მთავარი,სიახლეები

ბათუმი აღარ იქნება ადგილი, სადაც შეიძლება მოიზიდო ტურისტები – მამუკა ხაზარაძე 

20.06.2021 • 3819
ბათუმი აღარ იქნება ადგილი, სადაც შეიძლება მოიზიდო ტურისტები – მამუკა ხაზარაძე 

„ლელოს“ ლიდერს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ბათუმის განაშენიანებაზე ვკითხეთ. დეპუტატის პროგნოზი ბათუმის მცხოვრებთა პერსპექტივაზე არ არის სახარბიელო. ნახეთ რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე მილიონერი ბიზნესმენის ახირებაზე, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში 17-სართულიან შენობას აშენებს. როგორ უნდა შეაჩერონ ქალაქებმა გავლენიანი პირების ახირებები და თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ რა ელით ამ ქალაქებში მცხოვრებთ. „ბათუმელების“ კითხვებს მამუკა ხაზარაძე პასუხობს.

  •  ბატონო მამუკა, თქვენ დაწერეთ ფეისბუქის პირად გვერდზე ფრაზა – როცაავაშენოთმიტინგები აჯობებსარ ავაშენოთმიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას. დღეს ჩვენს ქვეყანაშიარ ავაშენოთმიტინგები სჭარბობს. თქვენთვის ეს რაზე მიუთითებს?

როცა ადამიანებს აქვთ პროტესტი „არ ავაშენოთ“, ამას აქვს თავისი მიზეზი  – ცუდად აშენებას ჯობია არ ააშენო. მე მესმის ამ ადამიანების. ბევრი მიზეზის გამო, კორუფციის, სიხარბის, ბევრი კვადრატული მეტრის გამო, საზოგადოებრივი სივრცეების მოპარვის ხარჯზე და ასე შემდეგ ჩვენ ვერ, არ დავამკვიდრეთ თანამედროვე მიდგომებით მშენებლობის სტანდარტი, სადაც დაცულია ადამიანების უფლებები. არ აქვს მნიშვნელობა ეს მშენებლობა იქნება ჰიდრო თუ უბრალოდ საცხოვრებელი სახლი ან კომპლექსი.

ჩემს სტატუსში მიწერია ისიც, როგორ უნდა აშენდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთელი კონტექსტი ვნახოთ. ავაშენოთ უმაღლესი სტანდარტით, რადგან მეორეჯერ ვერ დავუბრუნდებით მშენებლობებს. იმდენად შეიძლება გაფუჭდეს ყველაფერი, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იქნება, კორპუსებს ხომ ვეღარ დავანგრევთ.

  • ბათუმში „არ ავაშენოთ“ აქციები ხშირად იმართება, ბოლო პერიოდში უმეტად ეს უკავშირდება „ამბასადორის“ მშენებლობას ბულვარში.

რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს: ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც უარს იტყვის ამ დანაშაულებრივ მიდგომაზე, რაც თუნდაც ბათუმში ხდება ბოლო წლებში. ვერავინ შემაცვლევინებს აზრს, რომ ისე როგორც შენდება, კარგია ბათუმის მომავლისთვის, როგორც მიდის ბულვარის თემა, ბეტონის კედლის შენება ზღვის მიმართულებით, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა ექნება მომავალში.

პრობლემა იქნება უძრავი ქონების ფასთან მიმართებაშიც, რაც პირდაპირ იმოქმედებს მცხოვრებლებზე, ვისაც რაიმე ქონება გააჩნია. უძრავი ქონების განვითარება ისე უნდა მოხდეს, რომ მისი ღირებულება გაიზარდოს და არ დაეცეს წლების განმავლობაში.

განაშენიანება როგორც მიდის, ევროპული გამოცდილების გარეშე, ზღვის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, ეს დიდ დაღს ასვამს და მომავალშიც დაასვამს ბათუმს. ეს აღარ იქნება საინტერესო ადგილი, სადაც შეიძლება მოიზიდო ტურისტები, რომლებიც აქ ფულს დახარჯავენ.

შენობა, რომელსაც არ აქვს პარკინგი, გამწვანების ზონა, რომელიც ეფარება სხვა ინვესტორს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ იმ იმედით ააშენა დაბალსართულიანი, რომ ჰქონდა გარანტია, წინ არავინ არაფერს ჩაუდგამდა… ფაქტია, რომ ამ მთავრობამ და წინა მთავრობამაც ამით ხელი მოითბო, ამას „აპრავებდნენ“ – ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთო. უნდა ვაშენოთ, მაგრამ ხარისხიანად და სტანდარტებით, ეს არის პირველი ამოცანა.

  • გადაწყვეტილების მიმღებნი ამ კრიტიკაზე აცხადებენ, რომ ისინი კანონის მიხედვით მოქმედებენ. 

თბილისი და ბათუმი კარგი მაგალითია და შეიძლება ძალიან ბევრი მსგავსების ნახვა – ორი ქალაქია, სადაც ინტენსიურად მიდის მშენებლობა და ძირითადად იგივე კომპანიები მოქმედებენ ორივე ქალაქში. საკანონმდებლო ორგანოში შემოსულია პროექტი სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით თბილისში, რომელიც მე სერიოზულად გავაპროტესტე.

თუ ამნისტია შეეხება რიგით მოქალაქეს, რომელმაც ლოჯი მიაშენა რამდენიმე წლის წინა – კი ბატონო, შეიძლება პატიება, მაგრამ კომპანიები, რომლებმაც მიიტაცეს საზოგადოებრივი მიწა, სახელმწიფოს სკვერი, სარეკრეაციო ზონა, რვა სართულის ნაცვლად 15 სართული ააშენეს და დღეს ითხოვენ ამნისტირებას…

მოვითხოვე ასი კომპანიის სია და ინფორმაცია – რა დაარღვიეს, რა ჯარიმა დაეკისრათ, რა უნდა ვაპატიოთ, არიან თუ არა იმ კომპანიების სიაში, ვისაც სახელმწიფო  პანდემიის დროს დაეხმარა. გარდა ამისა, სად არის ჩამკეტი მექანიზმი, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდება, 12 000 შემთხვევაზე გვაქვს საუბარი, მე მხოლოდ 100 ყველაზე მსხვილი მაგალითი მოვითხოვე, როდესაც ამ სიას ნახავთ, მიხვდებით, რომ სერიოზულ კორუფციასთან გვაქვს საქმე.

  • თქვენი აზრით, მაგ სიაში კონკრეტული სახელები და გვარები გამოიკვეთება?

რა თქმა უნდა და თუ გამოიკვეთება, რომ ინტენსიური დარღვევები გვაქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში… ეს საკმაოდ დიდი კორუფციული სქემაა, როცა იცი, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული იქნება ეს [ამნისტიის] პროექტი. აი, ეს არის პრობლემა. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისზე როცა გაიტანენ, შემდეგ შეიძლება მთელ ქვეყანაზე გაავრცელონ ეს ყველაფერი.

  • რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა, რომ საზოგადოებრივი სივრცეები ვეღარ მიიტაცონ, ვეღარ ააშენონ უკანონოდ და ქაოსურად?

ცხადია, მარტო მიტინგი და ბულვარი გადავარჩინოთ არ არის საკმარისი, ამას სისტემური მიდგომა სჭირდება, ასევე პარლამენტში ლობირება, კანონმდებლობა, პრესკონფერენციები, პრობლემების შექმნა. იმ ხალხის იდენტიფიკაციაა საჭირო, ვინც ამას ხელს აწერს, ეს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხება. ამას ემატება უზარმაზარი კორუფცია და შედეგად ვიღებთ დამახინჯებულ ქალაქებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ქალაქი, სადაც არ ხდება განიავება, სატრანსპორტო მოძრაობის ისე აწყობა, რომ გამონაბოლქვი არ იყოს.

  • ამბობთ, რომ ნების არარსებობასთან გვაქვს საქმე და საკანონმდებლო ცვლილებებით ამას ვერ მოვაგვარებთ?

ჩვენ ვიხდით ფულს ისეთი სამსახურისთვის, როგორიც არის ზედამხედველობა. როგორ შეიძლება სართულები დააშენოს ვიღაცამ, თუ მერიის სამსახური არის თავის დონეზე. გამორიცხულია, ფანჯარა შეცვალო ბათუმის ისტორიულ ნაწილში, იმ წუთშივე მოვარდება ზედამხედველობა, გაიძულებთ, რომ ეს ფანჯარა მოხსნათ, მაგრამ არ ეხებიან კომპანიებს. ჩვენ პირიქით გავაკეთეთ, თუ შეგვეძლო აგვეშენებინა 1 ჰექტარზე, ავაშენეთ მის 20 პროცენტზე, ვთქვით, რომ 80 პროცენტს ვაჩუქებთ ქალაქს. ჩვენ ამით შევქმენით პრეცედენტი. აი, ამ პროექტმა აიღო ლონდონში საუკეთესო დეველოპმენტის ჯილდო. როგორც ბიზნესმენებმა ძალიან ბევრი წავაგეთ, დათვლა ჩვენც ვიცით. სამაგიეროდ შევქმენით პრეცედენტი, რომ ადამიანს, რომელმაც იყიდა იქ ბინა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ექნება ის ხედი.

  • როგორც კანონმდებელმა მითხარით, როგორ შეიძლება ეს გამოცდილება კანონმდებლობაში განვავრცოთ ისე, რომ არც ინვესტორი დაზარალდეს და არც ქალაქი?

ბულვარის შემთხვევაში, ბულვარი ვისია? – თქვენია, ჩემია, არ აქვს მნიშვნელობა, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ბულვარი ისევე მიყვარს, როგორც თქვენ, ხომ არ შევეჯიბრებით. ჩვენი ამოცანა თუ არის  ბულვარის გადარჩენა, მაშინ ჩემი და თქვენი ხელმოწერის გარეშე იქ არაფერი არ უნდა შეიცვალოს – ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და გვეკუთვნის ჩვენ, საზოგადოებას. თუ ვინმე კანონს არღვევს ჩვენი არჩეული ან სხვისი არჩეული, ის უნდა გამოვააშკარაოთ, არავის რომ არ მოუვიდეს აზრად კულტურულ მემკვიდრეობას შეეხოს ისე, რომელიც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს.

  • ისევ საზოგადოების აქტიურობასთან მივედით?

საზოგადოების აქტიურობა ერთია და მეორე დაცვა იურიდიულად, უამრავი მექანიზმი არსებობს, რომ დაიცვა შენი უფლებები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ ეს არ გააკეთე და ერთ პრეცედენტზე არ ჩაკეტე, ხვალ ბულვარი აღარ გვექნება – სხვა ნებისმიერი იტყვის, ამას თუ ააშენებინეთ, მეც მაქვს იქ მიწა, კაფე მქონდა და ახლა მინდა, რომ მეც ავაშენო 16 სართულიო.

არც ერთ ზღვისპირა ქალაქში არ კეთდება ისე, რომ წინა რიგებში არის მაღალსართულიანი და უკანა რიგებში – დაბალსართულიანი [კორპუსები]. იმიტომ ხარ ხელისუფალი, რომ უნდა უთხრა – ამ სივრცეში თუ მოგეცი 50-სართულიანის აშენების უფლება, შენ პრაქტიკულად ზღვას კეტავ. რა ქნას იმან, ვინც ერთ კილომეტრში ცხოვრობს ზღვიდან.

თუ დღეს აშენებ 50-სართულიანს და ბინას ყიდი 25 000 დოლარად, დაბალი რომ აგეშენებინა, იმავე ბინას გაყიდდი 100 000  დოლარად. ვისაც უნდა ზღვის ხედი, მან უნდა გადაიხადოს ძვირი. მიწოდება უნდა იყოს ლიმიტირებული, თუ არ მაქვს ამდენი ფული, მეორე ზოლში ვიყიდი. ჩვენ იმიტომ ვიგონებთ ყველაფერს საწინააღმდეგოს, რომ მენტალურად კორუმპირებული მთავრობა გვყავს. ადამიანზე არ ფიქრობს, თავის თავზეც არ ფიქრობს. აქ ფულს რომ აკეთებს, ოჯახი მიყავს და ნიცაში ასვენებს, მერე აქ ჩამოდის და გვიკითხავს მორალს, რომ ამას არაფერი არ ეშველება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: