მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

თექვსმეტი | შოთა გუჯაბიძე

28.07.2021 • 1772
თექვსმეტი | შოთა გუჯაბიძე

ავტორი: შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს ყოფილი წევრი 

ძეგლის გაყიდვას კანონი არ კრძალავს და ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება, ბალნეოლოგიური კლინიკა გაყიდულიაო, რომ იძახდნენ ქალაქში. მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი გაყიდულია და ყველაფერი ნაყიდი. გავლენიანი პატრონი ჰყავს ყველა შენობას, ტყეს, მიწას და ჰაერს. მოგიბრუნდება „მარშუტკის“ მძღოლი და აქედან იქამდე პეტრიაშვილს აქვს ყველაფერი ნაყიდიო, მოგახსენებს სრულიად უადგილოდ სრულიად უცხოს.

ეს კლინიკა ბულვარში იდგა ბულვარის გაჩენის დღიდან და სულ ზღვის სამკურნალო აბაზანების ფუნქცია ჰქონდა. მეფის რუსეთის დროს ვინმე ბოიაჯანი იყო მეპატრონე. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მერე, ცხადია მასაც უყვეს ნაციონალიზაცია და საერთო-სახალხო ქონება გახდა.

შენობა თავიდან ერთსართულიანი იყო, მერე ორსართულიანი და მერე ისევ ორსართულიანი. შენობა, რომელიც ყველას გვახსოვს და ცოტა ხნის წინ დაანგრიეს, რიგით მესამე იყო. მიუხედავად ამდენი ნგრევისა და შენებისა, მისი სიმაღლე ორ სართულს არასოდეს აცდენილა.

კლინიკის უახლესი ისტორია იქიდან იწყება, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში აქტიურად იწყეს დენა ადამიანთა ჯგუფებმა, რომელთაც ამ ადგილის მიმართ შეუსაბამო ინტერესი აღმოაჩნდათ. მოგეხსენებათ, ბულვარს ძეგლის სტატუსი აქვს და მასზე ნებისმიერ ნგრევას თუ მშენებლობას ეს საბჭო განიხილავს. კი არაფერს წყვეტს, მხოლოდ განიხილავს და მერე სააგენტოს დირექტორი წყვეტს, დაეთანხმოს თუ – არა. თუ აწყობს, იტყვის საბჭომ გადაწყვიტა და სხვა რა გზა მქონდა არ დავთანხმებულიყავიო, არ მოეწონება და მოიმიზეზებს რამეს. პრინციპულ დირექტორადაც წარმოჩინდები ასეთ შემთხვევაში.

ეს მხოლოდ ახირება არ არის, დებულებაც აძლევს ამის საშუალებას. რა გასაკვირია და, დებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საშუალებასაც იძლევა, მაგრამ სააგენტოს მაშინდელი დირექტორი ამ უფლებით პრაქტიკულად არასოდეს სარგებლობდა. ესეც პრინციპულობაა, მე თუ მკითხავ.

„ქართულმა ოცნებამ“ ბულვარის გაუპატიურება ხელისუფლებაში მოსვლიდანვე დაიწყო, უფრო სწორად – წინა ხელისუფლების გზა გააგრძელა. არც კი შეწყვეტილა ეს პროცესი. ჯერ იმით, რომ არავინ დაუსჯია ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კორპუსის ჩადგმისთვის. პირიქით, გვერდით ახალი კორპუსი მიუშენეს. იქამდე რაღაც საშინელება ჩადგეს იქვე ახლოს და „საშინელებათა სახლი“ დაარქვეს. ამ მშენებლობებში ყველაზე მეტად ისინი აქტიურობდნენ, ვინც ე.წ. ტექნოლოგიურს აპროტესტებდნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ახლა კი მათგან გაგვიხდა ბულვარი დასაცავი.

მერე გამოჩნდა „ბალნელოგიურის ხალხი“. ამ დროს მეც ამ საბჭოს წევრი ვიყავი. პროექტების და ესკიზების გარეშე მოდიოდნენ ეს ადამიანები საბჭოს სხდომაზე. მთლად ტექნოლოგიური უნივერსიტეტისხელაც არ გვინდა, მაგის ნახევარიც გვეყოფაო, ამბობდნენ. წესებისა და კანონების მოხმობით არაფერი გამოდიოდა, ბალნეოლოგიურელები აქეთ გვთხოვდნენ პასუხს, იმის გამო რომ შენობა მთლად მათი სურვილით არ უყიდიათ. თუ რამე უკანონობა მოხდა, თანაც შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამის გამოძიებას არავინ ცდილობდა, იმ ფონზეც კი, როცა ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა. დაპირისპირებაც არცთუ ეთიკურ სახეს იღებდა. კამათში საბჭოს წევრების უმეტესობა არ მონაწილეობდა. ბულვარს ნინო ინაიშვილი და მე ვიცავდით, უფრო სწორად, ვცდილობდით.

ცხადი იყო, რომ ეს დაპირისპირება პროვოცირებული იყო, ვიღაცას მაზანდის აწევა უნდოდა, მე კი ვარ თანახმა, მაგრამ ხომ ხედავ აგერ რამხელა წინააღმდეგობააო. ეს „ვიღაცა“ იქვე იდგა და ნეტარების ჟრუანტელი გასდიოდა, ხმაც კი მესმოდა ნეტარების ჩუხჩუხის. ამას იქვე ვხვდებოდი, მაგრამ არ შემეძლო ჩუმად ჯდომა. სხდომის ჩატარების თარიღს ხან ერთი საათით ადრე გვაგებინებდნენ და საბჭოს არაწევრს ვერაფრით ვერ უნდა გაეგო შემთხვევით. თან ზუსტად ვიცოდი, რომ თუ საკითხი საბჭოზე გავიდოდა, აუცილებლად დამტკიცდებოდა. კარგად ვიცნობდი კოლეგებს.

ორი წელი მაინც გრძელდებოდა ეს ამბები. ამასობაში მგონი მეპატრონეც შეიცვალა, ან იქამდეც „ამბასადორი“ იყო. არ ვიცი, მეპატრონეებს ვერ ვიმახსოვრებ. ყველა ერთმანეთს ჰგავს – გამომეტყველებით, მიმოხვრით.

მაშინაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობდი და პერიოდულად მივლინებებში სიარული მიწევს. პერიოდულადვე საეჭვოდ ემთხვეოდა ჩემი მივლინებები მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ასე მოხდა ახლაც. მეპატრონემ სამსართულიანი შენობის პროექტი შემოიტანა ტერასით და ბალნეოლოგიური კლინიკის ფუნქციის შენარჩუნებით. წესით, ძეგლზე თუ რაიმე შენობა განადგურდა, მასშტაბი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, ალბათ მეც დავუჭერდი მხარს, მთელი იმ ალიაქოთების მერე, სხდომას რომ დავსწრებოდი.

პროექტი დამტკიცდა. თუმცა დამტკიცებამდე დაანგრიეს ბალნეოლოგიური კლინიკა და ახალი მშენებლობა დაიწყეს.

იქამდე კიდევ ერთი ამბავი მოხდა. იგივე „ამბასადორმა“ ასევე უნებართვოდ დაანგრია კაფე იქვე ახლოს და უფრო დიდის და მასშტაბურის მშენებლობა დაიწყო, რაც ასევე არ შეიძლებოდა. რაღაც ა ლა 19-ე საუკუნის გრეხილი ლითონებით შემკული. 21-ე საუკუნეში 19-ე საუკუნის სტილში აშენება რომ გოიმობაა, ამ არგუმენტმა არ გაჭრა. ნახეთ, რა ლამაზი არქიტექტორიაო, ერთი არგუმენტი ეს იყო ნებართვის მაძიებლების მხრიდან და კიდევ – ჩემი ცოლი მე კაფეში გავიცანიო. მაშინ კაიო, ჩაწერეს ოქმებში საბჭოს წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორის სილამაზეს ქალაქგეგმარება არ ცნობს.

აქ გასაკვირი არაფერია. საბჭოს მუშაობის თავისებურებებს თუ ჩავუღრმავდებით, უფრო მომაკვდინებელ არგუმენტებსაც ვიპოვით. მაგალითად, ამას უარი როგორ ვუთხრა, დედამისის ქელეხში თამადა ვიყავიო.

ამ გრეხილი კაფეს ამბავი კიდევ ცალკე საკითხია. იგი საჯარო სივრცეში ჩაიდგა. საჯარო სივრცე უკანონოდ გასხვისდა. ამაზე დღეს აღარავინ საუბრობს. თუ კორპუსის შემთხვევაში არგუმენტი მოჰყავთ, რომ ყოფილი შენობა ყოველთვის კერძო საკუთრებაში იყო, კაფეს შემთხვევაში თავს ისულელებენ. არც ის ახსოვს ვინმეს, რამდენი რევოლუცია, მსოფლიო ომი და სისხლისღვრა გადავიტანეთ სოციალურად თანასწორი მსოფლიოს მისაღწევად და ჯიუტად ცდილობენ ბატონ-ყმობის ეპოქაში დაბრუნებას, როდესაც თავადაც ვიღაცის კერძო საკუთრება იყო, მაგალითად ზეინაბ დიასამიძის.

ამასობაში „ამბასადორმა“ ამ ორი ნაკვეთის გაერთიანება გადაწყვიტა და საკრებულოს მიმართა. სწორედ აქ წაასწრო სულიკო თებიძეს TV 25-ს ოპერატორმა, არ ამოიღო ბატონო სულიკოო, ლაშა კომახიძე რომ ეაჯებოდა.

ქალაქში იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ „ამბასადორი“ პროექტის შესრულებას არ აპირებდა. იმდენად დიდი საძირკველი გათხარეს, სამსართულიანი შენობისთვის რომ არ უნდოდათ, ყველა ბათუმელი სკოლამდელი ბავშვი მიხვდა ამას. მე სისტემატურად ვითხოვდი სააგენტოსგან განმარტებას. მონიტორინგის სამსახური პროექტში დარღვევებს ვერ ხედავდა.
“საშინელებათა სახლი” მომავალი კორპუსის ოფისად იქცა.

ამასობაში „ამბასადორმა“ მერისგან დამატებით 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი მოითხოვა პარკინგისთვის ბულვარშივე და ახალი პროექტი მიართვა.

ლაშა კომახიძე ამ შემთხვევაში უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა და რაღაც ამის მსგავსი განაცხადა, რომ ეს პროექტი მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელსაც ეს პროექტი გამოიწვევსო.

პირველი პროექტი საბჭომ 2019 წლის ბოლოს განიხილა, საახალწლოდ. ამ დროს ჩვენთვის არავის ეცლებაო, ფიქრობდნენ აშკარად. შემოსული იყო 15-სართულიანი კორპუსის პროექტი. პროექტი კი არა, ნახატები, რომლებსაც თავად „რენდერს“ ეძახიან და ჭკვიანური გამომეტყველების მიღებას ცდილობენ ამ დროს. საბჭოს წევრებს ერთი სული ჰქონდათ, რომ წამით მაინც დაეხედათ კორპუსის რენდერისთვის, შედევრიაო რომ ეთქვათ. ვითომ წინასწარ არ იყო ყველაფერი „გაიასნებული“ და ვითომ დიდი სამსახიობო ნიჭი ჰქონდათ. ამას ჩვენთვის აკეთებდნენ, რა იცი რომ შედევრიაო – რომ არ გვეკითხა. არადა მართლა არ ექნებოდათ ნანახი. ნახვა „შედევრის“ დასარქმევად სჭირდებოდათ, სახელი კი წინასწარ ჰქონდათ შერჩეული, როგორც „აბრამი“. შედევრის განსჯას ნახვა არც უნდა, მოსმენაც საკმარისია.

პროექტი წინასწარ იყო განწირული დიდი ხმაურისთვის. დარბაზშივე გააპროტესტეს კორპუსი ბათუმელმა აქტივისტებმა, იმ ადამიანებმა ვინც რეალურად იცავს ბათუმს იმ ადამიანებისგან, ვისაც ისტორიული ბათუმის დაცვა ევალებათ. ცხადია, რომ კორპუსს იცავდა დირექტორი ახვლედიანი და საბჭოს ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის ძეგლის ხელყოფას უჭერს მხარს.
იქნებ მეჩვენებოდა, მაგრამ მთელი დღე ეს საკითხი იყო ყველაზე აქტუალური მედიისთვის და ქალაქისთვის. საღამოს სააგენტომ განცხადება გააკეთა, რომ პროექტი უარზე გავიდა. რა ხდებოდა იმ რამდენიმე საათში – ჩემთვის უცნობია. ამას მხოლოდ მაშინ გავიგებ, როცა ახვლედიანს პროკურატურა დაკითხავს.

რამდენიმე დღეში რიჟვაძემაც დადო საჯარო პირობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რომ აქ სამ სართულზე მეტი არაფრით არ აშენდებაო.

რიჟვაძეს რომ კულტურული მემკვიდრეობა არ ადარდებს, ცხადია. პირიქით, სწორედ კულტურის სიძულვილის გამო ზის, სადაც ზის. სავარაუდოდ, რაღაც „ლიჩნი ნეპრიაზნი“ უნდა ყოფილიყო ამ განცხადების მიზეზი და არა კულტურა და სხვა გლობალური სუბსტანციები.

გავიდა ერთი წელი. მშენებლობა გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში. შენობა ნებართვით გათვალისწინებულ სიმაღლეს ასცდა. სააგენტომ კომპანია დააჯარიმა. ეს ნებადართული დანაშაული იყო. ჯარიმა არაადეკვატურად მცირეა და მფლობელს დაჯარიმება ძალიანაც აწყობს. სააგენტო კი იტყვის, ე ბოჯო, ხომ დავაჯარიმე, მეტი რაღა ვქნაო! არადა კანონმდებლობა ჯარიმის გარდა უკანონო მშენებლობის საწყის მდგომარეობაში მოყვანასაც ითვალისწინებს.

ამასობაში პანდემიის ეპოქაც დადგა დედამიწაზე და საბჭოს სხდომებმა ინტერნეტში გადაინაცვლა.

განსახილველ პროექტებს წინადღით გვიგზავნიდნენ ხოლმე და პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როცა არ გამოგვიგზავნეს, არც მე და არც ნინო ინაიშვილს. საბჭოს ხმის უფლებით ესწრებოდა ყოფილი წევრი, რომელიც სრული ერთი წელი აღარ ესწრებოდა სხდომებს და სააგენტოსავე განცხადებით იგი საბჭოს წევრი აღარ იყო. ცხადია, რომ მან ხმა კორპუსის ჩადგმას მისცა. კიდევ რამდენიმე სიახლე გვამცნეს, საბჭოს მდივანი თუ მდივნის მოადგილე. კიდევ – ოქმებს კი აღარ შევავსებთო, როგორც აქამდე იყოო, ვიდეოჩანაწერს გავშიფრავთო. მოკლედ, ინტელექტის ტოტალური მობილიზაცია (იტმ) იქნა გამოცხადებული. საკითხების განხილვა ისე დავიწყეთ, არც კი ვიცოდით რას ვიხილავდით. პროექტი მხოლოდ მას მერე გვაჩვენეს, რაც მიზანმიმართულ დამალვაში ვამხილეთ.

იქვე გავაპროტესტეთ, რომ ამ პროექტის არათუ განხილვა, კანცელარიაში მიღებაც კი არ შეიძლებოდა, იმდენად ყველა კანონს არღვევს – ჰამურაბიდან დაწყებული, ქურდულით დამთავრებული.

მაშინვე გაგვითიშეს მიკროფონები, ინტელექტის ტოტალურმა მობილიზაციამ (იტმ) პირველი ნაბიჯი გადადგა.

პარალელურად დავპოსტე ეს ამბავი „ბათომში“. გამოხმაურება იყო კატასტროფულად დიდი და კატეგორიულად უარყოფითი.

პროექტს მხარი დაუჭირეს კაკო ძნელაძემ, ერმილე მესხიამ, ტარიელ ტუსკიამ, ვიქტორია ბერიძემ, ზვიად ბურჭულაძემ.

წინააღმდეგები ვიყავით ნინო ინაიშვილი, სოფო ჭანიშვილი და მე.

ინტელექტის ტოტალური მობილიზაცია (იტმ) უხვად გადმოდინდა მხარდამჭერთა კომენტარებში. არ მომწონს, მაგრამ მხარს ვუჭერ; გრუნტი გაუძლებს; 4 სართული და 16 ერთი და იგივეა. ამ განათლების და შეგნების ადამიანები წყვეტენ ბათუმის ბედს და ამ პოსტზე სწორედ იმიტომ არიან, რომ ამ განათლების და შეგნების არიან.

სააგენტოს დირექტორ ზაურ ახვლედიანიდან დაწყებული – დამთავრებული სააგენტოს წევრებით, გამუდმებით ცდილობენ იმ აზრის დანერგვას, თითქოს მათ ნებაზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თითქოს დანაშაულს კი არ ჩავდივარ და რაღაცის სანაცვლოდ კი არ ვწერ ამასო, არა, ასე ვფიქრობო. არადა კანონში დეტალურადაა ყველაფერი გაწერილი, რომელშიც სავარაუდოდ არც კი ჩაუხედავთ. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში კანონი აქვთ დარღვეული და ძალიანაც ეცადონ გადაწყვეტილება უგუნურებით შენიღბონ, კანონი მაინც სხვაგვარად ფიქრობს..

იმავე დღეს მოაწერა ხელი ბრძანებას ზაურ ახვლედიანმა.

მეორე დღესვე მომხსნეს საბჭოს წევრობიდან. ბრძანებას ხელს ახვლედიანი აწერს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრად საქართველოს კულტურის მინისტრმა დამნიშნა. აქ აშკარად საქმეში თორნიკე რიჟვაძე ჩაერია. ურიჟვაძეოდ ახვლედიანი ამას ვერ გაბედავდა. მაგრამ მაინც იყო ეს ინტელექტის ტოტალური მობილიზაციის მეორე სვლა.

ანუ, ძეგლის დაცვის საბჭოდან ძეგლის დაცვისთვის გამომაძევეს. აქვე ვიტყვი, რომ ამ 8 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა საბჭოს წევრს მცირედი ცოდნა მაინც გამოემჟღავნებინოს იმ საქმიანობის, რასაც აკეთებდა. ცხადია იმ ხალხს ვგულისხმობ, რომელიც ძეგლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ახლაც კორპუსს მისცეს ხმა. არათუ რაიმე ცოდნა, წერა-კითხვის ცოდნაც კი არ დაუდასტურებიათ და ჩემი განაჩენის მიზეზიც ეგ იყო, რომ წერა-კითხვა ვიცი.

ერთი კვირის მერე მთლიანად დაითხოვეს საბჭო. რიჟვაძე-ახვლედიანი ცდილობდა შთაბეჭდილება დაეტოვებინა, თითქოს გლობალურ რეორგანიზაციას შევეწირე და არა პრიმიტიულ შურისძიებას.

მერე ახალი საბჭოს დასაკომპლექტებლად ახალი რეგულაციები შეთხზა, მერე ახალი საბჭო შეკრიბა, მერე მეკორპუსეები ისევ საბჭოში დააბრუნა. აქ ახვლედიანი საბოლოოდ დაიბნა.
მერე ახვლედიანი მოხსნეს. მერე ისევ დანიშნეს. მერე ისევ მოხსნეს. მერე ისევ დანიშნეს. აქ რიჟვაძე დაიბნა საბოლოოდ.

გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ რიჟვაძემ საჯარო პირობა დადო, კორპუსი რომ არ აშენდებოდა.

ორიოდე დღეში შევაგროვეთ 5 0000 –ზე მეტი ხელმოწერა, გავმართეთ ბევრი საპროტესტო აქცია, სარჩელი შევიტანეთ ყველა შესაბამის უწყებაში. სარჩელი, რომელშიც კორპუსის ჩადგმის ნებართვის უკანონობაა აღწერილი 759 გვერდისგან შედგება.

ზუსტად ვიცი, როგორ კვდებიან სიცილით მეკორპუსეები, იმიტომ რომ გაცილებით მაღალი კორპუსის პროექტს შეაშველებენ მშენებლობის პროცესში და სააგენტოც უდრტვინველად მისცემს ნებართვას და ყველაფერს, რისი მიცემაც შეუძლია.

მშენებლობა ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გრძელდება.

ყველა ამბავი არ მთავრდება და ამ ამბავს ფინალი არ აქვს.

აქვს მხოლოდ გაგრძელება.

მე რომ ამას ვყვები და თქვენ კითხულობთ, ესეც ამ ამბის გაგრძელებაა.

სათაურს მერე შევუცვლი-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ უკვე მიჩვეული ვიყავი, წერა რომ დავამთავრე.

__________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: