მთავარი,სიახლეები

დაპირისპირება ციხის უფროსთან, რის გამოც მას ციხეში უპირებენ შებრუნებას – ლეონიდეს ამბავი

18.07.2021 • 4619
დაპირისპირება ციხის უფროსთან, რის გამოც მას ციხეში უპირებენ შებრუნებას – ლეონიდეს ამბავი

„როცა სვამ კითხვებს და აპროტესტებ, სისტემა ყოველთვის გიპირისპირდება, ძალიან რთულია. როცა სისტემა გეჯახება, თითქოს ყველა პირს კრავს შენს წინააღმდეგ. ხვდები, რომ იტანჯები, მაგრამ უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია რა,“ – გვიყვება ლეონიდე მიქაბერიძე. ის ყოფილი პატიმარია და ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმის ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა.

გამორიცხული არაა, ლეონიდე რამდენიმე დღეში ისევ ციხეში დაბრუნდეს. მას გამოძიება ამჯერად ციხის უფროსის მოადგილესთან ჩხუბს ედავება და ბრალის დადასტურების შემთხვევაში 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ლეონიდე მიქაბერიძე პატიმრობის დროს ხშირად აპროტესტებდა ციხის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას სასამართლო დავაც აქვს მოგებული სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. ლეონიდე მიქაბერიძემ პატიმრობის დროს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოშიც უჩივლა.

ყოფილი პატიმარი ჩვენთან შეხვედრის დროსაც საუბარს სამართლებრივ დეტალებზე იწყებს – მტკიცებულებებზე, რაც, მისი აზრით, წინააღმდეგობრივია მის საქმეში და კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმები დარღვეულია. ლეონიდე პროფესიით იურისტი არაა, თუმცა ციხეში ყოფნის დროს საჩივრების დროს კოდექსების გულდასმით გაცნობა მოუხდა.

როდის და რატომ დაიწყო ციხეში ლეონიდე მიქაბერიძემ წერილების და საჩივრების წერა?

„ეს ჩემი შვილის გამო მოხდა, მანამდე საჩივარი არ დამიწერია,“ – გვიყვება ლეონიდე და ციხის ადმინისტრაციასთან პირველ კონფლიქტს იხსენებს, როცა ტელეფონით დაურეკა დედამ და უთხრა, შენი შვილი დაიბადა, მამა გახდიო.

ლეონიდეს პაემანზე შვილის ნახვის უფლება არ მისცეს.

„მითხრეს, რომ ეს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა… მაშინ დავიწყე საჩივრების წერა. შემდეგაც ვიდავე ხანგრძლივი პაემნების უფლების შესახებ. მეუბნებოდნენ, რომ რადგან სხვა საქმეზე ბრალდებული ხარ, არ გაქვს ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობის უფლებაო. ეს მაშინ, როცა უკვე მსჯავრდებული ვიყავი და ბრალდებულიც. საბოლოოდ, სასამართლო მოვიგე და დადგინდა, რომ მქონდა ხანგრძლივი პაემნების უფლება. ჩემი შვილი პირველად 2017 წლის ივნისში ვნახე, ბავშვი სამი წლის ხდებოდა უკვე,“ – ამბობს ლეონიდე.

ლეონიდეს ეღიმება, როცა ვეკითხები, თუ გაქვთ დათვლილი ჯამში რამდენი წერილი გაქვს გამოგზავნილი პატიმრობის ყოფნის დროს-მეთქი. თავს აქნევს, აღარ მახსოვსო და მერე ირონიით გვიყვება ციხიდან სახალხო დამცველისთვის, თუ ჟურნალისტებისთვის წერილების გაგზავნა როგორ გახდა ბათუმის ციხის დირექტორის მოადგილესთან დაპირისპირების მიზეზი.

„ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ რაღაც წერილები არ იყო გაგზავნილი, გადავამოწმე და არ იყო მისული ადრესატამდე. ჩვენ არანაირ დოკუმენტს არ გვაძლევდნენ ციხეში, რითაც დაადასტურებდი, რომ წერილი ნამდვილად გააგზავნე. სადაა ჩემი წერილიო, რომ იკითხავდი ციხის ადმინისტრაციაში, არ ჩაგიბარებიაო, გეტყოდნენ და ვერაფერს აკეთებდი. ამის გამო მე და კიდევ რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დავიწყეთ. ამ დროს დამელაპარაკა ბექა გაგნიძე, ბათუმის ციხის დირექტორის მოადგილე, დამპირდა, რომ წერილების გაგზავნაში ხელი არ შემეშლებოდა და კაცურ სიტყვას გვაძლევდა… ჩვენ მაინც განვაგრძეთ შიმშილობა და იუკადრისა, ჩემს სიტყვას როგორ არ ეცით პატივიო.

კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა დეესკალაციის ოთახში გადამიყვანეს. ეს ოთახი რეალურად იმისთვისაა, რომ ადამიანმა თვითდაზიანება არ მიიყენოს და სხვას არ მიაყენოს ზიანი. სინამდვილეში კი უსაფრთხოებისთვის კი არა, დასჯისთვის იყენებენ დეესკალაციის ოთახს და სულ ასეა,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ლეონიდე დეტალურად აღწერს დეესკალაციის ოთახს, თუმცა უფრო მტკივნეულად იქ გატარებული მარტოობა ახსოვს:

„ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოთახია, მაგრამ იქ არც საწოლია, არც მაგიდა, სკამი, ღია ტუალეტია მხოლოდ და იატაკზე ლეიბია დაგებული. ოთახში დღის სინათლე არ აღწევს… თუ თვითდაზიანება გინდა, ხომ შეიძლება კედელს მიეხეთქო და თავი დაიზიანო? ბევრჯერ მიფიქრია ამაზე.

ყველაზე რთული ისაა, როცა სრულიად მარტო რჩები და ვერავის ელაპარაკები. როცა მშვიდად ხარ და წესით გარეთ უნდა იყო, მაგრამ ვიღაცას ასე სურს და იქ ხარ გამოკეტილი. იცით, რამდენჯერ მითქვამს კონკრეტული უფლებით სარგებლობაზე უარი, ოღონდაც ჩემს საკანში ვინმე ყოფილიყო? ადმინისტრაციაშიც იციან, რომ მარტოობაა ყველაზე დიდი სასჯელია. შესაძლოა, ჩვეულებრივ საკანში შეგიყვანონ და მარტო დაგტოვონ.

ერთი თანამოსაკნე მყავდა, სასწაულ ისტორიას ნახავდი მაგის განაჩენში: იქ ეწერა, მოწმემ როგორ თქვა სასამართლოში, რა დამავიწყებს მძარცველის სახეს, ეს კაცია ნამდვილადო და თურმე ბადრაგს დაადო ხელი. სასამართლოს ეს იმით აუხსნია, პირველად იყო მოწმე სასამართლოში, ნერვიულობდა და დაიბნაო.

თანამოსაკნე იყო ის ბიჭიც, რომელიც თან მახლდა ციხის კორიდორში, როცა ინსპექტორ-კონტროლიორს თითქოს სახეში დავარტყი ხელი. ესეც ჩემი ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდია. ციხიდან როცა გამოვედი, გავიგე, რომ იმ ბიჭს – ნიკას თავი მოუკლას. ციხეში გაუგია დედის გარდაცვალება, დაკრძალვის დღეს აბაზანაში შესულა და… ნიკა 25 წლისაც არ იყო,“ – გვიყვება ლეონიდე.

ლეონიდე მიქაბერიძე 2015 წელს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის გაასამართლეს. ამჯერად მას სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი. ეს მუხლი გულისხმობს პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაციას. მუხლის მეხუთე ნაწილი კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიერ ამ მუხლის დარღვევაზე 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლეონიდე მიქაბერიძის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თათია გოგოლაური განიხილავს. ის რამდენიმე დღეში ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს და განაჩენს გამოაცხადებს.

ლეონიდე მიქაბერიძის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას სამ ეპიზოდში ედავება დანაშაულის ჩადენას პროკურატურა. პირველ შემთხვევაში, გამოძიების ვერსიით, საპატიმრო დაწესებულებაში ლეონიდემ კონტროლიორს სახეში ხელი დაარტყა, მერე ეპიზოდის მიხედვით, პატიმარმა ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე ბექა გაგნიძეს დაარტყა სახეში ხელი, ხოლო მესამე ეპიზოდში ლეონიდე მიქაბერიძემ ინსპექტორს ელექტრო მადუღარადან შეასხა ცხელი წყალი. ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებებია.

„მაგრამ სასამართლო პროცესზე, მაგალითად, ციხის ექიმმა დაადასტურა, რომ მას არ უნდა შეევსო ციხის უფროსის მოადგლისთვის ფორმა 100, ეს არ იყო მისი უფლებამოსილება და არ შეავსებდა სხვას რომ ეთხოვა… ციხის ექიმმა დაწერა, რომ ბექა გაგნიძეს დაზიანება ჰქონდა, სიწითლე სახის არეში, ექსპერტიზით კი დაზიანება არ დადგინდა. ექსპერტიზის მიხედვით არც სხვა პირების დაზიანება დადგინდა“, – ამბობს ლეონიდე მიქაბერიძე.

ყოფილი პატიმარი ყურადღებას ამახვილებს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე, რომელიც საქმეში სრულყოფილად წარმოდგენილი არ არის.

„საინტერესოა, რატომ არ ჩანს ამ კადრებში ის მონაკვეთი, თუკი მე ვინმეს ვცემ და ვაზიანებ? კადრებში არც ის ჩანს, რომ მე მირტყეს,“ – აღნიშნა ლეონიდემ და 2016 წლის ბოლოს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც „ლეონიდე მიქაბერიძეს აღენიშნებოდა დაზიანება ზედაპირული ნაჭდევის სახით მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად“.

ციხიდან გამოსვლამდე პატიმარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვისაც მიუმართავს.

„ამ წერილით ინსპექტორი ადასტურებს, რომ სათვალთვალო კამერებიდან კადრების ამოღებას სჭირდება მოსამართლის განჩინება, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გარეშე ამოიღეს ჩემზე ჩანაწერები, ესეც დარღვევაა,“ – მორიგ წერილს გვაცნობს ყოფილი პატიმარი.

ყოფილი პატიმარი გვიზიარებს მოსაზრებას იმაზეც, როგორ შეეცვალა გენდერული სტერეოტიპები.

„რასაც დავაკვირდი, კაცები რასაც კადრულობენ, იმას არ იკადრებს ქალი. ისინი სხვანაირი გაბედულები არიან… ციხის ადმინისტრაციის კაც თანამშრომლებს ისე იყენებენ მოწმეებად და ისე გეტყვიან, ესაა სიმართლეო, გაოცდები, თვალს არ დაახამხამებენ, ქალებს კი, ამას ვერ უბედავენ, თუ რა ხდება, არ ვიცი,“ – გვითხრა ლეონიდემ.

ლეონიდე მიქაბერიძე ბათუმში ცხოვრობს დედასთან, ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. საუბრის ბოლოს კი დასძენს, ახლაც უმუშევარი ვარო.

„ახლაც უმუშევარი ვარ. ვინ ამიყვანს სამსახურში, დღე-დღეზე შესაძლოა ისევ დამაკავონ,“ – გაღიმება სცადა ლეონიდემ.

———————–

ლეონიდე მიქაბერიძის სარჩელზე ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ლეონიდე მიქაბერიძე 2016 წელს დავობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ. მაშინაც მას მსჯავრდებულთან ერთად უკვე ბრალდებულის სტატუსიც ჰქონდა, ხოლო ციხის ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნებით სარგებლობაზე უარს ეუბნებოდა – კანონით ბრალდებულებს ხანგრძლივი პაემნის უფლება არ აქვთ. მაშინ ლეონიდე მიქაბერიძემ სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში მოიგო.

2016 წელს ლეონიდე მიქაბერიძის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი ერთ-ერთი წერილი ციხიდან გასვლის ან დაბრუნების დროს გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების ვალდებულებას ეხებოდა, რაზეც პატიმარი უარს ამბობდა. ამ მიზეზით იგი საკუთარ სასამართლო პროცესებს ვერ ესწრებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა ბუქნების გაკეთებასა და გაშიშვლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უკანონოდ მიიჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: