ბათუმი,მთავარი,სიახლეები

52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

20.07.2021 • 5507
52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე სანაპირო ზოლი პლაჟის გარეშეა დარჩენილი. 52-მილიონიანი პროექტის ფარგლებში დამცავი კედლის გარდა, სასეირნო ბილიკი და პლაჟზე ჩასასვლელი კიბეებიც მოეწყო. კიბეებზე ჩახვალთ, მაგრამ პლაჟი არ დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, აქ ადამიანები მაინც ბანაობენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სანაპიროზე უზარმაზარი ლოდები ალაგია, რომელთა შორის ადვილი შესაძლებელია ადამიანი ჩავარდეს, ასევე იმას, რომ ლოდები ზღვაშიც ყრია – აქ ბანაობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე – ექსტრემი უფროა.

ბათუმი / 18.07.2021

პროექტის მიხედვით, დამცავი ნაგებობის აშენების შემდეგ აქ პლაჟი ხელოვნურად უნდა მოეწყოს, რისთვისაც ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში იქნება შესატანი. ნაგებობის მშენებლობის პერიოდში აქ ხრეში შეიტანეს და ხელოვნური პლაჟიც მოაწყვეს, თუმცა ზღვამ ის უკვე წარეცხა.

ვინ უნდა უზრუნველყოს ამ ნაგებობის მოვლა-შენახვა, ასევე ნაგებობის მიმდებარედ პლაჟის შენარჩუნება [ინერტული მასალის ხელოვნურად შეტანის გზით]? როდის უნდა დაიწყოს შეტანა, რა მოცულობის ინერტული მასალა იქნება შესატანი და რა პერიოდულობით? –

ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც მიმართა, რომელმაც პროექტი განახორციელა და ბათუმის მერიასაც, როგორც სანაპირო ზოლის მესაკუთრეს.

ჩვენს კითხვაზე კი ვერცერთი ამ უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

შესაბამისად, ვინაიდან არც ადგილობრივ და არც აჭარისა თუ სახელმწიფო ბიუჯეტებში თანხა ნატანის შესატანად გათვალისწინებული არ არის, ამასთან, იმის გათვალისწინებითაც, რომ ვერ დავადგინეთ ვინ უნდა აღადგინოს პლაჟი – გამოდის, ამ ზოლში პლაჟი არც მომავალ სეზონზე იქნება.

რეკომენდებულია თუ არა ამ მონაკვეთში ბანაობა, ან აკრძალული ხომ არ არის ზღვაში შესვლა, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ სამაშვლო სამსახურიდან და ბათუმის მერიიდან ელოდება / ბათუმი / 18.07.2021

„ბინა ვიყიდე იმიტომ, რომ ზღვასთან, პლაჟთან იყო ახლოს. წელს ჩვენი კორპუსის წინ და მიმდებარედ, ზღვაზე ჩასასვლელებიც გადაკეტილია, სანაპიროზე კი პლაჟის ნაცვლად ლოდები დაგვხვდა. ეს ლოდები ხომ სახიფათოა ნაპირზე. ლოდებია ზღვაშიც, სადაც ბანაობა უკვე საშიშია. ბათუმის ხიბლი ზღვა და პლაჟია და აქ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ტურიზმის განვითარებაზე თუ არა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ…“ – მოქალაქეების ამ გასაჭირზე „ბათუმელები“ გასულ წელსაც წერდა, თუმცა მას შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა. მეტიც, ზღვამ აქ პლაჟის ის ვიწრო ზოლიც მიიტაცა, რაც გასულ წელს იყო შემორჩენილი.

ბათუმი / 18.07.2021

„ბათუმელებმა“ წერილობით მუნიციპალური განვითარების ფონდს 2021 წლის 25 მარტს მიმართა. პასუხი კი ფონდიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ, 1-ელ ივლისს მოგვწერეს, ისიც არასრულად. ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ კი, ფონდიდან დამატებითი პასუხებიც მივიღეთ, თუმცა იმ მთავარ კითხვაზე პასუხი, რაც ზემოთ ვახსენეთ, მაინც არ გვაქვს.

ბათუმი / 18.07.2021

„ქ. ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამშენებლო ობიექტის სამშენებლო სამუშაოები ფონდმა განახორციელა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP) – პროექტი 4-ის ფარგლებში, საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 26 ოქტომბერს დადებული საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე.

აქედან გამომდინარე, ნაგებობის მოვლა-შენახვა, ასევე ნაგებობის მიმდებარე პლაჟის შენარჩუნების და მოვლა-პატრონობისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება სცილდება ფონდის ან/და მისი კონტრაქტორის უფლებამოსილებებს. შესაბამისად, გთხოვთ მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ შესაბამის ადგილობრივ კომპეტენტურ სტრუქტურებს“ – მოგვწერეს მუნიციპალური ფონდიდან 16 ივლისს.

ბათუმი / 18.07.2021

ფონდმა ასევე დაგვიზუსტა, რომ ამ დროისთვის სამუშაოებში 51,7 მილიონი ლარია გადახდილი: „თქვენს წერილში ნახსენებ კომპანიასთან (Struijk Group) ხელშეკრულება (Construction Works for Batumi Coastal protection – ღირებულებით 52,224,432.12 ლარი, საიდანაც დღევანდელი დღისათვის გადახდილია 51,794,891.00 ლარი) წარმოადგენს ობიექტის მშენებლობის/დეფექტებზე პასუხიმგებლობის პერიოდის და არა მოვლა-პატრონობის შესახებ ხელშეკრულებას. კონტრაქტორთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2020 წლის 5 ნოემბერს“.

ფონდს ასევე ვკითხეთ, ჩატარდა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან დღემდე აღნიშნული ნაგებობის დათვალიერება, შესწავლა მის მდგრადობაზე, ასევე მოვითხოვეთ ინფორმაცია შედეგების შესახებ.

„ამჟამად ობიექტის მშენებლობა დასრულებულია. იგი იმყოფება დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდში, რაც გულისხმობს, რომ თუ ოპერირების პერიოდში კონტრაქტორის მიერ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს გამოუვლინდება რაიმე ხარვეზი, საკუთარი სამუშაოს ასეთ ხარვეზს აღმოფხვრის კონტრაქტორი თავისი ხარჯით. კვლავ გავიმეორებთ, რომ ეს არ არის ოპერირების, მოვლა-პატრონობის და მისთვის საჭირო შესწავლა, ექსპერტიზა, დათვალიერება ან/და სხვა საქმიანობა.“ – მოგვწერეს ფონდიდან.

ბათუმი / 18.07.2021

ბათუმის მერიამ ფონდს მიწის ნაკვეთები ზღვისპირა ზოლში, ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისთვის, აღნაგობის უფლებით 2016 წელს გადასცა 2019 წლამდე ვადით.

ფონდზ აღნაგობის უფლებით ის ნაკვეთებიც გადაეცა, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, „ბათუმელებმა“ ფონდ ჰკითხა: ხომ არ იგეგმება ამ ნაკვეთზე ნაპირდამცავი ნაგებობის აშენება [თუ კი – რა ეტაპზეა შესწავლა/პროექტირება/არის თუ არა დაფინანსება და ა.შ.]

„აღნიშნულ ნაკვეთზე ფონდის სარგებლობის უფლების ვადა ამოწურულია. ამ ეტაპზე ფონდის დავალებებში არ არის მოცემული აღნიშნულ ნაკვეთზე რაიმე სამშენებლო სამუშაოს განხორციელება.“ – მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.

ანალოგიური და სხვა კითხვებით „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიასაც მიმართა. მერიიდან ასევე ვითხოვდით ინფორმაციას სამომავლოდ ვის უნდა გადაეცეს აღნიშნული ნაგებობა საკუთრებაში მოვლა-შენახვის მიზნით? ასევე იმ დოკუმენტების [წერილები და სხვ.] ასლებს, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ან/და აჭარის მთავრობიდან ბათუმის მერიაში გამოიგზავნა, ასევე მერიის მხრიდან ფონდში/მთავრობაში გაგზავნილი საპასუხო წერილების ასლები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს ეხება.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს მიერ პლაჟის აღნიშნულ მონაკვეთებზე განხორციელებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლის გამაგრების სამშენებლო სამუშაოები. სარგებლობის ვადის ამოწურვის გამო, ამჟამად ხორციელდება აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში (უფლებათა რეესტრში) ჯერ კიდევ რეგისტრირებული სარგებლობის ჩანაწერების გაუქმების ღონისძიებები.

გაზეთ „ბათუმელები“-ს წერილში მითითებულ სხვა საკითხებზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ მოიპოვება.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

ნაპირსამაგრი ნაგებობის სიგრძე 1700 მეტრია. აქედან 500 მეტრი იმ ნაკვეთზეა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზეა.

მოკლე მონაკვეთი ნაპირსამაგრ ნაგებობასთან, სადაც პლაჟია შემორჩენილი / ბათუმი / 18.07.2021

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: