე უწყების წარმომადგენელმა, მიხეილ უჯმაჯურიძემ „ბათუმელებთან“ ერთი თვის წინ აღნიშნა, რომ „მანამდე ამის საჭიროება არ იყო“.

კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსიც ავტობანიდან დაახლოებით 30 მეტრშია. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მზიური ზოსიძეს აქვს, წერია:

საცხოვრებელი შენობები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საავტომობილო გზებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა“, – ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

გზების დეპარტამენტში სამხარაულის ექსპერტიზის პოზიციას არ იზიარებენ.

„დაცულია ყველა ტექნიკური სტანდარტი“ – ირწმუნება გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სალომე წურწუმია, მისი თქმით, დისტანცია 100 მეტრი კი არა, 25 მეტრი უნდა იყოს, თუმცა მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რომლითაც დისტანცია განისაზღვრება.

მოქალაქეებს სასამართლო დავის შესაძლებლობა აქვთ.

„მე სახელმწიფოს არაფერს ვთხოვ, ჩემი კერძო საკუთრება მენგრევა და ზიანი მათგან არის მოყენებული. ამას რატომ არ ითვალისწინებენ. თუ სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, სასამართლოში საიდან იქნება?“ – კითხულობს მზიური ზოსიძე.

ამ თემაზე:

„მთავრობაში სიმართლის მოყვარული 1 ადამიანიც არ არსებობს?!“ – სალიბაურელი ქალი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: