ბათუმი,მთავარი,სიახლეები

195 ათასი ლარი ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის

30.07.2021 • 1909
195 ათასი ლარი ბათუმის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის ცენტრალური მეჩეთის სარეაბილიტაციოდ აჭარის ბიუჯეტიდან 195 ათასი ლარია გამოყოფილი. ძველ ბათუმში, ქუთაისის ქუჩის N19-ში მდებარე მეჩეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო „სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად“, თუმცა, პროექტი სატენდერო დოკუმენტაციას თან არ ახლავს.

„პროექტი გამარჯვებულ მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“ – აღნიშნულია ტენდერში.

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით მეჩეთში შემდეგი სამუშაოები უნდა შესრულდეს:

„ძველი დაზიანებული შელესილობის მოხსნა დარბაზში და ბოძებზე; ცენტრალური დარბაზის, ანტრესოლის, ლოჯიების და მარჯვენა დარბაზის შელესვა, ლოჯიების და მარჯვენა დარბაზის ჭერის შელესვა; 1 მეტრ სიმაღლეზე არსებული გრანიტის ფილების მოწყობა, იატაკის მოწყობა არსებული მეტლახის ფილებით; ანტრესოლზე დაზიანებული იატაკის აყრა, იატაკქვეშა კოჭების დაზიანებული ნაწილების შეცვლა და გაძლიერება ახალი კოჭებით, ახალი იატაკის მოწყობა გამომშრალი, გარანდული ფიცრით (სისქე 5 სმ), იატაკის გალაქვა; მეორე სართულზე ფანჯრებში ცხაურების ჩასმა;

სამღებრო სამუშაოები: ანტრესოლის მოაჯირის, ხუთბისკეთის, ქურსის და ჭერის დაზიანებული ორნამენტების რესტავრაცია და შეღებვა შესაბამისი ფერის საღებავით; მთავარი შესავლელი კარებისა და დარბაზის ორი კარის დაზიანებული ორნამენტების რესტავრაცია და კარების შეღებვა შესაბამისი ფერის საღებავით; შესასვლელში არსებული ნახატობების გაწმენდა და დაზიანებული ნაწილის აღდგენა; დარბაზის ჭერის ორნამენტირებული შეფიცვრის აღდგენა, დაზიანებულის შეცვლა და შეღებვა“.

პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ სატენდერო მოთხოვნებში აღნიშნულია, რომ „სამუშაოებში უნდა მონაწილეობდეს რესტავრატორი ან/და არქიტექტორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2011 წლის 1-ლი იანვრიდან არანაკლებ 5 სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 15 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმის ცენტრალური მეჩეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: