განათლება,მთავარი,სიახლეები

თითოეული წიგნი საკუთარ თავგადასავალს გიყვება | მაკა ლაშხია

23.07.2021 • 1674
თითოეული წიგნი საკუთარ თავგადასავალს გიყვება | მაკა ლაშხია
ავტორი: მაკა ლაშხია, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით

როცა ფიქრებს თავს ვერ ვუყრი და სიტყვები გამირბიან, ხარანაულის ამბა ბესარიონს მოვიხმობ წარმოსახვაში. ბოგანოს, რომელსაც ფეხთ გზა ეცვა, მიდიოდა და მილაპარაკობდა თავისთვის, ჩუმად, უსიტყვოდ, მაგრამ ყველას გასაგონად. 

ამბასთვის ცხოვრება მარტოობაა, მარტოობა დიდი ბედნიერებაა, რადგან ამ დროს შეგიძლია „შენი თავით იუქმო“. დიდი დრო გაქვს საკუთარი თავი განუწყვეტლივ აღმოაჩინო, საკუთარ თავს ელაპარაკო, ეკამათო, უარყო. მხოლოდ მარტოობისას შეგიძლია საკუთარი თავის ფლობა; მხოლოდ მარტოობის დროს შეგიძლია შენს თავს გაუმხილო, რომ „საკუთარი თავის ფლობა ცვალებადობაა და სხვა არაფერი“. 

ამბასთვის ცხოვრება ფიქრია, ფიქრი საკუთარ თავსა და იმაზე, რაც საკუთარი თავი არაა. საფიქრალს ბევრი სიტყვა ჭირდება, უზომოდ ბევრი. სათქმელი ორი-სამი სიტყვითაც ითქმის. ადამიანმა საფიქრალი ერთ დიდ სკივრში უნდა ჩაყარო, მოაგროვო, გაუფრთხილდე, რომ რომელიმე არ დაგეკარგოს, არ ამოგიფრინდეს სკივრიდან. და როცა მას გააღებ და ფრაგმენტულად, დაუკავშირებლად, შორი-შორს ჩაყრილ ფიქრებს თვალს გაუსწორებ, დაინახავ, რომ უთვალავ ნატეხ ფიქრებს შორის არ არსებობს ისეთი ორი, რომელსაც ერთმანეთთან დააკავშირებ. თითოეულს თავისი ისტორია აქვს, თითოეული თავის თავგადასავალს ჰყვება. 

ამბასთვის ცხოვრება თავგადასავალია, ფიქრების, წარმოსახვის, ოცნებების, მიზნების, იმედგაცრუების თავგადასავალი. ნატეხებად, ფრაგმენტებად ქცეული ცხოვრების გულწრფელი თავგადასავალი, რომელიც სავსეა შემთხვევითი წამოცდენებით და ენაზე მომდგარი სიტყვებით, სიხარულით და ტკივილით, მწარე სიმართლით და ყოველ ჯერზე საკუთარი მეს აღმოჩენით. 

სულს ამოხეთქვა და ლაპარაკი უნდა. თითოეული წიგნი თავისი სკივრიდან ფიქრის ნატეხს ამოიღებს და ალაპარაკებს, „თითქოს მარტო პირის გაღება კმარა, თითქოს მოდის სიტყვები საფქვავით, შენს ნებაზე, ან შენი ნების საწინააღმდეგოდ“.

თითოეული წიგნი საკუთარ თავგადასავალს ჰყვება გულწრფელად, მარტივად, სიხარულით. გიყვება არა იმას, რასაც ცხოვრობ, არამედ იმას, რასაც წარმოისახავ. თითოეული წიგნი დაგაფიქრებს, რომ „უცნობი კაცი მუდამ უფრო მეტია, ვიდრე თვითონ შეუძლია წარმოიდგინოს.“ და შენ, მოხიბლული ამ აღმოჩენებით, უფრო მეტ ბესარიონს ეძებ, იმ პრიალაჯოხიან ბოგანოს, რომელიც მიდის და მილაპარაკობს, რომ „გულწრფელობა შენივე მარტოობის მომასწავებელია“.

მეგობრებთან ერთად დიდი სიხარულით ვერთვები საინტერესო კამპანიაში, რომლის მიზანია მაღალმთიანი აჭარის 60-ზე მეტი სოფლის სკოლისა თუ ბიბლიოთეკისთვის მხატვრული და სპეციალური ლიტერატურის საჩუქრად მიწოდებაა. 

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: