მთავარი,სიახლეები

ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებმა სასამართლოში დავა წააგეს

07.07.2021 • 4334
ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებმა სასამართლოში დავა წააგეს

„ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეებმა სასამართლო დავა წააგეს. გადაწყვეტილება მოსამართლე როინ კახიძემ მიიღო.

საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“.

ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად შეესრულებინა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები, სამშობიაროში ქვემოიჯარე შემოიყვანეს – „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ქვემოიჯარეს მილიონ 200 ათასის ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და კიდევ სხვა ვალდებულებები. მოსარჩელეების მტკიცებით, ქვემოიჯარემ ვალდებულებები არ შეასრულა და კომპანიამ ბათუმის სამშობიარო სახლი უნდა დატოვოს. ექიმები ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროცესია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ბათუმის სამშობიარო სახლის სრულად გაკოტრების შემთხვევაში სახელმწიფო ამ შენობას და სარფიან ადგილსაც გაყიდის.

ქვემოიჯარის მტკიცებით კი, ექიმების მოთხოვნები უსაფუძვლოა და კომპანია ვალდებულებებს ასრულებს.

ზიანის ანაზღაურება, ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების მოშლა და დირექტორის გათავისუფლება – ეს სამი მოთხოვნა ჰქონდათ  მოსარჩელეებს, რომელთა ნაწილი უკვე ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელიც აღარაა და წუხს იმაზე, რომ სახელმწიფო პირგასამტეხლოს მათ მოსთხოვს, რადგან მეიჯარეები თავად არიან.

მოსამართლე როინ კახიძემ სარჩელის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ქვემოიჯარემ დაიწყო ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რაც აცნობა სასამართლოს,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსარჩელე ნანა შერვაშიძე „ბათუმელებთან“. მისი თქმით, საბანკო გარანტია – 200 ათასი ლარი ქვემოიჯარემ გადაიხადა და ასევე იჯარის თანხა 80 ათასი ლარი.

„ოთხი წელი არ იხდიდნენ ამას, ახლა გადაიხადეს, ვფიქრობ ამის გამო აღარ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოივნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„თანხის გადახდა არაა კავშირში სასარჩელო მოთხოვნებთან,“ – ამბობს „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ იურისტი, სიმონ ასათიანი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურება იყო, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ შევასრულეთ ფინანსური ვალდებულებები იმ ვადაში, რა ვადაც გვქონდა… მოსარჩელეს ზიანის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სასამართლოში არ წარმოუდგენია, რადგან ეს ტანხა გადახდილია, ჩამოიწერება პირგასამტეხლოც. რეალურად ზიანი არ არსებობს,“ – აღნიშნა სიმონა ასათიანმა.

ამ თემაზე:

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: