ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სამინისტრო აჭარაში გასაყიდი მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს არ ასაჯაროებს

07.07.2021 • 1862
სამინისტრო აჭარაში გასაყიდი მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს არ ასაჯაროებს

აჭარის მთავრობის გათვლებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 2021 წელს მიწების გაყიდვის ხარჯზე 62 მილიონი ლარით გაიზრდება. თუმცა კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთების გაყიდვა/პრივატიზება არის დაგეგმილი, მთავრობა არ ასაჯაროებს.

აჭარის მთავრობა 2021 წელს მიწების გაყიდვიდან ბიუჯეტში 89 მილიონ ლარს ელოდება, იანვრიდან 5 ივლისამდე პერიოდში კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, სამინისტრომ მხოლოდ მიწის 8 ნაკვეთი [შენობით თუ მის გარეშე] გაყიდა, ჯამში, 3 706 100 ლარად.

თუმცა, სამინისტროსგან მიღებულ პრივატიზებული ქონებების ნუსხა [„პრივატიზებული ქონებების ობიექტთა ნუსხა 2021წ.“] არასრულია. სამინისტრომ წელს ელექტრონულ აუქციონზე 30 063 000 ლარად გაყიდა მიწის ნაკვეთი ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, თუმცა ეს ნაკვეთი, რომელიც „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა, სამინისტროდან მიღებულ ნუსხაში არ არის.

6 ივლისის მდგომარეობით სამინისტრო აჭარაში მდებარე 18 ნაკვეთს ყიდის ელექტრონულ აუქციონზე. მათგან რამდენიმეს განმეორებით.

სამინისტროს ყველა იმ ქონების პრივატიზების უფლება აქვს, რომელიც აჭარის საკუთრებაშია და  რომლის პრივატიზებაც კანონით არ იკრძალება – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

აჭარაში საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა [გაყიდვის პირობების, საკადასტრო კოდების, საწყისი საპრივატიზებო თანხისა და პრივატიზების ფორმის მითითებით] „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ოფიციალურად, წერილობით გამოითხოვა. რომელი ქონების პრივატიზებას გეგმავს წელს მთავრობა, სამინისტრომ ჩამონათვალი არ მოგვაწოდა.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა არ საჭიროებს ცალკე სამართლებრივი აქტით დამტკიცებას და სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ყველა იმ ქონების პრივატიზება, რომელიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით არ იკრძალება მისი პრივატიზება“, – მოგვწერეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან.

აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონით პრივატიზებას არ ექვემდებარება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ქონება.

 

 

ამავე თემაზე:

როგორ იხარჯება მილიონები აჭარის ბიუჯეტიდან – აუდიტის კრიტიკული დასკვნა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: